„მთელი ჩემი ცხოვრება ეს იყო. არქეოლოგია რთული დარგია. ისტორიკოსი მოვა, პირდაპირ მაგიდასთან დაჯდება და წყაროებს ნახავს, და შენ, სანამ მაგიდასთან მიხვალ, უნდა ეძებო, კაცო, უნდა იპოვო; რასაც იპოვი, ის უნდა გათხარო; მოპოვებული მასალა უნდა დაამუშავო, უნდა აღადგინო და შემდეგ წარმოიდგინო — რა უნდა იყოს. ძალიან ძნელია! არასოდეს წინასწარ აკვიატებული აზრით არ უნდა მიხვიდე, თორემ რასაც გინდა, იმას დაინახავ. შენ კი არა, მასალა უნდა აალაპარაკო, მასალამ უნდა აგალაპარაკოს შენ, მასალამ!” — ეს სიტყვები ბატონ ოთარ ჯაფარიძეს ეკუთვნის – არქეოლოგიური მეცნიერების ერთერთ პატრიარქს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს ისტორიულ ძეგლთა გამომზეურებას შეალია და 60 წელზე მეტი მიუძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
წელს, 99 წლის ასაკში, ბატონი ოთარი იმ დიდ საქართველოს შეუერთდა, რომლის ისტორიული შრეების კვლევა მისი ცხოვრების მთავარი ინტერესი იყო. დიდი მეცნიერი და ღირსეული პიროვნება, ბრწყინვალე ლექტორი და სტუდენტების უღალატო მეგობარი – ასე ახასიათებენ მას მისი მოწაფეები, ასეთად იცნობდნენ სამეცნიერო წრეებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებაში.
ოთარ ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1943 წელს დაამთავრა. 1944 წლიდან იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ჯერ უმცროსი, ხოლო 1948-1950 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1950-1952 წელს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1952 წლიდან უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს; სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; მან 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1964 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება; 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ; მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
ოთარ ჯაფარიძე, ძირითადად, იკვლევდა ბრინჯაოს ხანის საქართველოს კულტურის ისტორიისა და ქართველურ ტომთა ეთნოლოგიის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს არკნეთისა და ქვასათალის სამაროვნები ფრანის ხეობაში 1953-1954 წლებში, ზურტაკეტის შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1959-1965 წლებში, ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ნამოსახლარები, შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორები, აგრეთვე ქვემო ქართლის ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1965-1971 წლებში, ასევე, 1971-1977 წწ. მესხეთისა და 1978-1982 წწ. მარტყოფის გორასამარხები.
მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე – ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. იყო 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1969 წელს ნაშრომისათვის — „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში” — მეცნიერთაგან პირველს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. 1993 წლიდან არჩეული იყო საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად.
* * *
