ანა დოდაშვილი თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის ეკა ლეკაშვილის ქალიშვილია. თსუ-ის თანამშრომლის წარმატებული შვილების გაცნობის ტრადიციას გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი” კვლავ აგრძელებს. ანა დოდაშვილის ახალი კარიერული წინსვლა გახდა სწორედ ჩვენს ახალ რუბრიკაში მისი მონაწილეობის მიზეზი.
„დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დედა — ეკა ლეკაშვილი თსუ-ის პროფესორია, მამა — ნიკოლოზ დოდაშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურში დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მყავს უფროსი და — ვეკო დოდაშვილი, პროფესიით იურისტი და ძმა — დაჩი, რომელიც მომავალ წელს დაამთავრებს საშუალო სკოლას.
4 წლის ასაკიდან ვეუფლებოდი კლასიკურ ცეკვას, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი სასცენო ხელოვნების სპეციალობით. პარალელურად გავდიოდი ქალბატონ ნატალია დიღმელაშვილის ხელმძღვანელობით კლასიკური ბალეტის პედაგოგის პროფესიულ კურსს, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა კლასიკური ცეკვის პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაცია. ამავე პერიოდში დავასრულე მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით.
სკოლის დასრულების შემდგომ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე. ჩემი პედაგოგები იყვნენ ბატონი სოსო ნემსაძე და ბატონი სლავა ნათენაძე, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს პროფესიულ განვითარებაში. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში წამყვანი როლები შევასრულე სპექტაკლებში: „წვიმის გამყიდველი”, „შეშლილის წერილები”, „ჩემი კლასი” და სხვ.
თეატრალური უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე და გადავწყვიტე სწავლა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა. სამწუხაროდ, საბაკალავრო სპეციალობით ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები ძალიან ძვირადღირებული აღმოჩნდა, შესაბამისად, დავიწყე ჩემს ინტერესის სფეროსთან ახლოს მდგომი სამაგისტრო კურსების მოძიება. ძიების პროცესში კონკრეტული კრიტერიუმებით შევარჩიე ლა საპიენცას უნივერსიტეტის (რომი) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა — „მოდა”. ამჟამად გახლავართ აღნიშნული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და პარალელურად სტაჟირებას გავდივარ რომში საგამოფენო სივრცეში — „Fondazione Memmo”, — გვიამბობს ანა, რომელიც ფიქრობს, რომ წარმატება საკუთარი მიზნის მიღწევის საზოგადო აღიარებაა და გზა, რომელსაც დღეს წარმატებისთვის გადის, მხოლოდ სასტარტო პირობების შექმნის ეტაპია.
„ჩემთვის წარმატების მიღწევის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, თუმცა პატარა ასაკიდან საბალეტო ცხოვრებაში ჩართვამ და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტობამ მასწავლა კრიტიკულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, რთული მიზნების დასახვა და სრული მობილიზაციის უნარი გამომიმუშავა ამ მიზნების მისაღწევად. მრავალსაათიანი ვარჯიში, კონცერტები, გასტროლები, სცენაზე გასვლის ორგანიზება, რეპეტიციები და მობილიზება, კონცენტრირება, შემოქმედებითი აზროვნება — ეს სწორედ ის ამოცანებია, რომლის საფუძველზეც ჩამომიყალიბდა ჩემი პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, შენს ირგვლივ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც შენს მცდელობას სათანადოდ შეაფასებენ და მხარს დაგიჭერენ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გზაზე ბევრი ასეთი ადამიანი შემხვდა, საქართველოშიც და იტალიაშიც. უმნიშვნელოვანესია ჩემი ოჯახის წევრების უპირობო მხარდაჭერა განათლების მიღების ყველა ეტაპზე”, — აცხადებს ანა, რომლის ყველაზე დიდი ინტერესი ადამიანების ქცევის, ხასიათისა და მოძრაობების გაანალიზებასა და შესწავლას უკავშირდება, რაც, მისი თქმით, მათი ინდივიდუალიზმიდან გამომდინარეობს.
საქართველოდან შორს ყოფნამ ანას „ყველაფერი ქართულის” მონატრება და სიყვარული გაუძლიერა. ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზეც ხშირად ეფიქრება და სურვილი აქვს, ევროპული საზოგადოების ძალისხმევა — ხელი შუწყოს ახალგაზრდების განვითარებას — ქართველი საზოგადოებისთვისაც ისეთივე პრიორიტეტული იყოს, როგორც ევროპაშია.
„კეთილსინდისიერება საქმესა და ადამიანურ ურთიერთობებში ჩემი მთავარი ღირებულებაა. ამასთან, დღემდე ყალიბდება ჩემში შეხედულებები ფასეულობების შესახებ: აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იტალიაში, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი უცხო ქვეყნის მოქალაქე, მივიღე ადგილობრივი სტიპენდია, რამაც ცხადყო, რომ ქვეყანა ხელს უწყობს ახალგაზრდების წახალისებას, მოტივაციის ამაღლებას და ფართო ასპარეზს ქმნის განვითარებისათვის. საზოგადოება ორიენტირებულია მოტივირებული ახალგაზრდა თაობის განათლების ხელშეწყობაზე. თუმცა თვითდამკვიდრებისთვის გადამწყვეტია იტალიური ენის ცოდნა — ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო ეროვნული ღირებულებების საკითხზე”, — აღნიშნავს ანა, რომლის მიზანი პროფესიულ სფეროში წარმატებების მიღწევა, საკუთარი შემოქმედებითი იდეების და პროექტების განხორციელებაა.
„საკუთარი მიზნების მისაღწევად აუცილებელია მუდმივი განვითარება: სიახლეების ათვისება, სხვადასხვა ინტერესის სფეროების მოძიება და შესწავლა. თვითგანვითარება არის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა”, — ამბობს ანა, რომელიც ამჟამად იტალიურ ენას ეუფლება, რათა უკეთ შეისწავლოს ადგილობრივი კულტურა.
მართალია მიმდინარე მსოფლიო პანდემიამ ანას ცხოვრების რიტმი ცოტა შეაფერხა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა დიდი სასიხარულო ამბავი, რომელზეც თვითონ საუბრობს: „სამთვიანი კარანტინის პერიოდი მე და ჩემმა მეუღლემ რომში გადავიტანეთ, თუმცა, შემდგომ, ნამდვილად სასიხარულო ამბით დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ახლახან მივიღე პასუხი, რომ MaxMara Fashion Group Challenge-ის პროექტის საბოლოო ეტაპის მონაწილე გავხდი. ამ პროექტში მონაწილეობისთვის შერჩევის რამდენიმე საფეხური გავიარე. ივნისიდან შევუდექი პროექტზე მუშაობას. მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა დიდი გამოწვევების წინაშე მაყენებს და, ვფიქრობ, ეს ეტაპი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური მიზნის მიღწევის გზაზე”, – ამბობს ანა დოდაშვილი.