ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორს, ფსიქოლოგიური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, ფსიქოლოგიის ისტორიის უბადლო სპეციალისტს ირაკლი იმედაძეს 2022 წლის 2 იანვარს 70 წელი უსრულდება. ირაკლი იმედაძე, რომელიც დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი 2006 წლიდან 2011 წლამდე გახლდათ, თსუ-ში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინსტიტუტის ფაქტობრივი დახურვის შემდეგ მოვიდა და დღეს ასოცირებული პროფესორის სტატუსით აგრძელებს საქმიანობას.
რა მიზეზით „დაიხურა“ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი? რატომ გაათავისუფლა ირაკლი იმედაძე სამსახურიდან ილიას უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა გიგი თევზაძემ? ვინ მუშაობს დღეს უზნაძის განწყობის თეორიაზე და რა პერსპექტივები აქვს ამ თეორიას? რამდენი უმნიშვნელოვანესი წიგნია გამოცემული ირაკლი იმედაძის ავტორობით განწყობის ფსიქოლოგიაში, მეთოდოლოგიასა და ფსიქოლოგიის ისტორიაში? რა პრობლემებს ითვლის დღეს ფსიქოლოგიური განათლება და რა რეკომენდაციებს გვაწვდის ფსიქოლოგი თეორეტიკოსი, რომლის საკანდიდატო დისერტაციაც ბავშვების სკოლისადმი მზაობის ნებელობით-მოტივაციურ ასპექტებს ეხებოდა. ირაკლი იმედაძე მედიას ყოველთვის გაურბოდა თავმდაბლობის თუ სხვა მიზეზთა გამო და დღემდე ჩრდილში რჩებოდა მისი ნამოღვაწარი, დღეს კი მისი წარმატებების, დრამატული ისტორიების თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების წარმოჩენას შევეცდებით გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ექკლუზიურ პუბლიკაციაში.
ვინ დაასამარა საქართველოში ფუნდამენტური ფსიქოლოგიური კვლევა?
ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ირაკლი იმედაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას შემდეგ მოვიდა, რაც დიმიტრი უზნაძის სახელობის ინსტიტუტი ფაქტობრივად დაიხურა და ილიას უნივერსისტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ კანონის დარღვევით გაათავისუფლა სამსახურიდან, სადაც ის სრული პროფესორი იყო.
ბატონი ირაკლი ჰყვება: „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მაშინდელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი დაგვიბარა და ბრძანებით ფორმატში გამოგვიცხადა, რომ უნდა შევუერთდეთ ილიას უნივერსიტეტს. შემდეგ ჩვენს თანამშრომლებს შეხვდა უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი გიგი თევზაძე, რომელიც დაგვპირდა შესანიშნავი სამუშაო პირობების შექმნას და მიმზიდველი პერსპექტივები დაგვისახა. ახალ ადგილზე გადასვლიდან ორი თვის თავზე ამ ნათელმა პერსპექტივამ მიიღო შემდეგი მოთხოვნის სახე — „უნივერსიტეტი ხელფასს ვერ გადაგიხდით, იმუშავეთ ანაზღაურების გარეშე, ვინც არ დათანხმდება, გავათავისუფლებთ“. ასეთი პერსექტივა დაუსახეს სწორედ ახლად მიერთებულ ინსტიტუტებს. მათგან ყველაზე დიდი ისტორიისა და სახელის მქონე ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა უარი თქვეს ამ „მაცდურ“ წინადადებაზე და რექტორის ბრძანებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მაშინდელმა რექტორმა ისიც არ იკადრა, რომ დაგვლაპარაკებოდა და ყველაფერი თავისი კანცლერის, სერგო რატიანის ხელით გააკეთა. მას მერე ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში: პრეზიდენტები (სააკაშვილი და მარგველაშვილი), არაერთი პრემიერი და მინისტრი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის ხელმძღვანელობა, მაგრამ ამაოდ... დაპირებების იქით საქმე არ იძვროდა. ობიექტურ სირთულედ ასახელებდნენ იმ გარემოებას, რომ ფორმალურად ინსტიტუტი ძველი სახელწოდებით არსებობდა ილიაუნის სისტემაში. მართლაც, ჩვენი დათხოვნიდან 2 წლის მერე მოიძიეს რამდენიმე ახალი ადამიანი და ჩაითვალა, რომ ინსტიტუტი არ დახურულა (იგივე ითქმის ფილოსოფიის ინსტიტუტზე). ამ დაწესებულებების მუშაობის მასშტაბი და სამეცნიერო დონე ახლოს ვერ მივა მათ წინამორბედებთან, მაგრამ მოცემულობა ეს არის — შაშკინმა და მისმა კამალირიამ ყველაფერი იღონეს, რომ დაესამარებინათ საქართველოში ფუნდამენტური ფსიქოლოგიური კვლევა. სხვათაშორის, თანამშრომლების ნაწილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და პროცესი მოიგო, რითიც სამართლებრივად დადასტურდა, რომ ჩადენილი იყო დანაშაული. ორი წლის წინ, ამჟამინდელი განათლების მინისტრის შემწეობით, გაიხსნა ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი. ცენტრი, ცხადია, ვერ ჩაენაცვლება ძველ ინსტიტუტს, მაგრამ მისი ფუნქციონირება მაინც ერთგვარად არბილებს იმ დარტყმას, რომელიც მიადგა ფსიქოლოგიურ მეცნიერებას საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ინსტიტუტის განადგურებით. ბევრ წილად, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წყალობით, არც თუ ისე შორეულ წარსულში, თბილისი საკმაოდ ცნობადი ადგილი იყო ფსიქოლოგიური მეცნიერების მსოფლიო რუკაზე. განსაკუთრებით 1978 წლის გახმაურებული საერთაშორისო სიმპოზიუმის შემდეგ, სადაც განწყობის თეორია ფსიქოანალიზის „საბჭოთა ალტერნატივად“ იქნა წარმოდგენილი, რითაც ფსიქოლოგიის განვითარებაში უზნაძისა და მისი სკოლის წვლილის აღიარება მოხდა“, — აცხადებს პროფესორი ირაკლი იმედაძე, რომელთან ერთადაც ფსიქოლოგიური საზოგადოების წარმომადგენლების ხანგრძლივმა ბრძოლამ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღორძინების საქმეში შედეგი ვერ გამოიღო.
რა პერსპექტივები აქვს დღეს უზნაძის განწყობის თეორიას?
როგორც პროფესორი ირაკლი იმედაძე აცხადებს, დღეს, სამწუხაროდ, ძალზე ცოტა, თითებზე ჩამოსათვლელი მეცნიერი მუშაობს უზნაძის განწყობის თეორიაზე. ამჟამად ერთადერთი სამეცნიერო ერთეული, სადაც მიმდინარეობს სისტემატური კვლევა ამ მიმართულებით, არის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი 17 თანამშრომლით, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად 2019 წელს გაიხსნა და უკვე საკმაოდ სოლიდური პროდუქცია წარმოადგინა. ამ ცენტრთან თანამშრომლობს დღეს ირაკლი იმედაძე, რომლის ავტორობითაც არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნდა.