ოთარ ჯაფარიძის სამეცნიერო წვლილს და დამსახურებას ქართული ისტორიოგრაფიისა და არქეოლოგიის წინაშე განუზომელსა და მნიშვნელოვანს უწოდებს მისი მოწაფე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელიც აღნიშნავს, რომ სწორედ მისგან იღებდა მაგალითს, როგორი უნდა იყოს კეთილსინდისიერი მეცნიერი, ლექტორი და მეგობარი: „ბატონი ოთარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ის ჩემი მასწავლებელი იყო. როცა უნივერსიტეტში შევედი, ახალგაზრდა ოთარ ჯაფარიძე არქეოლოგიის საფუძვლებს მიკითხავდა. 1991 წელს კი მე მომიხდა მისი შეცვლა რექტორის პოზიციაზე. რა შემიძლია მასზე ვთქვა? დღევანდელ საქართველოში თუ ვინმეს ისტორიულ მეცნიერებასთან, კერძოდ კი, არქეოლოგიასთან ჰქონია საქმე, გვერდს ვერ აუვლის ოთარ ჯაფარიძეს. იგი იყო ბრწყინვალე მეცნიერი და ერთ-ერთი პირველი სწავლული არქეოლოგი საქართველოში. იგი იყო გიორგი ნიორაძის საკმაოდ ღირსეული მოწაფე. ოთარ ჯაფარიძე შემთხვევით არ იყო არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად – იგი საკმაო ხნის მანძილზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ინსტიტუტსა და მუზეუმში. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა და გათხრები ჩატარდა. გამორჩეული მეცნიერი გახლდათ. მან ბევრი რამ ტიპობრივად დაალაგა, ბევრ რამეს კონკრეტული შინაარსი მისცა, კულტურები ერთმანეთისგან გამიჯნა, განსაზღვრა კულტურის არსი, მისი გავრცელების არეალი და სხვ. საქართველოში, ძირითადად, გათხრითი არქეოლოგიაა განვითარებული, ბატონი ოთარი კი, გარდა გათხრითი არქეოლოგიისა, განმაზოგადებელ საქმიანობასაც ეწეოდა. მან დაადგინა, რომ კოლხური კულტურა – ეს არის მიწათმოქმედთა კულტურა და მისთვის აუცილებელი იარაღებიც დააზუსტა: თოხი, ბარი და სხვა. მან ქართულ კულტურაში მიწათმოქმედების იარაღებს ცალკე სტატია მიუძღვნა და ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში გამოაქვეყნა. მან, ასევე, სრულიად საფუძვლიანად აჩვენა, რომ შიდა ქართლი გვიანი ბრინჯაოს ადრინდელ საფეხურებზე კოლხური კულტურის გავრცელების არეალში შედიოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვლევა იყო. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ოთარ ჯაფარიძის ნაშრომებში შეჯამებული და განზოგადებულია მეცნიერული ცოდნა კავკასიის ადრეული და შუაბრინჯაოს კულტურების შესახებ. მას გამოცემული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, მაგრამ ორი ნაშრომი – „ლითონის წარმოების ადრეული საფეხურები საქართველოში” და „ქართველური ტომების ისტორია ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე’’ – ბევრ საინტერესოს გვაძლევს და მიანიშნებს, რომ მეცნიერი ძალიან სერიოზულად სწავლობდა საქართველოში მეტალურგიის განვითარების საკითხებს. საინტერესოა ისიც, რომ 1958 წელს მან თრიალეთში აღმოაჩინა მეორე ოთხთვალა ეტლი (ამგვარი ეტლი საქართველოში პირველად 1939 წელსაც იპოვეს), რომელსაც რიტუალური დანიშნულება ჰქონდა და ამით დაადგინა, რომ ბორბლის პრინციპი საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა, ხოლო, ეს უკანასკნელი ცივილიზაციის ერთ-ერთ ნიშნადაა მიჩნეული. ოთარ ჯაფარიძემ განიხილა აფხაზეთის დოლმენური კულტურა და აქაც მეტად საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა ამ კულტურის წარმომავლობისა და მისი მრავლობის შესახებ. მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადრებრინჯაოს ხანის დოლმენებში აღმოჩენილი ნივთები ახლოს დგას დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ იმავე პერიოდის ძეგლებთან. გამოკვეთილად უნდა ვთქვა, რომ ბატონ ოთარს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სტუდენტებთან/მოსწავლეებთან. მახსოვს, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა მან „თრელი გორებზე” წაგვიყვანა დიღმის მასივთან ახლოს, სადაც ჯერ გათხრები არ მიმდინარეობდა. აი, ამ დროს აღმოაჩინეს ერთი ნეოლითური ხანის კერამიკული ნივთი. მან მთელი ჯგუფი წაგვიყვანა და პირველი გათხრები ჩაგვეტარებინა. ეს იყო ბედნიერი მოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს ადგილი კარგად არის შესწავლილი. შესაძლოა, შემდეგ სხვებმაც გათხარეს, მაგრამ პირველი გახლდათ ოთარ ჯაფარიძე. ბატონმა ოთარმა 1969 წელს გამოსცა მონოგრაფია – „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში”. სწორედ მასში მოგვცა მან თავისი შრომების საფუძვლიანი დასაბუთება და შეჯამება. