ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა და შვილიშვილებს თავი დაამახსოვროს იმით, რომ უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვის დედა, მამა, ბაბუა ან ბებია პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — ისაუბრონ და წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
...
წმინდა დემეტრეს ხსენების დღეს დაიბადა თხუთმეტი წლის წინ, ამიტომაც დაარქვეს დემეტრე. მამამ, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ წარმატებების მიღწევის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, დედამ ნატო ჩხეიძემ ლიტერატურის, ხელოვნების სამყაროს აზიარა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში შეუწყო ხელი.
„თბილისის 169-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. დღემდე ათოსანი ვარ, ინგლისურის ოლიმპიადებზე არაერთგზის გამარჯვებული. ყველა საგანი მიყვარს, განსაკუთრებით მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ინგლისური მიტაცებს. პასუხისმგებლობის გრძნობა მშობლებმა პატარაობიდანვე ჩამომიყალიბეს, რამაც ხელი შეუწყო ჩემს დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ძალისხმევით არ მიმიღწევია წარმატებისთვის, რადგან იოლად ვითვისებ ნებისმიერ საგანს. მყავს მაღალკვალიფიციური, გულისხმიერი პედაგოგები. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა — განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მიმართ. იყო წარმატებული — ჩემთვის ნიშნავს ასახელო ოჯახი, სკოლა, სამშობლო!“ - ამბობს დემეტრე, რომელიც დაინტერესებულია უცხო ენების შესწავლით, მაღალ დონეზე ფლობს ინგლისურ ენას, სწავლობს რუსულს და ბავშვობიდანვე ვარსკვლავების ყურებით ცდილობს ამოხსნას სამყაროს საიდუმლო! დედამიწაზე კი მისთვის ყველაზე დიდი ღირებულება — ადამიანია, რომელიც, მისი აზრით, „უნდა იყოს ჰუმანური, კეთილშობილი, მიმტევებელი, შეეძლოს სხვისი აზრის პატივისცემა, სხვების თანადგომა და მისი ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი.“
„ჩემი ცხოვრების მიზანია საკუთარი შრომით გავხდე კვალიფიციური სპეციალისტი და განათლებული ადამიანი!“- ეს 15 წლის დემეტრეს ხმამაღალი განაცხადია, რომლის სამომავლო გეგმებში ცოდნის გაღრმავება და სააბიტურიენტო პროგრამის აქედანვე მაღალ დონეზე დაუფლება შედის. იცის, რომ ცოდნის მიღება ოცნებების ასრულებაში დაეხმარება. წინ დიდი გამოწვევები ელოდება, დღეს კი, ჯერ კიდევ ბავშვობის უდარდელ დღეებს, ცოდნის გარდა, ცეკვით, სიმღერითა და მუსიკით ილამაზებს.