Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანა სიხაშვილს შშმ პირებისთვის პირობების გაუმჯობესების იმედი აქვს

მაია ტორაძე

 

რატომ არ გამოსდის ანა სიხაშვილს საქართველოშიც ისევე გრძნობდეს თავს საზოგადოების აქტიურ და სრულფასოვან წევრად, როგორც ამას აშშ-ი ახერხებდა?

 

შშმ პირთა ცნობიერების ამაღლება და გაძლიერება - ეს არის მიზანი, რაც თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორეკურსელ ანა სიხაშვილს ამოძრავებს. პირადი გამოცდილება, ამ მიმართულებით გამოკვეთილი პრობლემების სწორი ხედვა და სწორად დასმა საკითხებისა, ანას იმედს აძლევს, რომ შშმ პირებისთვის სრულფასოვანი ცხოვრებისა და სწავლისთვის საქართველოში უკეთესი პირობები შეიქმნება.

 

ანა ამჯერად პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულებაზე სწავლობს. პოლიტიკა ბავშვობიდანვე აინტერესებდა. სურდა, ისეთ პროფესიას დაუფლებოდა, რომელიც არა მხოლოდ შშმ პირების, არამედ მთლიანად ქვეყნის მდგომარეობას შეცვლიდა სასიკეთოდ. ამისთვის, პირველ რიგში, დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, რომ საკუთარ თავში ეპოვა ძალა – ესწავლა და სხვისთვისაც ავტორიტეტი ყოფილიყო. მოახერხა კიდეც – ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა ამერიკაში, სადაც ერთი წელი გაატარა და ისწავლა. „იქ ყველაფერი ადაპტირებულია უსინათლო და მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის – ბიბლიოთეკა, შენობა, ტრანსპორტი, სასწავლო ლიტერატურა, ამიტომ არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია – თავს ვგრძნობდი საზოგადოების აქტიურ და სრულფასოვან წევრად. ამასვე ვცდილობ საქართველოშიც, თუმცა ჯერჯერობით არ გამომდის – არც ქუჩაში გადაადგილებაა აქ უსაფრთხო და არც საქალაქო ტრანსპორტში ასვლა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსებთან არის პანდუსები და პირველ კორპუსში ლიფტით სარგებლობაც შეგვიძლია, კორპუსიდან კორპუსში დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც ძნელია, მით უფრო, თუ სასწავლო პროცესი მეოთხე და მეექვსე კორპუსებში მიმდინარეობს. ამიტომ, თუ ამ ონლაინსწავლებას რამე დადებითი აქვს, თუნდაც ერთადერთი – ეს ჩემთვის ისაა, რომ არაადაპტირებულ გარემოში გადადგილება არ მიწევს“, – ამბობს ანა.

 

სასწავლო პროცესის გამართულობისთვის ანას კიდევ ერთი რამ სჭირდება – ადაპტირებული ლიტერატურა. პოლიტიკურ მეცნიერებებში სასწავლო და საკითხავი ლიტერატურა საკმაოდ ბევრია. მათგან ანას მხოლოდ იმ მასალის შესწავლა შეუძლია დამოუკიდებლად, რომელიც ბრაილის შრიფტითაა დაბეჭდილი ან რომელსაც მისი კომპიუტერული პროგრამა კითხულობს. ის ნაწილი კი, რომელიც არც ბრაილზეა გადატანილი და დასკანერებულია, მხოლოდ სხვისი დახმარებით შეუძლია შეისწავლოს, რადგან დასკანერებული მასალის წამკითხველი პროგრამა ქართულ ენაზე არ არსებობს. ის ახლა ცდილობს, ამ კუთხით სხვებთან ერთად იმუშაოს, რომ მომავალ სტუდენტებს სწავლა გაუადვილოს.

 

ანა ახალგაზრდა ევროპელი ელჩიცაა. მას სურს ქართველი ახალგაზრდების ხმა მთელ მსოფლიოს გააგონოს და თამამად თქვას – მონდომების შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია!