ორი წლის წინ ქართველმა პროგრამისტებმა შექმნეს საინტერესო პროგრამა Stack, რომელმაც დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს გახლავთ პირველი ქართული წარმოშობის სტარტაპი, რომელიც ინტერნეტ-ბრაუზერის ალტერნატივაა და ინტერნეტში მუშაობის ორგანიზებულ ფორმას ქმნის.
იდეა 2018 წელს ძალზე უბრალოდ – პირადი მოხმარებისთვის გაჩნდა: „ვმუშაობდი ჰოლანდიურ ბანკში, სადაც შეზღუდვა გვქონდა სოციალურ ქსელებთან წვდომაზე. იმის გამო, რომ მაინც მინდოდა,თვალი მედევნებინა სიახლეებისთვის და დიდი დრო არ დამეხარჯა ამაზე, პირადი მოხმარებისთვის დავწერე პროგრამა, რომელსაც მხოლოდ მე ვიყენებდი. ის, სხვადასხვა ფანჯრის ჰორიზონტალურად განთავსების და მათზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობის გამო, იმდენად კომფორტული აღმოჩნდა, რომ ავტვირთე Product Hunt-ზე, სადაც ძირითადად ახალი ციფრული პროდუქცია იტვირთება. აღმოჩნდა, რომ ჩემს დაწერილ პროგრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ბევრს სურდა, ერთ ეკრანზე ბევრი აპლიკაცია ჰქონოდა განთავსებული და ისე ემუშავა ინტერნეტში. ასე გადაიზარდა პროგრამა რეალურ პროექტში“, – ამბობს ჩვენთან საუბარში პროგრამის ავტორი ზვიად სიჭინავა.
Stack-ზე მოპოვებულმა გამოხმაურებებმა ჯგუფს, რომელთან ერთადაც ზვიად სიჭინავა სულ სხვა პროექტზე მუშაობდა, გეგმები შეუცვალა. მათ მთელი ყურადღება სწორედ ამ პროგრამაზე გადაიტანეს და დღეს უკვე გუნდი, რომლის წევრთა უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, საერთაშორისო ინვესტორებისგან მიღებული დაფინანსების კომპანიის სწრაფი განვითარებისთვის განაწილებას გეგმავს.
„თავდაპირველად მე, ზვიადი, დაჩი და დათო ვმუშაობდით სულ სხვა პროექტზე, რომელსაც ადამიანებისთვის ერთხელ ნასწავლი საკითხის სამუდამოდ დამახსოვრება უნდა გაემარტივებინა. ამ პროექტზე მუშაობის პროცესში დაწერა ზვიადმა Stack-ი. მასში თავიდან მარტო სოციალური ქსელები იხსნებოდა. მას შემდეგ, რაც ის Product Hunt-ზე აიტვირთა, წამოვიდა დიდი გამოხმაურება. აღმოჩნდა, რომ მომხმარებლებს სურდათ, ამ ბრაუზერით არა მხოლოდ Facebook, Twitter, Instagram, Linkedin-ი და სხვა სოციალური პლატფორმები ყოფილიყო ხელმისაწვდომი, არამედ სხვა ტიპის აპლიკაციებით ერთდრულად სარგებლობაც — მაგალითად მეილით, მესინჯერით და ა.შ., რაც მათ ინტერნეტში მუშაობას გაუადვილებდა. ზვიადმა შემოგვთავაზა, რომ დაგვენებებინა თავი დამახსოვრების გამაიოლებელ აპლიკაციაზე მუშაობისთვის და სრულად გადავრთულიყავით Stack-ზე. ასე გადავწყვიტეთ ამ აპლიკაციაზე მუშაობა, რამაც დიდი საერთაშორისო დაფინანსება მოგვიტანა“, – გვითხრა კომპანია Stack-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ლალიაშვილმა.
გუნდმა ბოლო პერიოდში სოლიდური ინვესტიცია მოიზიდა. 850 000 დოლარი, რომელიც დღეს მათ მიერ მოზიდული თანხაა, შესაძლებლობას მისცემთ კომპანია სწორად განავითარონ. როგორც გიორგი ლალიაშვილი ამბობს, გარდა დაფინანსებისა, საგულისხმოა ის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამ გუნდში დიდ რესურსს დებენ და ეს არაა მხოლოდ ფინანსები, ეს არის დახმარება გლობალურ ბაზარზე გასასვლელად, რომ აპლიკაციამ, რომელიც დღეს 30000-ზე მეტ მომხმარებელს ითვლის, კიდევ უფრო გაზარდოს მათი რაოდენობა და ამერიკასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებთან ერთად, სადაც დღეს ეს აპლიკაცია გავრცელებულია, სხვა ქვეყნების მომხმარებლებსაც გაუმარტივოს ინტერნეტის გამოყენება. ამისთვის ისინი გეგმავენ სამუშაო მივლინებებს ევროპასა და ამერიკაში, სადაც აპლიკაცია ყველაზე პოპულარული და მათ მომხმარებლებზე მორგებულია.
რა არის Stack და რით განსხვავდება ის სხვა ბრაუზერებისაგან? როგორც მისი ავტორი ზვიად სიჭინავა ამბობს, ესაა ბრაუზერი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა, მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობი და შეჩვეული აპლიკაციებისაგან. „Stack-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ბრაუზერებისგან არის უნიკალური დიზაინი. სხვა ბრაუზერები (Google Chrome, Internet Explorer, Opera და სხვ.) შეიქმნა 25-ზე მეტი წლის წინ და გულისხმობს ვებ-მისამართების ჩაწერას სპეციალურ ფანჯარაში. იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტის მოხმარება გაიზარდა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მათი დიზაინი არ განვითარებულა და არ შეცვლილა. Stack-ის დიზაინი განსხვავებულია. მას არ გააჩნია არც ტაბები და არც მისამართის შეყვანის ველი. აქ თითოეული ვებ-აპლიკაცია მოქცეულია ფანჯრებში, რომლებიც ჩალაგებულია ჰორიზონტალურად და მომხმარებელს საშუალება აქვს — ერთდრულად რამდენიმე ფანჯარას ანუ ვებ-აპლიკაციას ადევნოს თვალი და მიიღოს ინფორმაცია. Stack-ს უკეთესად შეუძლია დააორგანიზოს ვებ-აპლიკაციები, რაც ძალიან კომფორტულია მათთვის, ვინც ინტერნეტში ხანგრძლივად მუშაობს“, – გვითხრა ზვიად სიჭინავამ.
დაფინანსებაში, რომელიც მათ მოიპოვეს, მსოფლიო ბანკის გრანტიც შედის, საქართველოს ბანკის სახით კი პარტნიორიც ჰყავთ და ახლა აპირებენ მაქსიმალურად სწრაფად გააუმჯობესონ პროდუქტი იმ რჩევების და უკუკავშირის გათვალისწინებით, რომელიც მომხმარებლებისგან მიიღეს.
Stack-ის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია. აკრეფთ Getstack.app, ჩამოტვირთავთ კომპიუტერში და ის საშუალებას მოგცემთ — უკეთ დააორგანიზოთ თქვენი სამუშაო ფანჯრები.
მოამზადა მაია ტორაძემ