უნივერსიტეტის ეზოდან 3500 სახელობითი ბუშტის გაშვებით დასრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება. საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ღონისძიების ძირითადი ნაწილი განსხვავებულ — ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ონლაინ ღონისძიების მსვლელობისას თსუ-ის კურსდამთავრებულებმა ვირტუალური მანტია მოირგეს. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თსუ-ის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა მიულოცეს. ღონისძიების დასრულებისთანავე თსუ-ის კურსდამთავრებულებს ვებ-გვერდიდან gifme.ge სამახსოვრო ვირტუალური დიპლომების გადმოწერისა და საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. „ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი მიზნის მიღწევა, თუ არის სოლიდარობა, გუნდურობის შეგრძნება”, — განაცხადა ონლაინ ღონისძიებაზე თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მადლობა გადაუხადა ყველა სტუდენტსა და პროფესორს პანდემიის გამო შექმნილ ახალ რეალობაში სწავლისა და სწავლებისთვის.
„მადლობა უნივერსიტეტს იმისათვის, რომ, პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, შეძლო ეს დღეები ჩვენთვის დასამახსოვრებელი გაეხადა. მიხარია ისიც, რომ ამას საქართველოში პირველად აკეთებს თსუ. ყველა კურსდამთავრებულს წარმატებებს ვუსურვებ”, — განაცხადა თსუ-ის 2020 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულმა მარიამ ტატიშვილმა.
საზეიმო ონლაინღონისძიება სხვადასხვა საინტერესო დეტალისგან შედგებოდა: 22 ივლისიდან თსუ პირველ და მეათე (მაღლივ) კორპუსებში რეალური ფოტოზონები მოეწყო, სადაც სტუდენტები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. 31 ივლისს მოსიარულე ქარავანმა თბილისის ქუჩები მოიარა და საზოგადოებას „თსუ გამოშვება 2020”-ის შესახებ ამცნო. თსუ-ის ეზოდან ქარავანი საზეიმოდ გააცილეს დრამერებმა მუსიკის თანხლებით და სტუდენტებმა სკუტერებით. თსუ-ის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება საქართველოს ჰიმნით მიულოცა მსოფლიოში ცნობილმა მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ. მათ სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა უნივერსიტეტის დამთავრება დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილმა მომღერალმა ქეთი მელუამაც.