Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Scientia - სამეცნიერო ჟურნალი

შურთხია ბეროშვილი

 

 სამეცნიერო ჟურნალი Scientia  ქართულ სივრცეში ერთ-ერთი პირველი პერიოდული გამოცემაა ჰუმანიტარულ დარგში (შეიძლება სხვა დარგებშიც), სადაც ყველა სტატიას მინიჭებული ექნება DOI კოდი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული DOI კოდი მინიჭებული აქვს სტატიებს ორგანიზაცია  ქროსრეფის (Crossref) მიერ. ცნობისათვის, ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომლის მინიჭებულ DOI კოდსაც აღიარებს სკოპუსი (Scopus). ჟურნალი  Scientia  გამოდის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გრიფით, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის თანამონაწილეობით.

 

2020 წლის ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიები შეეხებოდა ისტორიის, არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგიის, ლიტერატურის საკითხებს. ჟურნალის რედაქტორის მანუჩარ გუნცაძის ინფორმაციით, ჟურნალში გამოქვეყნებულმა ყველა სტატიამ გაიარა ორმაგი ფარული რეცენზირების პროცესი და რეცენზენტებისგან შეფასდა დადებითად. ,,ზოგიერთ შემთხვევაში ჩავრთეთ მესამე რეცენზენტიც (როდესაც ორი რეცენზენტის აზრი გაიყო), რათა დაგვეცვა ის სტანდარტები, რაც თან უნდა ახლდეს ნაშრომის პუბლიკაციის პროცესს“, - აღნიშნა მან.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალი გამოდის  როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით - www.scientia.ge.  შესაბამისად, მას გააჩნია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ISSN კოდი (ISSN 2667-9590; e-ISSN 2667-9604). ამასთან, ჟურნალი  ორენოვანია და სტატიები სრულად გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც კვლევების ინტერნაციონალიზაციის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 

 „პირველ ყოვლისა, დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მისი დირექტორის - ბატონ ზაზა აბაშიძის მიმართ, რომელიც გვერდით დაუდგა საქართველოში კიდევ ერთი პერიოდული გამოცემის საქმეს. ასევე, მადლობას ვუხდი რეცენზენტებს, რომელთაც დაწვრილებით განიხილეს ყველა ნაშრომი. მათ არ დაუშურებიათ ფასეული რჩევა-შენიშვნები ავტორთათვის, რომელთა გათვალისწინებამაც, ზოგ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა სტატიის დაბეჭდვის საკითხში. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს თითოეულ წევრს, იმისთვის, რომ დაგვთანხმდნენ ამ ახალ წამოწყებაში მონაწილეობაზე და ჩაერთვნენ სარედაქციო სამუშაოებში. მათ გარეშე ჩვენი სამეცნიერო ინიციატივა ვერ განხორციელდებოდა. ჯერ ახლა დავიწყეთ ჟურნალის გამოცემა, ასე რომ, რედაქტორების დამსახურება მის პუბლიკაციაში მომავალშიც უმნიშვნელოვანესი იქნება. აგრეთვე, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო იაშვილს, რომელმაც არ დაიშურა რჩევები, რათა ჟურნალი უფრო საინტერესო გამხდარიყო მკითხველთა ფართო წრისათვის. ამ რჩევების გათვალისწინებით, ჟურნალის მომდევნო ნომრები ეტაპობრივად შეივსება სხვადახვა რუბრიკით და იმედი მაქვს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით კიდევ უფრო საინტერესო გახდება. ასევე, მინდა, აღვნიშნო მთარგმნელები - ირინა დემეტრაძე  და ეთერ ჭურაძე, რომელთა მხრებზეც გადაიარა ქართულენოვანი სტატიების ინგლისურად, ხოლო უცხოენოვანი სტატიების ქართულად თარგმნის პროცესმა. დაბოლოს, მადლობა ყველა იმ ავტორს, ვინც გვენდო და პირველსავე ნომერში წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი - ეს ჩვენთვის, მთელი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“,  - ამბობს მანუჩარ გუნცაძე. მისივე ინფორმაციით, ჟურნალის მეორე ნომრისათვის სტატიების მიღება 2021 წლის 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა, ხოლო მისი პუბლიკაცია დაგეგმილია წლის ბოლომდე.