ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა თუ შვილიშვილებს ეს დღე თავისებურად მიულოცოს და უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვიან პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
...
უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორის ნინო კაკულიას ძმიშვილი, რომელსაც ის შვილივით უყურებს და ზრდის — ანდრია კაკულიაა. ადრია 8 წლისაა და იგი 13 მარტს დაიბადა. მამამისმა მაშინ იუმორით თქვა — ჯერ მარტში დაიბადო და ისიც 13-შიო, მაგრამ 13 რიცხვი ანდრიას დაბადების შემდეგ ოჯახში ბედნიერ რიცხვადაა მიჩნეული. ანდრია ენამოსწრებული, გონიერი და განცდიანი ბავშვია. განსაკუთრებით მამასთან აქვს თავისებურად ფილოსოფიური ურთიერთობა — კაცები ერთმანეთს უგებენ, პატარა დიდს უჯერებს, ბოლომდე ენდობა და დიდიც მხოლოდ იმაზე ფიქრითაა დაკავებული — როგორ გაატაროს უფრო დიდი დრო ბავშვთან — ასეთია მამა-შვილის ურთიერთობა.
ანდრია ძალიან განიცდის მამის ამბებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის წინ მიტინგები და შეხლა-შემოხლა ჩანს. ერთხელ მაგიდაზე ბებოს წერილი დაახვედრა — ძალიან მეცოდება შენი შვილი, ასეთ დღეში რომ მუშაობსო. იცოდა ტელევიზიიდან, რომ მამამისი — დეპუტატი რომან კაკულია იმ დღეს წავიდა სამსახურში, როდესაც პარლამენტის წინ დიდი აურზაური შეიქმნა.
ერთხელაც, როდესაც ძვირადღირებული სათამაშო ვერ უყიდეს, მამამისი ეუბნება — თუ გინდა ბევრი ფული გქონდეს, კარგად უნდა ისწავლო და მერე კარგად უნდა იმუშაოო. ანდრია მიუბრუნდა მამამისს და ეკითხება: — ესეიგი შენ ცუდად მუშაობ, არა?!
რომანი ორი დღით მივლინებით სადღაც გაუშვეს. გაცილებისას ანდრიას უთხრა — აბა შენ იცი, მიხედე ახლა ოჯახსო. მამა რომ წავიდა, ანდრიას თვალებში ცრემლები მოერია. დებმა ჰკითხეს — რა გატირებსო. „მე ჯერ პატარა ვარ და ყველას როგორ მოგიაროთ, რომ არ ვიციო“, — გამოეპასუხა ატირებული ანდრია.
ყველაზე მეტად ანდრიას წინაპრებზე მოყოლილი ამბები აინტერესებს და მოსწონს, რომ მისმა ნათესავმა ანდრია კაკულიამ 105 წელი იცოცხლა. ეს ფაქტი იმიტომ მოსწონს, რომ პარალელს ავლებს და სჯერა — მისი საყვარელი, ასაკით დიდი მამაც და დედაც დიდხანს ეყოლება.
ოჯახში შინაურულ სუფრებზე თამადა ყოველთვის ანდრიაა. ის წყლიან ჭიქას მაღლა სწევს და ამბობს — „ღმერთისგან ყველას კარგი ცხოვრება დაგვემსახურებინოსო“... ოჯახის წევრები იცინიან, რადგან პატარა ანდრია სადღეგრძელოებს მთელი სერიოზულობით ამბობს.
ანდრია კაკულია სკოლა „ჯეჯილში“ სწავლობს. იგი კარგი მოსწავლეა. საღამოს მამასთან ერთად ზღაპრებსა და მოთხრობებს კითხულობს. ეს პროცესი იმიტომ უფრო მოსწონს, რომ მამას კითხვების კორიანტელს აყრის და ბევრ კითხვაზე იღებს პასუხს. თუმცა ერთი ჩამჭრელი კითხვა მაინც დასვა ანდრიამ — ღმერთს სახელი და გვარი რატომ არ აქვსო? მისი სახლი სად არის და თვალით რატომ არ გვენახებაო?
უყვარს პირველობა. კარგად მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს და გახარებული გვეუბნება ხოლმე, მასწავლებელმა მითხრა — ყველას ჯობიხარო. ალბათ, როცა გაიგებს, რომ მის შესახებ პატარა სტატია უნივერსიტეტის გაზეთში გამოქვეყნდა, გაბედნიერდება ამ ამბით, თუმცა არ არის გამორიცხული, მამიდამისს, ნინოს მიუბრუნდეს და უთხრას — შენი ხელი ურევია ამ საქმეშიო! ის ხომ გონებაგახსნილი ბავშვია და ბევრ სასაცილო რამეს ამბობს.