„განწყობის თეორია ფუნდამენტური მეცნიერებაა. ახლა გამოყენებითი ფსიქოლოგიის ზეობის ხანაა, ყველგან და ჩვენშიც. გარდა ამისა, ფუნდამენტური მეცნიერება ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ მწირი გრანტებით ვერ გაკეთდება ეს საქმე. კვლევითი ცენტრი საქართველოში იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სადაც, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, დიდ ტრადიციებზე გაზრდილი ენთუზიასტები საკმაოდ წარმატებულად განაგრძობდნენ ამ კონცეფციის განვითარებას. ამის გარდა, ინსტიტუტში მიმდინარეობდა საკმაოდ წარმატებული კვლევა ფსიქოლოგიის მრავალ დარგში. ინსტიტუტის განადგურების მერე თანამშრომლები, ბუნებრივია, დაიქსაქსნენ: ზოგმა პედაგოგიურ საქმიანობას მოჰკიდა ხელი, ზოგი წავიდა პრაქტიკაში. მას გაძლიერება სჭირდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ საკუთრივ თეორიის განვითარება მოხდეს, არამედ მის საფუძველზე განწყობის გამოყენებითი ფსიქოლოგიაც ჩამოყალიბდეს. საქართველოში სულ რამდენიმე ძლიერი სამეცნიერო სკოლა გვქონდა, ისინი ჩვენი კულტურის ნაწილია და მათ სახელმწიფოს პატრონაჟი ესაჭიროება“, — ამბობს ირაკლი იმედაძე.
რა სახელმძღვანელოები შეჰმატა ირაკლი იმედაძემ ფსიქოლოგიის ისტორიას?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სტატუსით ირაკლი იმედაძე უძღვება ორ საავტორო კურსს — „ფსიქოლოგიის ისტორია“ და „ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები“. პროფესორი ფსიქოლოგიის საფუძვლების სწავლების პროგრამაშიც მონაწილეობს.
ირაკლი იმედაძემ ზოგად ფსიქოლოგიაში შექმნა რამდენიმე სახელმძღვანელო, რომლებიც არა ერთ გზის გამოიცა სხვადასხვა სახელწოდებით და განახლებული რედაქციებით.
„მათი შექმნისას ვცდილობდი გამეთვალისწინებინა ჩვენი მეცნიერების თანამედროვე მიღწევები და ტენდენციები, ის სტანდარტები, რომლებიც საუკეთესო უცხოურ კომპენდიუმებშია, ასევე, ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში არსებული ტრადიციები; ისინი უზნაძისა და მისი მოწაფეების ძალიან კარგ სახელმძღვანელოებშია მოცემული და მათზეც სპეციალისტების მრავალი თაობა აღიზარდა. ჩემი წიგნები ბევრ უმაღლეს სასწავლებელში გამოიყენება და მსიამოვნებს, როდესაც მათზე კარგ გამოძახილს ვისმენ. მოხდა ისე, რომ ჩვენში საერთოდ არ არსებობდა სახელმძღვანელო ფსიქოლოგიის ისტორიაში, ალბათ იმიტომ, რომ ეს ძალზე შრომატევადი საქმეა. ამ ნაშრომზე მუშაობას თითქმის ოცი წელი მოვანდომე. პირველი წიგნი გამოვიდა 2008 წელს, მას მოჰყვა ორი განახლებული და შევსებული რედაქცია; ბოლო წიგნი მიმდინარე წელს გამოვიდა. დავწერე სახელმძღვანელო „XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები“, რომელიც უზნაძის სახელობის პრემიით აღინიშნა (2004 წ.)“, — ამბობს ირაკლი იმედაძე.
ირაკლი იმედაძემ, რომელიც თეორეტიკოსად ჩამოყალიბდა, სისტემატური ემპირიული კვლევა განახორციელა მის საკანდიდატო დისერტაციაში, რომელიც ბავშვების სკოლისადმი მზაობის ნებელობით-მოტივაციურ ასპექტებს ეხებოდა. შემდეგ მან უკვე თეორიულ პლანში ქცევისა და მოტივაციის ფსიქოლოგიის პრობლემატიკის კვლევა გააგრძელა. მისი სადოქტორო დისერტაცია -“ქცევის კატეგორია და განწყობის თეორია“ — დაიბეჭდა წიგნად რუსულ ენაზე (1989 წ). იმ მრავალი საკითხიდან, რომლებიც მასშია განხილული, აღსანიშნავია ქცევის პოლიმოტივაციის ორიგინალური თეორიული მოდელი, რომელიც საკმაოდ ხშირად მოიხსენიება სპეციალურ უცხოურ ლიტერატურაში.