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ბატონი ოთარი წლების მანძილზე გახლდათ არქეოლოგიის კათედრის გამგე. პრაქტიკულად, როდესაც არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ხელოვნების და ისტორიის ერთიანი კათედრა გაიყო, ის გახლდათ პირველი გამგე. ბატონი ოთარი მუდმივად უნივერსიტეტის სამსახურში იყო. აღსანიშნავია მისი ღირებულებები, ურთიერთობა კოლეგებთან, სტუდენტებთან, მეგობრებთან, მისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის მიმართ. საინტერესოა ისიც, რომ 1991 წელს ბატონი ოთარი სულ რაღაც ერთი თვე მუშაობდა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, მაგრამ ეს იყო ურთულესი და მნიშვნელოვანი თვე საქართველოს და უნივერსიტეტის ისტორიაში. იგი იყო მეცნიერულად კეთილსინდისიერი კაცი. აუცილებელ სიფრთხილეს იჩენდა ციტირებული მასალის მიმართ, არ გამორჩენია საჭირო შემთხვევაში წიგნის ან მონოგრაფიის ავტორის ხსენება. იგი იყენებდა კვლევის ყველა მეთოდს, კერძოდ, ლინგვისტიკას, ანთროპოლოგიას, ეთნოლოგიას, ქიმიასაც კი. მოაქვს ყველა საბუთი კვლევებში. სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ოთარ ჯაფარიძის ყოველი მოხსენება და ნაშრომი დამაჯერებელია და აღიარებას პოულობს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის იმ მკვლევართა რიგში, რომლებიც ტონსა და მიმართულებას აძლევდნენ ქართულ მეცნიერებას, კერძოდ, არქეოლოგიას. ოთარ ჯაფარიძე ძალიან თავისუფალი პიროვნება და მეცნიერი იყო. ეს თავისუფლება ურთიერთობაშიც ჩანდა. იგი კარგად თამაშობდა ფეხბურთს და კალათბურთს და ხშირად ჩვენთან ერთადაც ერთობოდა. ცხადია, ჩვენთვის პატივი იყო, რომ მასთან ერთად ვთამაშობდით. დაძაბული კი ვიყავით, მაგრამ თავად არ გვაძლევდა იმის უფლებას, რომ სირცხვილი გვეგრძნო ან შევწუხებულიყავით. მისი ეს თავისუფლება ჩვენზეც გადმოდიოდა და ბევრ სასიკეთოს გვეუბნებოდა. ის იყო მისაბაძი პიროვნება”, – გვითხრა ბატონმა როინ მეტრეველმა.
მეცნიერსა და კოლეგას პატივისცემით იხსენებს აკადემიკოსი მზექალა შანიძე, რომელიც უნივერსიტეტის სივრცეში ათეული წლები მოღვაწეობდა ოთარ ჯაფარიძესთან ერთად: „მე მას ძალიან კარგად არ ვიცნობდი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ გამორჩეული მეცნიერი გახლდათ. არასოდეს ვყოფილვარ მასთან ერთად ექსპედიციაში, თუმცა გათხრებზე მინახავს სხვადასხვა ადგილას და ვიცი, რომ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა არქეოლოგიასა და ისტორიოგრაფიაში. ის მშვენიერი ლექტორი იყო და სტუდენტებს ძალიან უყვარდათ. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო და ბოლო ხანებში სიარული ძალიან უჭირდა, სრული გონება და გადმოცემის კარგი, დაწყობილი მანერა შეინარჩუნა. ბოლოს აკადემიაში შემხვდა. მოდიოდა ძალიან მძიმედ, უჭირდა სიარული. – უკანასკნელად ვარ აკადემიაშიო, – ამობობდა, თუმცა, საუბრობდა დალაგებულად, ჭკვიანურად. ოთარი მარიკა ლორთქიფანიძის მეგობარი გახლდათ. ისინი ბაღიდან ერთად მოდიოდნენ და ხანგრძლივი, მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდათ”, – გვითხრა ქალბატონმა მზექალამ.
