Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები

თამარ დადიანი

 

ფონდის  - ,,ქართული გალობა“ / Georgian Chanting Foundation - დამფუძნებლებმა  2021 წლის გამარჯვებულებს სიგელები და სტიპენდია გადასცეს.   წლევანდელი სტიპენდიატები არიან: თსუ-ის სტუდენტი ტატა ჩრდილელი,  გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ნაყეური და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრი გოჩა ბიძინაშვილი.

 

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით  2016 წლიდან დაარსდა ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით. მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, სტიპენდიის გადაცემის ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. სტუდენტებმა სტიპენდია კარგი აკადემიური მოსწრების, გამორჩეული პიროვნული თვისებებისა და  სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობის საფუძველზე მიიღეს. 

 

ერთ-ერთი სტიპენდიატი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგის მიმართულების სტუდენტი ტატა ჩრდილელი მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა ასე დაახასიათა: ,,ის არის სამაგალითო  სტუდენტი, შრომისმოყვარე, ბეჯითი, კარგი პიროვნული თვისებებით შემკული, რომელიც ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სტუდენტურ  ღონისძიებებში.“ 

 

როგორც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ტატა ჩრდილელი ამბობს, სტიპენდიის მისაღებად სტუდენტების შერჩევის შედეგებს სულმოუთქმელად ელოდა და ძალიან გაუხარდა,  როცა  რჩეულებს შორის მოხვდა. 

 

„სახელობითი სტიპენდია განსაკუთრებულია და მისი მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ზოგადად, სტიპენდიის მიღებით ხედავ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და  ის მართლაც კარგი მოტივატორია შემდგომი წარმატებების მისაღწევად . ჩვენს მიმართულებაზე ბევრი კარგი პროექტია, რომელიც სტუდენტებს  აძლევს შესაძლებლობას  საკუთარი თავის და ცოდნის რელიზება  საინტერესო კუთხით წარმართონ“, - აცხადებს ტატა, რომელიც ფიქრობს, რომ  სამომავლო გეგმები  აკადემიურ სფეროს დაუკავშიროს.  ჯერ სამაგისტრო ნაშრომი უნდა დაწეროს,  შემდეგ  კი სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას გეგმავს. ძალიან მოსწონს თსუ-ის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგის მიმართულება, სადაც  თეორიულ ცოდნასთან ერთად   პრაქტიკულ  გამოცდილებას იღებს. „ფაკულტეტზე ბევრი  სხვადასხვა პროექტი ხორციელდება,   საზაფხულო სკოლების პროგრამებშიც აქტიურად ვართ ჩართულები, რაც უმნიშვნელოვანესია  ჩვენი განვითარებისა და  პროფესიული ზრდისთვის“, - ამბობს ტატა, რომლიც თვლის, რომ   ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მიღება მეტ  პასუხისმგებლობასა და მონდომებას  აკისრებს.