Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის აფხაზეთის ინსტიტუტის სამომავლო გეგმები

თამარ დადიანი

 

თანამედროვე მკვლევართა ინტერესის გაზრდა  ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების კვლევისადმი  უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიაჩნია აფხაზეთის  ინსტიტუტის დირექტორს  ზურაბ შენგელიას, რომლის დიდი ძალისხმევით, მონდომებითა და  პასუხისმგებლობით  მართლაც რომ დაუჯერებელი აქტივობები  განხორციელდა ქართული და   აფხაზური   საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.   ამ ღონისძიებების და, ზოგადად, ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია:

 

- ბატონო ზურაბ, ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის საქმიანობა მნიშვნელოვანია  იმ ღრმა  უნდობლობის გრძნობის შესამსუბუქებლად, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხთა შორის არსებობს. რას აკეთებს ინსტიტუტი იმისთვის, რომ ჩართულობა უფრო ხელშესახები და ნაყოფიერი იყოს?

 

- პანდემიამ თსუ-ის აფხაზეთის ინსტიტუტის საქმიანობა,  გარკვეულწილად, შეაფერხა,  აფხაზეთის მხარის ჩართულობა და ერთობლივი პროექტები შეყოვნდა. ინსტიტუტის წინამორბედი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო/კვლევითი ცენტრი უკვე 10 წელზე მეტია, რაც  უნივერსიტეტში არსებობს. თსუ-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენება   ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა პრობლემატიკის შესასწავლად და კვლევების საწარმოებლად საშური საქმეა და მეტად მნიშვნელოვანი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამ მიმართულებით  ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების გააქტიურება და  ფართო და ინფორმირებული დიალოგი პოზიტიური მუხტის შემტანი იქნება  კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიების პროცესში. ჩვენი ინსტიტუტის საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე,  მუშაობა და კვლევა  იმ მიმართულებით - თუ რა პროცესებმა გამოიწვია  ამ კონფლიქტამდე მისვლა. ჩვენს ინსტიტუტს დიდი წვლილი მიუძღვის  სწორი იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში,  რომ  აფხაზური ეთნო კულტურის შექმნა და შენარჩუნება უპირველესად  სახელმწიფოს ვალდებულებაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სახელმწიფო ვალდებულებები გააჩნია ამ მიმართულებით. სხვა ქვეყანას შეიძლება მხოლოდ ინტერესი ჰქონდეს და არა სახელმწიფო ვალდებულება. ამიტომ, თუ ეს ეთნოკულტურული სივრცე დაიკარგა, ან თუნდაც განვითარება ვერ შეძლო, თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე ჩვენი სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ეს გამომდინარეობს თუნდაც იქიდან, რომ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს აფხაზურ ენას აფხაზეთში ქართულთან ერთად სახელმწიფო სტატუსს. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს პარლამენტში გავაჟღერე იდეა - აფხაზურ ენას მიენიჭოს  სახელმწიფო ენის სტატუსი. ენა, ზოგადად, ეთნოსის მთავარი განმსაზღვრელია. აფხაზური მეორე სახელმწიფო ენაა საქართველოში... თუ არსებობს სახელმწიფო ენის პალატა, რატომ არ უნდა იყოს აფხაზური ენის განყოფილება? ეს ენაც სახელმწიფო ენაა. იმედია, ჩემი ინიციატივა განხილული და დამტკიცებული იქნება.   ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როცა აფხაზეთში არსებული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შენარჩუნება-განვითარება გარკვეული საშიშროების ქვეშაა.  საქართველოში ეთნოსებს შორის თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილების კვლევა-ძიება უნდა გახდეს ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის სამოქალაქო ინტეგრაციის სწორად წარმართვის მყარი საფუძველი. მთელი სამეცნიერო პოტენციალი უნდა  გააქტიურდეს   ამ მიმართულებით.   მნიშვნელოვანია, ეთნოკულტურული სივრცე ისტორიის ხელოვნური გააზრებით სხვამ არ აღწეროს.  ბოლოს და ბოლოს  თავად აფხაზები  აღნიშნავენ, არ არსებობს უფრო ახლო და უფრო მონათესავე კულტურა აფხაზურისათვის, ვიდრე ქართული კულტურაა და პირიქით.

 

ჩვენი სამეცნიერო საქმიანობიდან, კვლევებიდან  გამომდინარე აღმოჩნდა, რომ მარტო ეს თემატიკა არ არის საკმარისი. კვლევის პროცესში გამოჩნდა სხვადასხვა სიღრმეები და თემატიკის გაფართოვება გახდა საჭირო. უნივერსიტეტმა სწორედ ამის გათვალისწინებით,  შარშან        დააფუძნა აფხაზეთის ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობები, მოქმედების არეალი უფრო გაფართოვდა და საქმიანობის გააქტიურებასაც ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა.