ოთარ ჯაფარიძეს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ მისი მოწაფეები. პროფესორი ირინა ღამბაშიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვა ოთარ ჯაფარიძის, როგორც მეცნიერისა და პიროვნების, მაგალითი და დღესაც ბევრს სწავლობს მისგან: „მე ბატონი ოთარის თვალწინ გავიზარდე, ამიტომ ის ჩემთვის ძია ოთარი იყო. იგი გამორჩეულთა შორის გამორჩეული მეცნიერი და პედაგოგი გახლდათ. მიუხედავად თავისი ასაკისა, ის იყო სრულიად საღი, თანამედროვე, ხელისშემწყობი და არაჩვეულებრივი მოაზროვნე, რომელიც ბოლო წუთამდე ყველა პუბლიკაციას უცხოურ ენაზე ეცნობოდა. მისი ყველა ნაშრომი თითოეული არქეოლოგისთვის არის სამაგიდო წიგნი. მან კავკასიის არქეოლოგიაში შექმნა საფუძვლიანი და ფუნდამენტური ნაშრომები. ყველა, ვინც დაინტერესებულია კავკასიის არქეოლოგიით და უძველესი ცივილიზაციის კვლევის საკითხებით, ოთარ ჯაფარიძის შრომების გარეშე ფონს ვერ გავა. მისი ყოველი დილა 6 საათზე მეცნიერული კვლევებით იწყებოდა. დილის საათებში მას არავინ აწუხებდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მუშაობდა. ვიმეორებ, მისი ყველა ნაშრომი და წიგნი სამაგიდოა. ამ სამეცნიერო მემკვიდრეობაზე გავიზარდეთ ჩვენ და ის მომავალ თაობასაც წაადგება. მე მინახავს ბატონი ოთარი ექსპედიციებშიც. მასთან ერთად მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. მიუხედავად ასაკისა, ის გახლდათ ჩვენი მეგობარი. მასთან შეგეძლო ყველაფერზე გელაპარაკა და მუდმივად ზუსტი რჩევები მიგეღო. ძალიან რთულ დროს იყო რექტორი და კათედრის გამგე, მაგრამ სწორედ ამ დროს შექმნა გამორჩეული გამოფენა. მაშინ სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლექციები შეივსო ეროვნული მუზეუმისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მასალებით. ეს კონცეპტუალური გამოფენა იყო და ძალიან დიდი როლი ითამაშა სტუდენტებისა და არქეოლოგების საქმიანობაში. ეს გამოფენა მერე, სამწუხაროდ, დაიშალა. ბატონი ოთარი გახლდათ ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ოპონენტი, რომელმაც სკულპულოზურად და დეტალურად განიხილა ნაშრომი. მისი ყველა შენიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალკვალიფიციური იყო. შემდეგ ჩვენ ერთად ვიყავით გერმანიაში, სადაც ის კონსულტაციას გვიწევდა. ეს იყო 2001 წელი. გამოფენას ერქვა: „საქართველო – განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან”, მასში ნაჩვენები იყო საქართველოს უძველესი ლითონის წარმოების ისტორია. მაშინ განსაკუთრებულ საზოგადოებაში მოვხვდით, გამოფენაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და კარგი კატალოგიც გამოვეცით. უამრავი პროფესიული დეტალი შემიძლია მასთან ერთად გავიხსენო. ის იყო არქეოლოგიის პატრიარქი”, – ამბობს ქალბატონი ირინა ღამბაშიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბევრი გამორჩეული ურთიერთობა ახსოვს კოლეგებს შორის, მაგრამ ეს ორი – ბატონი ოთარ ჯაფარიძე და ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე სულ სხვა იყო – თანშეზრდილნი, ერთმანეთის მასტიმულირებელნი, ხან პატარა ბავშვებივით მოკამათენი, ხანაც თავგადაკლული თანამოაზრენი და ერთმანეთის გვერდში მდგომნი. გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” არქივში ინახება ინტერვიუები, რომლებშიც ქართული მეცნიერების ეს ორი პატრიარქი