2021 წლის 16-19 ივნისს თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში (ZOOM-პლატფორმის გამოყენებით) ჩატარდა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ (AMINSE2020). კონფერენცია ეძღვნებოდა ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედ მათემატიკისა და ინფორმატიკის თბილისის საერთაშორისო ცენტრის (Tbilisi International Centre of Mathematics and Informatics — TICMI) დაარსებიდან 25 წლისთავს (1995-2000).
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების აქტუალურ პრობლემებს:
- უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები;
- მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა;
- ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა;
- ალგებრა.
კონფერენციაზე მოსმენილ იქნა თხუთმეტი 40-წუთიანი პლენარული მოხსენება, რომელთაგან 5 მოხსენება გააკეთეს ქართველმა მეცნიერებმა.
ფორუმი გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, TICMI-ის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ჯაიანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოკლე ინფორმაცია TICMI-ის ოცდახუთწლიანი საქმიანობის შესახებ. ფორუმის გახსნის მოხსენებით გამოვიდნენ ჰოლმ ალტენბახი (მაგდებურგის (გერმანია) ოტო-ვან-გურიკეს უნივერსიტეტის მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი) და რობერტო ნატალინი (იტალიის ეროვნული სამეცნიერი საბჭოს (CNR) მაურო პიკონეს სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი). დახურვის მოხსენებით გამოვიდა ფილიპ ლე ფლოჩი (სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS) წარმომადგენელი). მოსმენილ იქნა აგრეთვე 20-წუთიანი სექციური მოხსენებები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, იორდანიიდან, იტალიიდან, კანადიდან, ლუქსენბურგიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, აგრეთვე ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სოხუმის უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან, სტუ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტიდან, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის და ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის (გმი) ინსტიტუტებიდან. აღსანიშნავია, რომ მოხსენებით გამოვიდა ორი მაგისტრანტი - თამარ მესაბლიშვილი (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მარიამ რაშოიანი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). სხდომებს ესწრებოდნენ თსუ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები, რომლებიც არიან გმი-ს თანამშრომლები მოკლევადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე.
კონფერენციის მუშაობის შეჯამებისას უცხოელი მონაწილეების სახელით კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა პ.ე. რიჩიმ (UniNettuno Telematic University, რომი, იტალია), რომელმაც ხაზი გაუსვა კონფერენციის მაღალ დონეს, როგორც ორგანიზაციული, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, რაც განპირობებული იყო საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტისა (გ. ჯაიანი (თავმჯდომარე, საქართველო), ნ. ავაზაშვილი (საქართველო), ლ. ბეზნეა (რუმინეთი), ა. ბენჟედუ (საფრანგეთი), ა. ჩალდეა (იტალია), რ. დუდუჩავა (საქართველო), ა. ფიალოვსკი (უნგრეთი), ჰ. მელაძე (საქართველო), ა. მესხი (საქართველო), ვ. მიულერი (გერმანია), დ. ნატროშვილი (საქართველო), ო. ფურთუხია (საქართველო), ბ.-ვ. შულცე (გერმანია)) და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის (ნ. ჩინჩალაძე (თავმჯდომარე), მ. ბერიაშვილი (სწავლული მდივანი), ბ. დუნდუა, ბ. გულუა, მ. რუხაია) ქმედებებით. პ.ე. რიჩიმ აღნიშნა ურთიერთსასარგებლო დისკუსიების დიდი მნიშვნელობაც სხვადასხვა თაობის მონაწილეებისათვის.
* * *
ორიოდე სიტყვით თავად TICMI-ის შესახებ. ეს საერთაშორისო ცენტრი დაარსდა ევროპის მათემატიკური საზოგადოების, კერძოდ, მისი პირველი პრეზიდენტის, პროფესორ ფ. ჰირზებრუხის (F. Hirzebruch) მხარდაჭერით. ცენტრის მუშაობას წარმართავს საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი. კომიტეტის შემადგენლობის განახლება ხდება სამ წელიწადში ერთხელ და მისი შვიდი წევრიდან სამი ინიშნება ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების (EMS) აღმასრულებელი კომიტეტის მიერ. ცენტრის ძირითადი მიზნებია, უპირველეს ყოვლისა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთათვის დახმარების გაწევა მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გასაღრმავებლად, მეორე მხრივ კი, მსოფლიოში უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. ამის მისაღწევად TICMI ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ვორკშოპებს, აგრეთვე ლექციების გაღრმავებულ კურსებს, რომლებიც ეძღვნება ცენტრის და გმი-ს უშუალო სამეცნიერო ინტერესებით განსაზღვრულ თემატიკას და რომლებზედაც ლექტორებად იწვევს ცნობილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს.
დაარსების დღიდან ცენტრის მიერ ორგანიზებული იყო 23 სამეცნიერო ფორუმი და, გარდა ამისა, ის იყო 16 საერთაშორისო კონფერენციის და სიმპოზიუმის თანაორგანიზატორი. ცენტრი გამოსაცემად ამზადებს ორ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს Bulletin of TICMI და Lecture Notes of TICMI, რომლებიც იბეჭდება თსუ გამომცემლობის გრიფით. ორივე ჟურნალი ინდექსირებულია ბაზებში Mathematical Reviews/MathSciNet, Scopus, and Zentralblatt MATH/Mathematics Abstracts.
მიამზადეს მაია ტორაძემ
ნატალია ჩინჩალაძემ