 

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა რამდენიმე წლის წინ პროგრამა სახელწოდებით -  „გავიცნოთ აფხაზეთი”  - ჩამოაყალიბა.  რა აქტივობები განხორციელდა  პროექტის ფარგლებში და მომავალში რას გეგმავთ?

 

- პროგრამა, ასე ვთქვათ, აფხაზეთის და აფხაზების გასაცნობად შეიქმნა. ფაქტობრივად,  ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ მათ... გვინდა, რომ ისინი შევისწავლოთ, გავიცნოთ,  დავკონკრეტდეთ წვრილმანებამდე... ეს გაგვიადვილებს საერთო ენის გამონახვას. ჩვენ უნდა გავიგოთ  - რა ტკივათ, რა აწუხებთ და რა უნდათ. ამ პროექტებში აფხაზეთის მხარეც არის ჩართული.  პროგრამის იდეა და მიზანი აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის აღწერა, მისი შენარჩუნების, განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.   აფხაზურმა მხარემ სურვილი გამოთქვა  პროგრამის მხარდაჭერასა და მასში თანამონაწილეობის შესახებ. აღინიშნა, რომ პრობლემა აქტუალურია როგორც აფხაზური, ისე ქართული საზოგადოებისთვის. კერძოდ, აფხაზური ეთნო-ტრადიციების გაცნობა სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ დაპირისპირებული მხარეებისთვის, არამედ  საზღვრებს გარეთ   მცხოვრები ადამიანებისთვისაც.

 

ამ პროგრამის ერთ-ერთი ბოლო პროექტი არის ერთობლივი სამეცნიერო-პოპულარული  დოკუმენტური ფილმი “ანიხა” [სალოცავები], რომელიც  აფხაზეთში არსებულ სალოცავებზე  და ახალი წლის აღნიშვნის ეთნიკურ ტრადიციაზე მოგვითხრობს. ფილმის პრეზენტაცია თსუ-ში გაიმართა.

 

რა თქმა უნდა,  აფხაზური საზოგადოებისთვის გარკვეული სიმამაცე იყო ჩვენთან თანამშრომლობა, აფხაზეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფილმზე მუშაობის პროცესში აფხაზური საზოგადოების ელიტარული ნაწილი ჩაერთო. ყველა ის წინააღმდეგობა, რომელსაც პოლიტიკური სიტუაცია იწვევდა, ორივე მხარემ წარმატებით გადავლახეთ და ამ ურთიერთთანამშრომლობით  საფუძველი ჩავუყარეთ   ამ ტიპის პროექტების შემდგომ განვითარებას.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ფილმების შექმნას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს და თავიდან გაგვაცნობს ერთმანეთს.  ჩვენთვისაც ბევრი რამ უცნობი იყო და ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ურთიერთობების დაძაბვისა ისიც არის, რომ კარგად არ ვიცნობთ იმ ეთნოკულტურულ სივრცეს.

 

მართალია, ეს ფილმი მთლიანად აფხაზურმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო, მაგრამ  ჩვენი წარმომადგენლების აქტიური  ჩართულობით. თავად ის ფაქტი, რომ ქართველების გვარებიც არის ტიტრებში აფხაზურთან ერთად, ვფიქრობ, უკვე ბევრს ნიშნავს. ფილმის პრეზენტაცია სოხუმში საკმაოდ ელიტურ საზოგადოებაში შედგა. აფხაზეთის ტელევიზიითაც რამდენჯერმე აჩვენეს. ფილმი დადებითად შეფასდა ორივე მხარის მიერ.

 

გარდა ამისა, თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრმა ფილმის გადაღება დაიწყო, რომელიც აფხაზეთში მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას ეხება.  აფხაზები ამ დღესასწაულს ჩვენგან განსხვავებულად აღნიშნავენ. ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ, იქ კი  გლოვის დღეა. ჯერჯერობით უსახსრობის და პანდემიის გამო ამ ფილმის დასრულებას ვერ ვახერხებთ, არადა  ფილმის  თითქმის  ძირითადი  ნაწილი  უკვე გადაღებულია. საჭიროა მისი შევსება  და ტექნიკურად გამართვა. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ფილმის პირველი ნაწილი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაგვიფინანსა.

 

პროგრამის  - „გავიცნოთ აფხაზეთი” -  ფარგლებში ფილმების გადაღების გარდა ხორციელდება კიდევ რამდენიმე პროექტი. 