ირაკლი იმედაძემ ბევრი პუბლიკაცია მიუძღვნა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის საკითხებს. მას ჩაფიქრებული აქვს დიდი წიგნის — ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია — გამოცემა, რომელზეც მუშაობის დასრულებას ორიოდე წელიწადში აპირებს. ისტორიულ-მეთოდოლოგიური ხასიათისაა მისი სქელტანიანი მონოგრაფია -“თანამედროვე ფსიქოლოგია: ძირითადი მიმდინარეობები და განვითარების პერსპექტივები“, რომელიც უკვე თსუ-ის გამომცემლობაშია და, ალბათ, 2022 წელს გამოიცემა.
პროფესორი დიდი ხანია მუშაობს განწყობის თეორიის ანალიზისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით. ამის დასტურია ირაკლი იმედაძის მრავალი სტატია და ორი წიგნი — „თეორიული ფსიქოლოგია“ (2013 წ.) და „განწყობის ონტოლოგიური სტატუსის პრობლემა“ (2019 წ.). ის ასევე დიდი ხანია ამუშავებს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ისტორიის საკითხებს. შარშან გამოვიდა მონოგრაფია: „დისკუსიები განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის გარშემო“. წელს გამოქვეყნდა თანაავტორებთან ერთად დაწერილი წიგნი, რომელშიც დახასიათებულია უზნაძის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ირაკლი იმედაძის მასწავლებლის, პროფესორ შალვა ჩხარტიშვილის სამეცნიერო ღვაწლი.
ირაკლი იმედაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. მისი სამეცნიერო საქმიანობა ნამდვილად იმსახურებს მეტ დაფასებას.
„აკადემიკოსობის სტატუსს, თუკი ასეთი მომენიჭება, მე განვიხილავ არა იმდენად ჩემი პერსონის დაფასებად, არამედ იმის მაჩვენებლად, თუ რამდენად არის გაცნობიერებული ფსიქოლოგიური მეცნიერების მნიშვნელობა აკადემიურ სივრცეში. საზოგადოდ კი მიმაჩნია, რომ იმ დიდ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაშია, მეტი დაფასება და, რაც მთავარია, უფრო ეფექტიანად გამოყენება ესაჭიროება“, — აცხადებს მეცნიერი.
დიმიტრი უზნაძის უცნობი „ჩანაწერების რვეული“
ირაკლი იმედაძის ძალისხმევით, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში გამოიცა დიმიტრი უზნაძის „ჩანაწერების რვეული“, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავიხედოთ დიდი ქართველი მეცნიერის „შემოქმედებით ლაბორატორიაში“.
„ამ წიგნის გამოცემა, პირველ რიგში, პროფესორ ვიტალი კაკაბაძის დამსახურებაა. მან მოახერხა გადაერჩინა ის მასალა, რომელიც ინახებოდა უზნაძის არქივში და რომელიც, დამოუკიდებლობის პირველი წლების არეულობისას, უცნაურ პირობებში გაქრა. 2019 წელს, ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრში, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში გამოვეცით მისი „ჩანაწერების რვეული“, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ — რა საკითხებზე ფიქრობდა იგი უკანასკნელ წლებში და რა მოსაზრებებს სინჯავდა. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატონი დიმიტრი გარდაიცვალა შემოქმედების ზენიტში (63 წლისა) და ნამდვილად ვერ მოასწრო თავისი თეორიის დასრულება. მას უდავოდ აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. ამის რეალიზაცია ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაიკარგოს სისტემის ძირეული ორიგინალური იდეები და, ამავე დროს, გათვალისწინებული იყოს ფსიქოლოგიური მეცნიერების თანამედროვე დონე“, — აცხადებს ირაკლი იმედაძე.