ერთმანეთის მოღვაწეობას აფასებს, მაგრამ ჟურნალისტის გარდა არავინ იცის, როგორი სითბოთი მოიკითხავდნენ ერთმანეთს, როგორ ინტერესდებოდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობით, როგორ ეძვირფასებოდათ ბავშვობიდან დაწყებული ხანგრძლივი და ურყევი მეგობრობა. პროფესორი გიორგი ოთხმეზურიც ამასვე იხსენებს ჩვენთან საუბარში: „ბატონი ოთარ ჯაფარიძე ჩემთვის ძია ოთარი იყო. რაც დავიბადე, იმ დღიდან ვიცნობ. ის დედაჩემის უახლოესი მეგობარი გახლდათ – სკოლიდან ერთად მოდიოდნენ. დედა 6 წლის იყო და ძია ოთარი 7-ის, მაგრამ მაინც ერთ კლასში სწავლობდნენ. მათ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვათ ეს მეგობრობა. არქეოლოგების წრეში ორი აზრი არ არსებობდა იმაზე, რომ ოთარ ჯაფარიძე არქეოლოგიის მეტრი იყო საქართველოში და არა მხოლოდ. ჩვენ ერთად ეგვიპტეში ვიყავით და მახსოვს, როგორი პატივისცემით შეხვდნენ მას, როგორც აკადემიკოსს. ამ ვიზიტის დროს (2000 ან 2001 წელი იყო) ის, დაახლოებით, 80 წლისა გახლდათ და, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდული ენერგიით და შემართებით ყველგან წინ გვიძღოდა. ზოგადად, გარდაცვალებამდე ფორმაში იყო. იმ თაობის ხალხს, სხვანაირი, ძველი წრთობა ჰქონდა. ეს მე სულ მაოცებდა, დედაჩემის და, რა თქმა უნდა, ძია ოთარის შემთხვევაშიც. იშვიათად ვამბობ ხოლმე, მაგრამ ძია ოთარი, აი, რასაც კაცი ჰქვია, კაცი იყო – ყველა თვისებით, ადამიანობით, გულისხმიერებით. ამ ამბის შემსწრე არ ვარ, მაგრამ გადმოცემით ვიცი – ფიზიკურად ისეთი ძლიერი იყო, რომ მასთან ჩხუბი ნამდვილად არავის უნდოდა. განსაკუთრებული მეგობრობა იცოდა და ასეთივე მეცნიერი იყო. 60-იანი წლების ბოლოს უნივერსიტეტს და აკადემიას წავკისში მისცეს აგარაკები. სულ ძალით ააღებინა ოთარ ჯაფარიძემ ეს აგარაკი დედაჩემს. ამ ადგილს აკადემიკოსთა ქუჩას ეძახდნენ. იქაც სულ ერთად ვიყავით და დედა და ოთარი იქაც სულ ერთად საუბრობდნენ და განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. გადასარევი ოჯახი ჰყავს. მე და ჩემს მეუღლეს მის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დედაჩემის და ოთარ ჯაფარიძის მეგობრობა იმ დოზით არა, მაგრამ შვილებზეც გადავიდა და გაგრძელდა. დედამ და ძია ოთარმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს ძალიან ახლო მეგობრობა თანაკლასელებთან. სხვათა შორის, დედას აქვს მოგონებებში, როგორ დაესწრნენ ის და ოთარი ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვას, მიუხედავად იმისა, რომ „ჩეკას” წარმომადგენლებმა გააფრთხილეს - საფლავზე წაყოლა არ გაბედოთო. თურმე ისედაც აპირებდნენ წასვლას, მაგრამ არ შეუშინდნენ იმ რეჟიმს და, ამ გაფრთხილების გამო, კიდევ მეტი სიჯიუტით წავიდნენ სასაფლაოზე და პატივი მიაგეს „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს”. ოთარს საჯარო გამოსვლები არ უყვარდა, ძალიან იშვიათად გამოდიოდა. სულ პირზე ეკერა: მარიკა, მარიკა, მარიკა. მათ სულ ერთად ახსენებდნენ – მარიკა და ოთარი. საოცარი მეგობრობა ჰქონდათ. მძიმე მომენტებშიც ის მუდმივად გვერდით ედგა ჩვენს ოჯახს”, – იხსენებს გიორგი ოთხმეზური.
უნივერსიტეტის ისტორიას ისეთი სახელები რჩება, ვისთვისაც ამ კედლებში მოღვაწეობა წმინდა და ხელშეუხებელი ღირებულება იყო. ასეთი გახლდათ ოთარ ჯაფარიძეც – კაცი, რომელიც უნივერსიტეტის ცხოვრებით ცხოვრობდა.
მოამზადა მაია ტორაძემ