„მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა არა მარტო უნივერსიტეტისათვის, არამედ ქვეყნის მაშტაბით. ჩემს მოლოდინს გადააჭარბა იმ გარემომ, იმ სიტუაციამ, რომელიც წიგნის — „ახალი კორონავირუსი და თსუ“ — პრეზენტაციისას ვნახე“, — აღნიშნა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ წიგნის წარდგენისას.
წიგნის — ახალი კორონავირუსი და თსუ“ პრეზენტაციას, რომელიც 9 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ თსუ-ის ვიცე-რექტორი ნინო ოკრიბელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი თენგიზ ცერცვაძე, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
„საზოგადოება განებივრებულია, უფრო სწორად, თავმობეზრებულია სამეცნიერო სახის ინფორმაციის მიწოდებით. ძალიან სერიოზული დეფიციტია იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებისა, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი. მე მხედველობაში მაქვს კორონავირუსზე საზოგადოების თვალით დანახული პრობლემები. ძალიან კარგია, რომ ამ წიგნში ყველა თაობის წარმომადგენლების მოსაზრებებია. მოკლედ, შესანიშნავი პროდუქტია. გარდა ამისა, უაღრესად ლამაზად მოხდა მისი პრეზენტაცია — აქაც იგრძნობა უნივერსიტეტის უმაღლესი კლასი. ეს იყო უაღრესად ინტელიგენტური პრეზენტაცია ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე, გასაგებ ენაზე... ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეტყველებს იმაზე, რომ უნივერსიტეტი ლიდერია არა მხოლოდ მეცნიერებასა და პედაგოგიკაში, არამედ ლიდერია საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. მას ხელი უდევს საზოგადოების პულსზე და პირველი ეხმაურება და პასუხობს იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, — აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
„დიდი მადლობა ამ კრებულის შემქმნელებს, პირველ რიგში, ქალბატონ ნინო კაკულიას. ვფიქრობ, მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენის აღწერა-დაფიქსირებაში. ძალიან საამაყოა, რომ ჩემი პატარა წვლილიც არის ამაში. ახლა რომ გადავხედე ჩემს ნაწერს, ცოტა მიამიტურადაც მეჩვენა, ვინაიდან მას შემდეგ ბევრი ინფორმაცია დაგროვდა და ბევრ რამეზე წარმოდგენები შეგვეცვალა, თუმცა ესაა ისტორია იმ რთული გზისა, რომელსაც კაცობრიობა გადის. ამის აღბეჭდვა ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალი თაობებისთვის ეს შეიძლება ძალიან საინტერესო და კარგი მაგალითი იყოს“, — აღნიშნა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ.
„წიგნში წარმოდგენილია ის რეალობა, რომელიც პანდემიის ყველაზე პიკურ პერიოდს აღწერს. სხვადასხვა ავტორების სატატიებია მოცემული სხვადასხვა დარგიდან, ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი. აქ ნახავთ სტუდენტების ჩანაწერს, პროფესორ-მასწავლებლების, მენეჯერებისა და ადმინისტრატორების მონათხრობს, რომლებიც პანდემიურ რეალობას აღწერენ და ყველა ერთად სხვადასხვა რაკურსით გვიზიარებს ხედვას; გვიზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს. ძალიან საინტერესოა ეს დასკვნები, რომელიც გაკეთებულია იმ დროს, როცა ჩვენ ვიყავით გამოუცდელები. ამ წიგნის წაკითხვა კიდევ ერთხელ გვაძლებს გადააზრების საშუალებას, რადგან რეალობა შეცვლილია და ჩვენი მოსაზრებებიც არის კიდევ უფრო ადაპტირებული ამ დროსთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“, — განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
„თსუ მოხარულია, რომ მასპინლობს ახალ წიგნს, მის შემობრძანებას ჩვენს თაროზე. ამ წიგნს აქვს სწორედ ის უნიკალური ნიშა, რაც ახალმა გამოწვევებმა შეუქმნა, ზოგადად, საზოგადოებას. ახალმა კორონავირუსმა ცხოვრების ახალი წესი დაამკვიდრა და აღნიშნულ წიგნში ავტორი შეეცადა ეს პრობლემა სხვადასხვა რაკურსიდან წარმოეჩინა. აქ თქვენ ნახავთ, რომ არის როგორც მედიკოსების, ასევე, არა მედიკოსების მოსაზრებები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. აქ არის საუბარი იმაზე, რომ თსუ-მ ღირსეულად დაძლია პირველი ეტაპის გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა ონლაინ სწავლებას, რაც უკავშირდებოდა თანამშრომელთა დროულ ინფორმირებას აღნიშნულ საკითხზე. ამავე დროს, ჩვენმა უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა მოსახლეობის ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებში. ამდენად, ეს წიგნი კიდევ უფრო გაამდიდრებს იმ გამოცდილებას, რომელიც საზოგადოებამ შეიძინა კორონავირუსთან ბრძოლაში“, — აღნიშნა თსუ-ის ვიცე-რექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.