ნატო ობოლაძე
თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად ნინო პავლიაშვილი დაინიშნა. ნინო პავლიაშვილი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 2013 წლიდან დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 3,5 მილიონს აღწევს და 600 ათასზე მეტი უცხოურ, 2 მილიონ პერიოდულ, უნივერსალური პროფილის სამეცნიერო, ძირითადად, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების ლიტერატურას მოიცავს. ბიბლიოთეკაში ინახება 22 მილიონი პატენტის, გამოგონებისა და სტანდარტის აღწერილობაც. თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის გარდა, მეცნიერების პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო მიმართულებითაც მუშაობს. ბიბლიოთეკის ახალი დირექტორის სამომავლო საქმიანობაც აღნიშნული საქმიანობის გააქტიურება-გამრავალფეროვნებას უკავშირდება.
„ეროვნული ფუნქციის მატარებელი სამეცნიერო ბიბლიოთეკის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებით საქმიანობა გრძელდება. ჩვენი მიზანია მეცნიერის კვლევითი საქმიანობის მუდმივი ხელშეწყობა, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მკვლევრებს ბიბლიოთეკის რესურსის მაქსიმალურად გამოყენება შეეძლებათ. ვაგრძელებთ პროექტებს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ კვლევითი საქმიანობის შესახებ, დაინტერესდნენ მეცნიერებით და თავისი მომავალი ქვეყნის განვითარებისთვის ამ უღრესად მნიშვნელოვან სფეროს დაუკავშირონ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აქტიურად არის ჩართული ინტერნეტ სივრცეში ქართული კონტენტის განთავსების პროცესში, ჩვენ ვაციფრებთ სამეცნიერო მასალებს, რაც ქართული მეცნიერებისა და, ზოგადად, საყოფაცხოვრებო სიტუაციების სწორად წარმოსაჩენად მნიშნელოვან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის. ვთანამშრომლობთ უმაღლეს სასწავლებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ინტენსიურ რეჟიმში ვთავაზობთ სხვადასხვა თემატურ ტრენინგებს და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრისთვის გარკვეული სახსრების მოძიების მიზნით სხვადასხვა ფონდებთან და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ“, — განაცხადა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნინო პავლიაშვილმა.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ახალი პროექტი დოქტორანტებისთვის ხორციელდება. პროექტი-კონკურსი: „თეზისი სამ წუთში“ უკვე დაიწყო და გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს, სადაც მონაწილემ საზოგადოების ფართო ფენებს 3 წუთში, ერთი სლაიდით, კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები უნდა წარუდგინოს. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც კონკურსის ჩატარების დღეს ჯერ კიდევ არ ექნებათ დაცული ხარისხი (მიმართულება შეზღუდული არ არის). პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (Facebook მოწონებების მიხედვით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები. კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე — https://bit.ly/3oX00SW. საკონკურსო განაცხადების მიღება 10 დეკემბერს სრულდება.