მაია ტორაძე
ყოველ 1 ივნისს გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას უნივერსიტეტის თანამშრომელთა შვილების გაცნობით და მათი წარმოჩენით ცდილობს. ამჯერად გაზეთის სტუმარია თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორის ირინე დარჩიას პატარა ქალიშვილი. ელისაბედ დარჩია-ვუდიკლარისი გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეა, უყვარს მათემატიკა, ქიმია და ბიოლოგია, ხშირად მონაწილობს ბუნების დაცვის აქციებში და დედასთან ერთად მოგზაურობს. რა მოსწონს მას, რა გატაცებები აქვს, როგორ ხედავს მომავალს და რას ფიქრობს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ელისაბედი თავად გვესაუბრა.
– ელისაბედ, უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ლიტერატურაზე და იმ ემოციებზე, რასაც ესა თუ ის მწერალი გვიტოვებს. შენ რომელი მწერალი მოგწონს და რატომ?
– ძალიან მომეწონა ანა ფრანკის დღიური, რადგან, ზოგადად, ძალიან დაინტერესებული ვარ მეორე მსოფლიო ომის ისტორიით. ანა ფრანკი კი სწორედ საკუთარ გამოცდილებაზე წერს თავის დღიურში. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, რაც ანა ფრანკის დღიურში წერია, მართლა მოხდა და, შესაბამისად, ანა ფრანკი და მისი ოჯახი ნამდვილად არსებობდა. ამავე დროს ეს ძალიან სევდიანი და გულისამაჩუყებელი წიგნია.
– სოციალურ ქსელში ჩანს, რომ აქტიურად ხარ ჩართული სხვადასხვა აქციაში. გაქვს თუ არა ჰობი? რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?
– თავისუფალ დროს მიყვარს ცეკვა და სიმღერა, ასევე ახალი ენების სწავლა. სპორტს რაც შეეხება, მომწონს ჩოგბურთი.
– სკოლა თუ გიყვარს? რა გახსენდება ყველაზე მხიარულად მეგობრებთან, კლასელებთან ურთიერთობაში?
– ძალიან კარგი სკოლა მაქვს და კლასელებიც მიყვარს. ყველაზე მხიარულად მახსენდება ზაფხულში, ზღვაზე გატარებული დრო ოჯახთან. ხოლო მეგობრებთან ექსკურსიებზე სიარული მიყვარს, განსაკუთრებით როდესაც ღამისთევით მივდივართ.
– უკვე იცი, რა პროფესიას გინდა დაეუფლო? რა რჩევებს გაძლევს დედა მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით?
– ამჟამად ვფიქრობ, რომ მედიცინას გავყვები, რადგან ეს სფერო საკმაოდ მაინტერესებს, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს სხვებისთვის სწავლების პროცესი. პროფესიის არჩევის დროს დედაჩემი სრულ თავისუფლებას მაძლევს. სულ მეუბნება, რომ მთავარია ცხოვრებაში ის ვაკეთო, რაც მიყვარს.
– დედა და შენ. ირინა საკმაოდ აქტიური და პრინციპული ადამიანია. შენ მიმართ რა მოთხოვნები აქვს – რას გიშლის, ან თუ მსჯელობთ ხოლმე სერიოზულ საკითხებზე?
– დედაჩემი საკმაოდ დიდ თავისუფლებას მაძლევს და კონკრეტულად არაფერს მიშლის. მხოლოდ იმას მიკრძალავს, რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მომაყენოს. რაც შეეხება ჩაცმულობას, გემოვნებას და გართობას, ამ საკითხებში ბოლომდე თავისუფალი ვარ. სერიოზულ საკითხებზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე.
– რა იცი 1 ივნისის შესახებ?
– ვიცი, რომ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
– ხომ არ ფიქრობ ხოლმე ბავშვთა საკითხებზე? როგორი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ ბავშვებს? რა არ აქვთ საქართველოში შენი თაობის ბავშვებს ბედნიერი ცხოვრებისთვის?
– ჩემი აზრით, ბავშვებს რაც შეიძლება ლაღი, თავისუფალი და მხიარულებით სავსე ცხოვრება უნდა ჰქონდეთ. ბავშვობა საკმაოდ ხანმოკლეა, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ ეს პერიოდი ყველას ძალიან ტკბილად ახსოვდეს. მე ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში (და, რასაკვირველია, საქართველოშიც) არსებობს დიდი უთანასწორობა. ზოგ ბავშვს არ აქვს საშუალება, იაროს სკოლაში, მიიღოს განათლება, დააგროვოს გამოცდილება და აისრულოს ოცნებები. ზოგ ბავშვს უწევს ოჯახში ცხოვრება, სადაც მასზე ძალადობენ ან არ აძლევენ საშუალებას, იყოს ისეთი, როგორიც სურს. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ვიხსნათ და დავიცვათ ამგვარი სიტუაციებისგან, რათა მათაც ჰქონდეთ საშუალება, იცხოვრონ ლაღად და ბედნიერად.