ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა და შვილიშვილებს თავი დაამახსოვროს იმით, რომ უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვის დედა, მამა, ბაბუა ან ბებია პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — ისაუბრონ და წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის ვასილ გონაშვილის შვილი — მარიტა გონაშვილი 13 წლისაა. იგი სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მე-7 კლასის მოსწავლეა. „სულ პატარაობიდან მინდოდა ვმდგარიყავი სცენაზე. ყოველთვის, როცა დედას მივყავდი კონცერტებზე, მეგონა — მე უნდა ავსულიყავი სცენაზე და მონაწილეობა მიმეღო კონცერტში. ხანდახან ასეც მოვქცეულვარ და ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მიმღერია და მიცეკვია სცენაზე. როცა 5 წლის გავხდი, მშობლებმა შემიყვანეს „ენკი-ბენკის“ სტუდიაში და იქ უკვე ნამდვილად ვიღებდი მონაწილეობას კონცერტებში. გადაღებული ვარ კლიპშიც და ძალიან მიხაროდა, როცა ამ კლიპის დამსახურებით მიცნობდნენ უცხო ბავშვები. შემდეგ ვოცნებობდი ბალერინობაზე და ამიტომ მშობლებმა შემიყვანეს ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში. იქაც ავიხდინე ჩემი ოცნებები და არაერთხელ ვიცეკვე ოპერისა და ბალეტის თეატრის და გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენებზე, მაგრამ როცა ცოტა გავიზარდე, ოცნებები და მიზნები შემეცვალა. ჩემთვის სცენაზე დგომა საოცნებო აღარ არის.
ახლა რამდენიმე პროფესია მომწონს, მაგრამ ზუსტად რომელს ავირჩევ მომავალში, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. გატაცებული ვარ ასტრონომიით, თან იურისტობაც მაინტერესებს, რადგან სურვილი მაქვს დავიცვა ბავშვის უფლებები. როცა გავიზრდები, რომელ პროფესიასაც ავირჩევ, იქ მინდა ვიყო პროფესიონალი და მიყვარდეს ჩემი საქმე“, — ამბობს მარიტა.