რატომ ჭიანურდება ქართული ფსიქოლოგიური ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნება?
ქართულ ფსიქოლოგიურ ლექსიკონზე მუშაობა თანაავტორების მცირე ჯგუფთან (სულ, 4 ავტორი) ირაკლი იმედაძემ 2019 წელს დაასრულა. მეცნიერი სწორედ ამ ლექსიკონის შედგენას ანიჭებს დიდ მნიშვნელობას და ამისთვის გაწეული შრომაც მისთვის განსაკუთრებულია.
„რუსთაველის ფონდის გრანტის ფარგლებში სამ წელიწადში მოხერხდა თითქმის შეუძლებელი რამ — შექმნილყო სრულფასოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ცნებების უმეტესობას და, ასევე, წარმოდგენილია განწყობის ფსიქოლოგიის უმთავრესი თეორიული და ემპირიული მონაპოვრები. წარმოდგენა რომ შეგექმნათ სამუშაოს მასშტაბზე, ვიტყვი, რომ მარტო ჩემ მიერ დაწერილია 600-მდე სტატია, საერთო რაოდენობით 1000-ზე მეტი გვერდი. ლექსიკონზე მუშაობა დასრულდა 2019 წელს. სამწუხაროდ, აქამდე მხოლოდ მისი ძალზე მცირე ნაწილის განთავსება მოხერხდა ინტერნეტში (პროექტი ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიას გულისხმობდა). ამის გაკეთება იტვირთა საჯარო ბიბლიოთეკამ, მაგრამ საქმე უკიდურესად ნელა მიდის...“, — აცხადებს პროფესორი ირაკლი იმედაძე.
საახალწლო სურვილები
ირაკლი იმედაძე, როგორც იტყვიან, ბედობა დღეს, 2 იანვარსაა დაბადებული. იღბალს არ უჩივის. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე — ნანა კენჭაძე, ერთადერთი ვაჟი — ლადო და რძალი — მარიამი. ირაკლი იმედაძის ოჯახის ყველაზე მთავარი ფიგურა სადღეისოდ არის მისი წლისა და სამი თვის შვილიშვილი ანდრია. შემდეგი პოზიცია კი უკავიათ მის და-ძმას — 12 წლის ნატას და 14 წლის ნიკოლოზს. პროფესორი, რომელიც 2022 წლის 2 იანვარს 70 წლის ხდება, იუბილეს ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავს. პანდემიის სიტუაცია საშუალებას არ აძლევს, ერთად შეკრიბოს და კეთილი სიტყვა უთხრას ყველას, ვინც უყვარს და ვისაც აფასებს. მისთვის გუწრფელად და სიყვარულით მიძღვნილი ყველაფერი ძვირფასია. ირაკლი იმედაძეს საახალწლოდ ორ პუნქტიანი სურვილი აქვს: ჩამოგვშორდეს კოვიდის დამოკლეს მახვილი და მეორე — ფსიქოლოგიური ლექსიკონი მივიდეს მკითხველამდე. პროფესორს, რომელსაც მომავლისთვის არაერთი გეგმა და მეცნიერული ნატვრები აქვს, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ სახელით გვინდა ვუსურვოთ სურვილების ასრულება, კიდევ მრავალი წარმატება და დიდხანს სიცოცხლე! ის, იმდენად ჩაფლულია თავის სამეცნიერო საქმიანობაში და იმდენად უანგაროდ ემსახურება ქართულ ფსიქოლოგიურ საქმეს, რომ ძალიან რომ არ გვეთხოვა, მისი მოღვაწეობის შესახებ დღესაც ნაკლებად ეცოდინებოდა საზოგადოებას... ფოტოც კი ჩვენი დაჟინებული თხოვნით გადაიღო... არადა, არ შეიძლება, ირაკლი იმედაძისნაირ მეცნიერებს მომავალი თაობა არ იცნობდეს და არ რჩებოდეს ისტორიას მისი სახე თუ ნამოქმედარი...