 

ფეისბუქსაც ვიყენებთ მეორე მხარესთან  კომუნიკაციის მიზნით. ვმუშაობთ კავშირების გაფართოების და გაღრმავების მიმართულებითაც.   აფხაზეთის  მხარეც აქტიურია ჩართულობის მხრივ,     მაგალითად,  იქ გამოცემულ ერთ-ერთ წიგნზე რეცენზია გვთხოვეს. აქ გავაკეთეთ რეცენზია და გავუგზავნეთ მათ. რა თქმა უნდა, დღეს  გაძნელებულია ეს ყველაფერი,  მაგრამ შეძლების ფარგლებში ყველაფერს ვცდილობთ. აქვე უნდა აღვნოშნოთ ის, რომ  უნივერსიტეტში დაფუძნდა აფხაზური ბიბლიოთეკა. აფხაზები ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს, ლიტერატურას გვიგზავნიან და შეიქმნა შესაძლებლობა - დაინტერესებულ პირთათვის თავიანთი სამეცნიერო თუ პირადი ინტერესი დავაკმაყოფილოთ.  ამ ბიბლიოთეკაში ინახება უნიკალური გამოცემები, რომლებიც მეცნიერებისთვის  საინტერესო საკვლევ მასალებს  მოიცავს არა მარტო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, არამედ თვითონ აფხაზეთის  სახელმწიფოებრივ მოწყობასა და  პოლიტიკაზე.  ამიტომ ამ მიმართულებით  მეცნიერების    ყურადღების გამახვილებას საჭიროდ მივიჩნევ“, - აცხადებსზურაბ შენგელია.

 

ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფმა ჩვენთვის აპარატურა შეიძინა და გვაქვს აფხაზურენოვანი ინტერნეტრადიო “ჰარა”. უკვე რამდენიმე  წელია  აფხაზურ ენაზე ვმაუწყობლობთ.  ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელიც ფარდას ხდის რუსულ პროპაგანდას,  თემებზე, რომელიც აფხაზი ხალხისთვის დაფარული და  ხელმიუწვდომელია. კომუნიკაციის ეს საშუალება აფხაზურ მხარესთან აქტიური ურთიერთობების, პრობლემების გაზიარების და გადაწყვეტის შესაძლებლობას ქმნის.

 

 - საინტერესოა, რამდენად მოდის აფხაზური მხარე თანამშრომლობაზე?

 

- ისინი ჩვენთან ყოველ ზაფხულს ჩამოდიან. ჩვენ თავად წელს, მაგალითად, სამი მივლინება გვქონდა აფხაზეთში. მე 2012 წლის შემდეგ, რაც აქ ხელისუფლება შეიცვალა, აღარ მიშვებენ. შეშვება-გამოშვებას იქ უკვე აფხაზებს არავინ ეკითხება. უსაფრთხოების და „საზღვრის დაცვის“ საკითხებს რუსები განაგებენ.  მაგრამ ჩემი სხვა თანამშრომლებისათვის პრობლემა არ არის. ჩვენები ჩადიან, მუშაობენ არქივებში, მუზეუმებში, კერძო კოლექციებში. ჩამოგვაქვს მასალა, თუ დასაზუსტებელია - ვაზუსტებთ,   ერთობლივად ვმუშაობთ. ახლა უკვე არის ინტერნეტის საშუალებაც, რომ  ერთმანეთს შეკითხვა, მასალა, ინფორმაცია  გავუგზავნოთ, ისინიც გვიგზავნიან და ა.შ.

 

წელს გვაქვს პროექტი, რომელზედაც აფხაზებთან ერთად, შეთანხმებით ვმუშაობთ. გვინდა  გამოვცეთ ჟურნალი ქართულ-აფხაზურ ენაზე. პერიოდიკა ჯერჯერობით უცნობია. ინსტიტუტში ხუთი თანამშრომელი ვართ და, შესაბამისად,  ძნელია ყველაფრის ერთად გაკეთება.  ჟურნალისთვის მასალებს აფხაზი და ქართველი მეცნიერები ამზადებენ. ის  სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი იქნება, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ექნება.     ასევე ძალიან საინტერესო  ფოტო-მასალა გვაქვს არქივებში  ალექსანდრე შერვაშიძეზე, რომელიც აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის  - მიხეილის ძმიშვილი გახლდათ. აფხაზეთში პირველ პროფესიონალ მხატვარს და სცენოგრაფს, ილუსტრატორს და საზოგადო მოღვაწეს   ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას კარგად იცნობდნენ გასული საუკუნის ევროპაში. გაზაფხულისთვის ვგეგმავთ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა. კონფერენციის მომზადებაში მონაწილეობენ,   აგრეთვე, აფხაზეთის სამოქალაქო  საზოგადოების წარმომადგენლებიც და აღიარებული მეცნიერები თუ მკვლევრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიის შესწავლით.