თამარ დადიანი
სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. უცხო ენების სიყვარულმა გადაწონა და დღეს ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი აქვს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. სწავლა და განვითარება ამით არ დაუსრულებია. ნინო მახარაძე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის ქართულ-ფრანგული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტია, რომელიც არანაკლებ წარმატებით უძღვება საოჯახო ტურისტულ სააგენტოს, რომელსაც ტურისტები ჩამოყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
გვესაუბრება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის ქართულ-ფრანგული ერთობლივი სამაგისტრო
პროგრამის სტუდენტი ნინო მახარაძე:
— პროფესიის არჩევისას ადამიანზე მოქმედებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი — უნარები, მოტივაცია, ინტერესი, ოჯახი, პროფესიის პოპულარობა... შენს შემთხვევაში რამ იმოქმედა?
— ბევრი ინტერესის სფერო მქონდა და დღემდე ასეა. სკოლის პარალელურად ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში კლასიკური მუსიკის (ფორტეპიანო) განხრით, ვიღებდი მონაწილეობას კონკურსებსა და კონცერტებში და რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას. ასევე დაკავებული ვიყავი სამოდელო საქმიანობით და საქართველოს სახელით რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა. როდესაც საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის კეთებაც მინდოდა მთელი ცხოვრება. საბოლოოდ კი უცხო ენების მიმართ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ დღეს ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაქვს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.
საერთოდ, არა მხოლოდ ოჯახში, სკოლაშიც ხშირად უნდა იყოს დიალოგი მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. მიმართულებების მრავალფეროვნების გამო ბევრს უჭირს არჩევანის გაკეთება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად აბიტურიენტმა უნდა მიიღოს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. მართალია ჩემმა პირველადმა არჩევანმა არ გაამართლა, თუმცა მალევე ვიპოვე ჩემი პროფესია. დაახლოებით 5 წელია, რაც ტურიზმის სფეროში ვარ. მაქვს საოჯახო ტურისტული სააგენტო, რომლის დირექტორიც გახლავართ. ჩამოგვყავს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ვაცნობთ ჩვენს ძალიან საინტერესო და ეგზოტიკურ ქვეყანას. ასევე ყოველთვის მიზიდავდა ფრანგული ენა და კულტურა. ფრანგული ენა და ლიტერატურა ჩემი „მაინორია“. როდესაც გავიგე, რომ შეიქმნა ტურიზმის ქართულ-ფრანგული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ჩემს ორ უდიდეს ინტერესის სფეროს აერთიანებდა, მაშინვე გადავწყვიტე რომ ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა.
ვფიქრობ, ახლო მომავალში ქართულ-ფრანგული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადი ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს. ამ ეტაპზე ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმდინარე პროექტში მონაწილეობს.
— რადგან პროფესიული საქმიანობის სფეროდ ტურიზმი აირჩიე, შენი აზრით, რამ უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რა პერსპექტივები აქვს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას?
— ჩვენ ქვეყანას ამოუწურავი რესურსი აქვს ტურიზმის განვითარების მხრივ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა გასტრონომიული ტურიზმი, რომელიც მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ქართული გასტრონომიით დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ასევე სამედიცინო ველნეს ტურიზმი, რომლის გასავითარებლადაც უამრავი ბუნებრივი რესურსი გვაქვს. ეკოტურიზმი, ბიზნეს ტურიზმი, გასართობი ტურიზმი — ყველა მიმართულებაში შეგვიძლია დავიჭიროთ ჩვენი ნიშა და გავხდეთ წარმატებული.
— სულ მალე სწავლების მეორე საფეხურს — მაგისტრატურას ამთავრებ. ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტურიზმის ქართულ-ფრანგული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სასწავლო პროცესს, პროფესორ-მასწავლებელთა დამოკიდებულებას? გამართლდა თუ არა შენი მოლოდინები?
— სასწავლო პროცესი ნამდვილად საინტერესოა. ჩვენს ჯგუფში 13 მაგისტრანტი ვართ და თითოეული ჩვენგანი მოტივირებულია — მიიღოს ხარისხიანი განათლება, რადგან ბოლო სემესტრის გავლა უკვე საფრანგეთში მოგვიწევს. თითოეულ საგანს გვასწავლის თავის სფეროში ავტორიტეტული და პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებელი. თავად პროექტის ხელმძღვანელი არის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ლუმიერ ლიონ 2-ს პედაგოგების ჩამოსვლა თბილისში და 3 სალექციო კურსის ჩატარება, მეოთხე სემესტრში კი სწავლა გაგრძელდება ლიონში და მას რამდენიმეთვიანი პრაქტიკა უნდა მოყვეს.
— დღესდღეობით საქართველოში ყოველ წელს, სულ მცირე, 5000 ეკონომისტის დიპლომი მაინც გაიცემა (თუ მეტის არა). როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდე?
აქ მივდივართ სწორედ იმ პრობლემამდე, რაზეც თავში ვისაუბრეთ. ბევრი ბაკალავრი უნივერსიტეტს ამთავრებს მხოლოდ თავისი ოჯახის ინტერესებისა თუ სოციუმში მიღებული სტანდარტებიდან გამომდინარე. პროცენტულად ცოტა არიან ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ, რასაც სწავლობენ. როდესაც საქმე გიყვარს და რეალურად გაინტერესებს, სხვა პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით ეკიდები, უფრო სწრაფად ვითარდები და წარმატებაც უფრო მარტივად მოდის.
— რა პრობლემებს აწყდებიან სტუდენტები, როდესაც ისინი დასაქმებას სწავლის პარალელურად ცდილობენ??
— პირველ რიგში დროის განაწილების ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემს ჯგუფში მაგისტრანტების 90% დასაქმებულია. მე თავად ვასწავლი სტუდენტებს ინგლისურ ენას თბილისის თავისუფალ აკადემიაში. ჩართული ვარ ამ უნივერსიტეტის პროექტში, უფასოდ ვასწავლით აბიტურიენტებს ინგლისურ ენას. დღესდღეობით საკმაოდ ბევრი სტუდენტია დასაქმებული და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.
— როგორია საქართველოში სტუდენტური ცხოვრება და რა შესაძლებლობები გაქვთ ახალგაზრდებს?
— შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, სტუდენტური ცხოვრება ონლაინ ურთიერთობით შემოიფარგლება. ამ სემესტრში მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ გასვლითი გასტრონომიული ტური მოგვეწყო საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტის, ქალბატონ დალილა ცატავას ხელმძღვანელობით. რაც შეეხება შესაძლებლობებს — ნებისმიერი ფაკულტეტისა და მიმართულების სტუდენტს აქვს თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსებსა თუ გაცვლით პროგრამებში.