Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება იზრდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული (დამხმარე) პერსონალის შრომის ანაზღაურება იზრდება. ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდება. უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხელფასები აკადემიურ პერსონალს 2020 წლის 1 მარტიდან მოემატება (1 მარტიდან ზრდა შეეხება, ასევე, ტექნიკური პერსონალის იმ გარკვეულ ნაწილს, ვისი ანაზღაურებაც საკამოდ დაბალია), 1 სექტემბრიდან კი ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში 1 400 000 ლარი იქნება გათვალისწინებული. 
„ქვეყანაში არსებული ინფლაციის და ვალუტის კურსის ცვლილებები აისახა როგორც მთლიანად ქვეყანაზე, ასევე, თავისთავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზეც. აღნიშნულ პირობებში, თუ მცირე გამონაკლისს არ ჩავთვლით, უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება არ გაზრდილა, რამაც თსუ მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნების გამოწვევის წინაშე დააყენა. პრობლემა მომავალში უფრო გამწვავდება, თუ სათანადო ზომებს არ მივიღებთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 30%-ით მეტი სტუდენტი მიიღო, 2019 წელს - 45%-ით, რამაც საშუალება მოგვცა აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალისთვის ანაზღაურება გაგვეზარდა. გამოყოფილი 1 400 000 ლარიდან 1 000 000 ლარი აკადემიური პერსონალის ანაზღაურების ზრდისთვის არის გამიზნული, 400 000 ლარი - ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალისთვის. ეს ცვლილება, როგორც აღვნიშნე, შიდასაუნივერსიტეტო ფინანსური რესურსის ხარჯზე ხორციელდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თსუ-ში დასაქმებული კადრების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ანაზღაურება მნიშვნელოვნად ვერ გაიზრდება, თუმცა პროცესი დაიწყება და, დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზების შემთხვევაში, გაგრძელდება. ასე რომ, აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების ზრდა ერთჯერადი ხასიათის არ იქნება. თსუ-ში დასაქმებულთა გასამრჯელო გაუმჯობესდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების შემთხვევაშიც, რაც სახელმწიფო დაფინანსების ზრდას გულისხმობს და რომელზეც საქართველოს მთავრობა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა საღინაძემ. 
კონკრეტულად რა რაოდენობით მოემატებათ ანაზღაურება სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს - ასისტენტ-პროფესორს, ასოცირებულ პროფესორსა და სრულ პროფესორს - ფაკულტეტების საბჭოები გადაწყვეტენ. 
„ფაკულტეტების დეკანებთან ორი შეხვედრა გვქონდა, გავითვალისწინეთ თითოეულ ფაკულტეტზე არსებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის რაოდენობა და შევთანხმდით, თუ როგორ გადანაწილდებოდა ფინანსები ფაკულტეტებს შორის. მიღებულ თანხას აკადემიურ პერსონალზე როგორ და რა კრიტერიუმით გადაანაწილებენ, თავად ფაკულტეტები და ფაკულტეტის საბჭოები გადაწყვეტენ“, - აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

ნატო ობოლაძე