Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კიდევ ერთი ფურცელი ქართულ-უკრაინულ კულტურათა დიალოგში

5 დეკემბერს უკრაინის საელჩომ საქართველოში თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნის - „სამოციანელები - XX საუკუნე“ პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებას უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, უკრაინის საელჩოს თანამშრომლები, უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი მწერლები და მთარგმნელები, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, კრებულში „სამოციანელები - XX საუკუნე“, რომელიც თსუ-ის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა, შესულია XX საუკუნის 60-იანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენლების ქართველ და უკრაინელ პოეტთა: ოთარ და თამაზ ჭილაძეების, ჯანსუღ ჩარკვიანის, დმიტრო პავლიჩკოს, ივან დრაჩის, ლინა კოსტენკოს, მიკოლა ვინგრანოვსკის, ვიტალი კოროტიჩის ლექსების თარგმანები. კრებულში დაბეჭდილია უნიკალური ფოტო მასალა ცნობილი პოეტის და მთარგმნელისა რაულ ჩილაჩავას, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ ჭილაძისა და საქართველოსა და უკრაინის მეცნიერებისა და კულტურის დამსახურებული მოღვაწის ოთარ ბაქანიძის არქივიდან. წიგნში, ასევე, გამოყენებულია უკრაინელი ავტორების მიერ საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები და მათი თარგმანები. აღსანიშნავია, რომ პოეტების ლექსების უმეტესობა პირველად საგანგებოდ კრებულისთვის ითარგმნა ქართველი მთარგმნელების: გიორგი წიბახაშვილის, რუსუდან ჭანტურიშვილის, ნინო ნასყიდაშვილის, ივანე მჭედელიძის, გელა არაბულის, თამარ ბაღათურიას და სოფიო ჩხატარაშვილის მიერ, ქართულიდან უკრაინული ლექსების თარგმანები კი ივან დრაჩის, დმიტრო პავლიჩკოს და ვიტალი კოროტიჩისა და ლუდმილა გრიციკის მიერ არის ნათარგმნი. კრებულში ასევე შესულია მიკოლა ვინგრანოვსკის, როგორც სამოციანელთა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, პოეზია, ასევე, ნია აბესაძის, რაულ ჩილაჩავას და ამირან ასანიძის თარგმანები. 
როგორც პრეზენტაციაზე საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა აღნიშნა, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების კუთხით ამგვარი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მოხარული ვარ, რომ უკრაინის საელჩო მასპინძლობს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. თავად კიევის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ და ჩემთვის ამ პოეტების სახელები მხოლოდ ქრესტომათიიდან არ არის ცნობილი - მათთან ასევე მეგობრული ურთიერთობაც მაკავშირებდა. ტრადიციულად ის მეგობრობა, რომელიც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს, თანამედროვე სამყაროში მეტად მნიშვნელოვანია. ხშირად, როდესაც ჩვენ გლობალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, სამწუხაროდ, ხელოვნებას ხშირად ზიანს ვაყენებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ არ მოვადუნოთ ყურადღება და დავიცვათ წიგნი. ჩვენ ასევე უნდა გავუფრთხილდეთ და განვავითაროთ მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღრმავებას, ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ კრებულის გამოცემის საქმეში“, - აღნიშნა იგორ დოლგოვმა.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ოთარ ბაქანიძის თქმით, წიგნის იდეის ავტორია ახალგაზრდა მეცნიერი სოფიო ჩხატარაშვილი. „კრებულში - „სამოციანელები“ - თავმოყრილი ქართველ და უკრაინელ პოეტთა ნაწარმოებები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ უკრაინული ნაწარმოებების თარგმანების უმეტესობა პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. კრებული მომზადდა და გამოიცა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის ხელშეწყობით. მადლობა გვინდა გადავუხადოთ, ასევე, მწერლების მემკვიდრეებს, რომლებმაც უნიკალური ფოტო მასალა მოგვაწოდეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს კრებულის გამოცემაში. აღსანიშნავია, რომ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკაინისტიკის ინსტიტუტში ეს ტრადიცია წარმატებით გრძელდება“, - აღნიშნა ოთარ ბაქანიძემ.
კრებულის შემდგენელის და რედაქტორის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტის, ფილოლოგიის დოქტორის სოფიო ჩხატარაშვილის თქმით, „უკრაინისტიკის ინსტიტუტში დაარსებიდან დღემდე გამოიცემა ორენოვანი კრებულები. ახალი წიგნი რიგით 33-ე გამოცემაა. აღსანიშნავია, რომ კრებულში შეტანილი ავტორები, გარდა იმისა, რომ თავისი ეპოქის გამორჩეული წარმომადგენლები არიან, მათ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთანაც. XX საუკუნის მეორე ნახევარში სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა „სამოციანელების“ სახელით თაობა, რომლებმაც ლიტერატურაში შემოიტანეს განსხვავებული ხედვა. მათი მოღვაწეობა ე.წ. „დათბობის პერიოდს” დაემთხვა. ეს ის ეპოქაა, როდესაც საბჭოთა სივრცეში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის საკითხმა წინა პლანზე წამოიწია. ახალგაზრდა მწერლებს ამ თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი მისია დაეკისრათ. „სამოციანელები“ - უკრაინული ლიტერატურის ისტორიაში ის ფენომენია, რომლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევა დღესაც აქტუალურია უკრაინულ ლიტერატურათმცოდნეობასა და დასავლურ სლავისტიკაში. ამიტომ ამ მწერლების შემოქმედების კვლევა და გაცნობა ორივე ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოფიო ჩხატარაშვილმა.
უკრაინისტიკის ინსტიტუტის სპეციალისტმა, ფილოლოგიის დოქტორმა ივანე მჭედელაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ წიგნის და, ზოგადად, „სამოციანელების“ კვლევის იდეა სოფიო ჩხატარაშვილს 2009 წელს კიევის უნივერსიტეტში თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის ლექციებზე დასწრებისას გაუჩნდა. „ამ იდეისა და მისი განხორციელების მოწმე და თანაზიარი ვარ. დღევანდელ დღეს ვულოცავ ქართველ და უკრაინელ მკითხველს“, - დასძინა ივანე მჭედელაძემ. 
ორენოვანი კრებულის - „სამოციანელები“ - უკრაინის საელჩოში გამართული პრეზენტაცია კიდევ ერთი ფურცელია (ამონარიდია) ქართულ-უკრაინულ ლიტერატურათა და კულტურათა დიალოგში.

შურთხია ბეროშვილი