Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ორი მეცნიერი ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი ორი უნივერსიტეტელი მეცნიერი ზაალ კოკაია და რამაზ გახოკიძე გახდა. 27 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში გამარჯვებულებს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრები, მისი თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორი ზვიად გაბისონია და მოწვეული სტუმრები.

„ტვინის დაზიანების დროს ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნის მექანიზმები და დაზიანებული ტვინის ღეროვანი ნერვული უჯრედებით ფუნქციური აღდგენის სტრატეგია“, - ასე ჰქვია ნაშრომთა ციკლს, რომლისთვისაც ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორი და თსუ-ის მოწვეული ლექტორი ზაალ კოკაია საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა. მეცნიერი პრემიაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ წარადგინა.
ამ ციკლზე მეცნიერები 2000 წლიდან მუშაობენ. ნაშრომები ძირითადად შვედეთში ხორციელდებოდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში საქართველოდან ბევრი დოქტორანტი იყო ჩართული.
„არც ვიცოდი და არანაირი ინფორმაცია არ მქონდა ჩემი კანდიდატურის წარდგენის შესახებ. უკვე შემდეგ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დიმიტრი კორძაიამ მითხრა, რომ ფაკულტეტი ჩემს წარდგენას აპირებდა. მიმაჩნია, რომ ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის, ეს მთელი ჯგუფისთვისაა, რომელთან ერთადაც მე წლებია ვმუშაობ. თანამედროვე მეცნიერება ინდივიდუალური ვერ იქნება, განსაკუთრებით ბიომედიცინა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდის ხანგრძლივი შრომა ამ პრემიით დაფასდა.
ეს ჯილდო მივუძღვენი ჩემს მეგობარს, არაჩვეულებრივ ექიმსა და დიდ პატრიოტს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც დღეს ცხინვალის საპყრობილეშია. დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ვაჟა დროზე და უვნებელი დაგვიბრუნდეს ჩვენ და, რაც მთავარია, თავის პაციენტებს“, - თქვა ჩვენთან საუბრისას ზაალ კოკაიამ.
ციკლი უწყვეტია და მუდმივად ვითარდება. მომავალ წლებში იგეგმება ზუსტი ჩვენება იმისა, თუ რა ფუნქციას ასრულებენ გადანერგილი ნეირონები, როდესაც ნერვული რკალის ნაწილები ხდებიან. უკვე არსებობს სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სპეციფიკურად გადანერგილი ნეირონების გამორთვა. როგორც ზაალ კოკაია აღნიშნავს, ყველა კვლევა არის ტრანსილაციური, ანუ მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ მომავალში ადამიანებში გამოიყენონ. თუმცა, თავდაპირველად, ჯერ ცხოველურ მოდელებში უნდა დასაბუთდეს ამ მოდელის ღირებულება, ეფექტურობა და უსაფრთხოება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ფიქრს ადამიანებისთვის მათ მიწოდებაზე.

* * *
თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოორგანული ქიმიის მიმართულების პროფესორს რამაზ გახოკიძეს პრემია ნაშრომთა ციკლისათვის - „ახალი ბიოორგანული მეთოდების გამოყენების პერსპექტივები“ - გადაეცა. ნაშრომები ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული. მეცნიერი პრემიაზე საქართველოს ქიმიურმა საზოგადოებამ წარადგინა, რომლის თავმჯდომარეც პროფესორი ნოდარ ლეკიშვილი გახლავთ.
„ეს პრემია ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და, ამავდროულად, მოულოდნელიც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, როიალი არ არის აწყობილიო, თორემ აუცილებლად დაუკრავდითო. ხუმრობით გეტყვით, უნდა ვეცადო - მეორედ დავიმსახურო პრემია, რათა აუცილებლად დავუკრა - ეს წახალისებაა ჩემთვის. ამ პრემიას განვიხილავ არა როგორც ჩემს აღიარებას, არამედ როგორც სახელმწიფოს ზრუნვას მეცნიერებაზე. ჩვენთვის არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო, ვიდრე თანადგომა. მეცნიერს ხელი უნდა შეუწყო, რომ მისი აღმოჩენები მთელ მსოფლიოს დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც სჭირდება მეცნიერების თანადგომა, რადგან მხოლოდ მაშინ იქნება ის ძლიერი. ეს ყველა ქვეყნისა თუ იმპერიის ძლიერმა მმართველმა იცოდა. დავით აღმაშენებელი და მისი მასწავლებელი გიორგი ჭყონდიდელი ავიღოთ, ან მაკედონელი და არისტოტელე. ნაპოლეონი რომ არა, მსოფლიოს არ ეყოლებოდა ამპერი, ვოლტა, ბერტოლე, პასტერი. ნაპოლეონი ლაბორატორიებშიც კი აკითხავდა და აჯილდოებდა მეცნიერებს - ახალისებდა. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - გვითხრა რამაზ გახოკიძემ. 
რამაზ გახოკიძე საქართველოში მოღვაწეობს. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგეა, ასევე გახლავთ ამერიკის ქიმიური საზოგადოებისა და ევროპული ეკოლოგიური კომიტეტის წევრი.

* * *
საქართველოს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში თქვა, რომ ამ პრემიით სახელმწიფოს საშუალება ეძლევა, დააფასოს და ფართო საზოგადოებას სხვადასხვა დარგში მოღვაწე მეცნიერები გააცნოს. „ეს არა მხოლოდ ქართული მეცნიერების ზეიმი და ჩვენი განთქმული მეცნიერების კიდევ ერთი აღიარებაა, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და წარმატების უტყუარი ნიშანია. ეს ის მოვლენაა, რომელიც ახალგაზრდა თაობას იმედით ავსებს, რომელიც გვაძლიერებს რწმენაში, რომ საქართველო დიდი შესაძლებლობების, უნიკალური ადამიანური რესურსებისა და პოტენციალის ქვეყანაა. ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ორ ისეთ დარგსა და მიმართულებას, რომელიც ქართული წარსულიდან დღემდე მოგვყვება - მედიცინა (ტყუილად არა ვართ მედეას სამშობლო) და ეკოლოგია (ბუნების დაცვა და მასთან თანაარსებობა, ანუ ვაჟას სწავლება) და მგონია, რომ ეს ძალიან სიმბოლურია. მივესალმები კომისიის დღევანდელ არჩევანს“, - თქვა თავის სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო პრემია 1995 წელს დაარსდა. შემდეგ იგი დაიყო და დაწესდა ეროვნული პრემია, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიები. წელს კომისიაში 19 განაცხადი შევიდა. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნების, მეცნიერების ან/და ლიტერატურის სფეროში.
სახელმწიფო პრემიის ლაურეატებს სპეციალური სამკერდე ნიშანი, დიპლომი და 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ. პრემია მეცნიერს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაო აღიარების მქონე ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის გადაეცემა. 

ლიანა მარქარიანი