ნინო კაკულია
რა როლი ეკისრებათ T ლიმფოციტებს როგორც ვირუსთან ბრძოლაში, ასევე ვირუსის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ უჯრედული მეხსიერების ჩამოყალიბებაში? T ლიმფოციტებით გამოწვეული იმუნური პასუხის შესწავლას კორონავირუსთან ბრძოლაში თსუ-ის იმუნოლოგიის და მიკრობიოლოგიის კათედრა გეგმავს. კვლევა ძვირი ჯდება, ამიტომ კათედრის შემადგენლობამ გადაწყვიტა კონკურსში მიეღო მონაწილეობა გრანტის მოსაპოვებლად და ამჯერად კონკურსის შედეგებს ელოდებიან. იმუნოლოგიის და მიკრობიოლოგიის კათედრასთან ერთად კვლევაში მონაწილეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.
„იმუნური მექანიზმები ვირუსის წინააღმდეგ მოიცავს როგორც ე.წ. „ბუნებრივი იმუნიტეტის" მექანიზმების ამოქმედებას, ასევე, ადაპტური მექანიზმებისაც. ეს, რასაც ახლა ხშირად აწყდებით პრესაში და სოციალურ ქსელებში — ანტისხეულების ტიტრის მიდევნებას მოსახლეობის მიერ ვირუსის გადატანის ან ვაქცინირების შემდეგ, არ გახლავთ იმუნური პასუხის ერთადერთი მექანიზმი და არც იმუნური მეხსიერების ერთადერთი მაჩვენებელი. ანტისხეულები გამომუშავდება იმუნური უჯრედების გარკვეული სახით — B ლიმფოციტების მიერ. თუმცა ანტისხეულები არ არის ერთადერთი, რომელიც მონაწილეობს ვირუსთან ბრძოლაში და/ან იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბებაში. აქტუალურია T ლიმფოციტების (ე.წ. უჯრედული) მექანიზმებიც. შესაბამისად, ეს კვლევა ნათლად წარმოაჩენს — რა როლი ეკისრებათ T ლიმფოციტებს როგორც ვირუსთან ბრძოლაში, ასევე ვირუსის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ უჯრედული მეხსიერების ჩამოყალიბებაში. ეს, ზოგადათაც, მნიშვნელოვანია და, ამავდროულად, ეს მახასიათებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით, რაც კიდევ დამატებით მნიშვნელობას სძენს კვლევას“, — აცხადებს თსუ-ის იმუნოლოგიის და მიკრობიოლოგიის კათედრის თანამშრომელი, პროფესორი ნინო გაჩეჩილაძე.
ვირუსოლოგის პროგნოზი ასეთია: „თუ ვირუსმა შეუფერხებლად მოახერხა კიდევ დიდი ხნის მანძილზე ცირკულაცია, ეს ახალ-ახალი შტამების წარმოქმნას შეუწყობს ხელს და ისიც შესაძლებელია, რომ აქამდე მიღწეული აღარც ვაქცინა იყოს ეფექტური და აღარც ბუნებრივად გადატანილი ვირუსის შემდეგ დატოვებული იმუნური მეხსიერება. ეს სრულიად ჩვენზეა — რამდენადაც სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება ვაქცინაციის პროცესი, იმდენად ეფექტური იქნება გავრცელების შეფერხება და, შესაბამისად, ახალი შტამების წარმოქმნის საფრთხეც შემცირდება. ეს კი ხელს შეუწყობს აქამდე მიღწეული იმუნური მდგრადობის შენარჩუნებას და ე.წ. „ვირუსის დასუსტებას". შესაძლებელია ვირუსის შესუსტება ბუნებრივი მუტაციის გზითაც, უბრალოდ, აქამდე ეს ამ ვირუსს არ მოსვლია და როდის მოხდება — უცნობია. ამიტომ, ჯერ-ჯერობით „შესუსტებისათვის" ერთადერთი გზა, როგორ მომაბეზრებლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მაინც ვაქცინაციაა“, — აღნიშნავს ნინო გაჩეჩილაძე.