ნატო ობოლაძე
ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი კოვიდ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს გასული საუკუნის „დიდ დეპრესიას“ ადარებს. პანდემიით მიყენებული ზარალი მსოფლიო მასშტაბით საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი — პროცესი გრძელდება. იმ ფონზე, როდესაც „ეკონომიკა მედიცინის „მძევალია“, ეკონომისტებს მოვლენების განვითარების ზუსტი პროგნოზირება უჭირთ. შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენის რეკომენდაციებიც ზოგადი და, მეტწილად, ცვალებადია. დაზუსტებით არის ცნობილი, რომ საქართველოს, პოსტპანდემიურ პერიოდში, გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში საკუთარი ახალი ნიშის პოვნა მოუწევს. ვითარება უპრეცედენტოა, საკითხები მწვავე, კითხვა — ბევრი. არსებული ეკონომიკური მდგომარეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეცნიაზე -“გლობალიზიის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ — განიხილეს. ეს კონფერენცია კოვიდ პანდემიის პირობებში მეორედ ჩატარდა. წელს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა პანდემიით მიყენებული ზარალის გარდა, უკვე ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივების შესახებ წარმოადგინეს კვლევები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შედეგებს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები აფასებენ.
„ეს კონფერენცია იმით იყო გამორჩეული, რომ თუკი 2020 წლის სამეცნიერო ფორუმზე ნაშრომების აბსოლუტური უმრავლესობა კოვიდ 19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ-კრიზისულ სიტუაციაზე იყო ორიენტირებული, წელს მეტი მრავალფეროვნება შეინიშნებოდა. ეს მაძლევს იმის განცდას, რომ ეკონომისტების ნაწილისთვის ეკონომიკური კრიზისი აღარ არის პრიორიტეტული, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, თუმცა პანდემიით შექმნილი ვითარება გარკვეული პერიოდი მაინც დარჩება აქტუალურ კვლევის სფეროდ. აქ შემიძლია გაგიზიაროთ ერთი მარტივი აზრი — შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ატიპიურია, ანუ ის ეკონომიკაში არ ჩასახულა და ეკონომისტები მას ვერ დაამარცხებენ. ეს კრიზისი დამარცხდება მას შემდეგ, რაც დაძლეული იქნება პანდემია, ხოლო პანდემია უნდა დაძლიოს მედიცინამ, შესაბამისად, ეკონომიკა დღეს არის მედიცინის მძევალი“ — განაცხადა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად გლობალური ეკონომიკის ვარდნამ 4% შეადგინა, მსგავსი მასშტაბის რეგრესი ბოლო 80 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე არსებულ კრიზისს 1929-1933 წლების „დიდ დეპრესიას“ ადარებს. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ 4%-იან ვარდნას პანდემიის დაწყებიდან მხოლოდ 1 წელი დასჭირდა, რაც ასევე უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ ფონზე სამეცნიერო წრეების კვლევები, რომლებიც უცხოელ პარტიონრებთან ერთად საერთო პლატფორმაზე განიხილება, ადგილობრივ თუ ეკონომიკის გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად გარდამტეხ ფუნქციას იძენს.
„მსოფლიო ეკონომიკის ეს ვარდნა პროცენტებით შეიძლება არაფერს გვეუბნება, მაგრამ ეკონომიკა შემცირდა ტრილიონობით დოლარით, მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ცალკე აღებული საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთის მთლიანი ეკონომიკა — ამ მასშტაბის ვარდნაზეა საუბარი. შექმნილია სიტუაცია, რომელიც ძალიან ჰგავს „დიდი დეპრესიის“ პერიოდს, როდესაც მოსალოდნელი კრიზისის პროგნოზირება ვერ მოხდა და ეკონომიკური პოლიტიკის რადიკალური ცვლილება გახდა აუცილებელი იმისათვის, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსულიყო. აი, მსგავსი ვითარებაა მიმდინარე პერიოდში — ლიბერალიზმმა და სახელმწიფოს მინიმალურმა როლმა ვერ უზრუნველყო ეკონომიკის ვარდნის შეჩერება. თუმცა, განსხვავებულია კრიზისის გამომწვევი მიზეზი — პანდემია. მას „კოვიდ დეპრესიას“ ვუწოდებდი. უზარმაზარი დანაკრგი განიცადა ეკონომიკამ, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანურ დანაკარგზე, რაც ყველაზე მძიმეა. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევები, რომლებიც ცალკეული ქვეყნების ეკონომიკას ეხებოდა და საერთაშორისო კონტექსტში განიხილებოდა, იყო უაღრესად საინტერესო. მთლიანობაში სამეცნიერო ფორუმს მე დადებითად ვაფასებ“, — აღნიშნა აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ.
„ჩვენი ფაკულტეტის ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ყოველ წელს მონაწილე მკვლევართა რაოდენობა იზრდება, გამონაკლისი არც წლევანდელი სამეცნიერო ფორუმი ყოფილა. 16 თემატური სექცია და 2 პლენარული სხდომა სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემი ყურადღება რამდენიმე აქტუალურმა კვლევამ მიიქცია, რაც უშუალოდ პანდემიას არ უკავშირდება — მწვანე ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების, საგადასახადო კორუფციის თემებზე... ჩვენ ასევე ვმსჯელობდით, თუ რა ადგილს დაიჭერს საქართველო პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიდი ცვლილებები განხორციელდა, საქართველომ შეიძლება ექსკლუზიური კორიდორის ფუნქცია დაკარგოს და ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზება ახალ ფორმატში შევძლოთ. სამეცნიერო ფორუმზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ მომხსენებლებს შორის იყვნენ ჩვენი პარტნიორები გერმანიიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, ბალტიისპირეთიდან და, რა თქმა უნდა, კავკასიის რეგიონიდან“, — აღნიშნა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.
ფორუმზე განხილული კვლევები
ფორუმზე -“გლობალიზიის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ — 13 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი 16 თემატური სექციის ფარგლებში მსჯელობდა. წარმოდგენილი კვლევები განათლების სისტემის სრულყოფას, საქართველოს ეკონომიკურ მოდელს, უმუშევრობის დაძლევის მექანიზმებს, საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ტურისტული პოტენციალის ათვისების პერსპექტივებს, გლობალიზაციის პარადოქსებს, საგადასახადო კორუფციას და ა.შ. ეხებოდა.
კვლევა „საგადასახადო კორუფციის გაზომვის შესახებ“ აკადემიკოს ვალდიმერ პაპავას ეკუთვნის, რომელმაც თემაზე მუშაობა პროფესორ ნოდარ ხადურთან ერთად დაიწყო.
„20 წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ საგადასახადო კორუფცია გაგვეზომა, მაშინ ჩემს მოწაფეებთან და ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად გარკვეული კვლევა ჩავატარეთ. ამ ჯგუფში პროფესორი ნოდარ ხადურიც შედიოდა. 2019 წელს ვგეგმავდით კვლევის ერთობლივად განახლებას, თუმცა იგი გარდაიცვალა და დარჩა გარკვეული ვალდებულება, რომ საკითხი მისი ხსოვნის საპატივსაცემოდაც შეგვესწავლა“, — განმარტა ვლადიმერ პაპავამ.
სტატიაში შემოთავაზებულია კორუფციის გაზომვის ორი ხერხი — ორივე მათგანი ერთსა და იმაზე შედეგს იძლევა. ცალკეა განხილული ისეთი საკითხები, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგის დანერგვრის სპეციფიკასთან არის დაკავშირებული.
„ყველამ ვიცით, თუ რას ნიშნავს კორუფცია, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს მის გაზომვას, რათა მის აღმოსაფხვრელად სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. კორუფციის ერთ-ერთი სფეროა საგადასახადო სისტემა, როდესაც გადამხდელი თავს არიდებს გადასახადს სახელმწიფო მოხელესთან გარიგებაში შესვლის გზით. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა საგამოძიებო ორგანოს ფუნქციის შეთავსება, ჩვენი მიზანია გაზომვის ზუსტი ხერხის შემუშავება. მიდგომა შემდეგია — ერთმანეთს დარდება ეკონომიკური ზრდა და საგადასახადო შემოსავლების ზრდა, თუ შემოსავლების ზრდა ჩამორჩება ეკონომიკურ ზრდას, ესე იგი ადგილი აქვს საგადასახადო კორუფციას“, — აღნიშნა ვალდიმერ პაპავამ.
კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო კვლევა — „საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების პერსპექტივები კოვიდ 19-ის პადემიის პირობებში“. ნაშრომი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს ხათუნა ბერიშვილსა და მაგისტრ მარიამ ღუღუნიშვილს ეკუთვნით. კვლევაში აღნიშნულია, რომ „პანდემიის პერიოდში საქართველოში სავაჭრო დეფიციტი კვლავაც ღრმავდება, რაც საქართველოს ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებულ სხვაობაზე მიუთითებს. შესაბამისად, აღინიშნება საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო და ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.“
პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა „ეკონომიკის გლობალიზაციის პარადოქსები“ გააანალიზა. ავტორი ნაშრომში გლობალიზაციის დაწყებიდან გასულ სამ ათეულ წელს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ბევრი მეცნიერი გლობალიზაციას პოზიტიურ კონტექსტში განიხილავს. მას უკავშირებენ ზესახელმწიფო და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დონეებზე ეკონომიკური რყევების შერბილების, შრომის მწარმოებლური ამაღლების საფუძველზე ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს შორის ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის შერბილების პერსპექტივებს. თუმცა ახალი კვლევის შედეგად, ელგუჯა მექვაბიშვილი აცხადებს, რომ „გლობალიზაციის დაწყებიდან განვლილი სამი ათეული წლის კრიტიკული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები კი არ მოგვარებულა, არამედ პირიქით — გამწვავდა.“ აღნიშნულ ვითარებას ავტორი გლობალიზაციის პარადოქსებს უწოდებს და ყურადღებას პანდემიის ეკონომიკის გლობალიზაციაზე წინააღმდეგობრივი ზემოქმედების სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს.
გარდა აღნიშნული კვლევებისა, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმმა ეკონომეტრიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, თეორიული ეკონომიკის, მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკის, სტატისტიკის, აღრიცხვა, აუდიტი, ანალიზის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, ფინანსებისა და საბანკო საქმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, გლობალურ გარემოში მენეჯმენტის, გლობალიზაციის კონტექსტში რელიგიისა და ეკონომიკის სფეროები მოიცვა. ვრცლად ნაშრომების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს — https://bit.ly/3HrBYYP — მისამართზე შეუძლია.
ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის — „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ — შედეგების შეჯამებისა და, ზოგადად, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში მიმდინარე მოვლენების გაანალიზების შედეგად, ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ პანდემია არ შეჩერდა, ეკონომიკა ვერ განვითარდება. გარდა ამისა, მკვლევრების რეკომენდაციით, ამ პროცესში აუცილებელია სახელმწიფოს როლის გაძლიერება, ცოდნაზე დაფუძნებელი ეკონომიკის განვითარება.
„სახელმწიფოს აქტიური როლის გარეშე შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია. ადგილობრივ დონეზე წარმოქმნილი პრობლემების გასამკლავებლად აუცილებელი გახდა საგარეო ვალის ზრდა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, გამონაკლისი არც საქართველოა. ასევე, თუ პანდემია არ შეჩერდა, მხოლოდ ეკონომიკის ძალით აღმასვლა ვერ დაიწყება. წინა წელთან შედარებით, შედარებით გამოცოცხლება შეინიშნება — ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორნიშნა ციფრებში დაფიქსირდა. ეს ნამდვილად კარგი შედეგია, მაგრამ ჩვენი ორიენტირი პანდემიამდე არსებული ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელთან შედარებით ზრდა უნდა იყოს. დღეს ეკონომიკა ღია და ინტეგრირებულია, საქართველო, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია იმპორტზე, შესაბამისად, პანდემიის დარეგულირებამდე განვითარებაზე საუბარი რთულია, ვფიქრობ 2 ან 3 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ გარკვეული ძვრა დაიწყოს“, — აცხადებს აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.
„რატომღაც არსებობს ძალიან მარტივი მიდგომა, რომ თუ ეკონომიკური ზრდაა, უნდა გაიზარდოს საზოგადოების კეთილდღეობის მაჩვენებელიც, რაც არასწორი დამოკიდებულებაა, რადგან ეკონომიკური ზრდა სხვაა, კეთილდღეობა — სხვა. მიმდინარე წელს 9 თვის განმავლობაში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა, ამავე დროს, გვაქვს 13%-იანი ინფლაცია, ამ ფონზე კეთილდღეობა ვერ გაიზრდება, რადგან ეკონომიკური ზრდა, ფაქტობრივად, ინფლაციამ „შეჭამა“. ეკონომიკის ზრდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაა და ეს მიანიშნებს, რომ მან დაკისრებულ ვალდებულებას თავი კარგად გაართვა. ეროვნული ბანკის საქმიანობა კი არ არის წარმატებული. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას, ინფლაცია მთელ მსოფლიოშია გაზრდილი“, — განმარტავს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქართველომ ვითარებიდან გამოსვლის მიზნით აუცილებლად უნდა განავითაროს შიდა წარმოება — მრეწველობა, სოფლის მეურნეობა... მთავარი აქცენტი სახელმწიფომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაზე უნდა გადაიტანოს. როგორც ვალდიმერ პაპავა აცხადებს, ამ მიმართულების გასავითარებლად, საშუალოდ, 15 წელი იქნება საჭირო, პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ახალი გამოწვევა — პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში საკუთარი ნიშის პოვნაა.
„საქართველოში და არა მარტო საქართველოში დაიწყო ეკონომიკური ზრდა ისე, რომ პანდემია არ დასრულებულა და გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. რამ გამოიწვია ეს? იმან, რომ ეკონომიკა გაიხსნა, მაგრამ ეკონომიკა ასეთი ვერ დარჩება მას შემდეგ, რაც დასრულდება პანდემია. აქ საქართველო და მთელი მსოფლიო დგას ახალი გამოწვევების წინაშე — ე.წ. ფსევდო დეგლობალიზაცია. საქართველოს დასჭირდება მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ ახალ ვითარებაში მსოფლიო ეკონომიკაში იპოვოს თავისი ადგილი“, — აღნიშნავს ვლადიმერ პაპავა.
თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან მათი თანამშრომლობა და ახალი კვლევების შედეგების გაზიარება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„პანდემიის პირველი დღეებიდანვე, როდესაც ცხადი გახდა, რომ გვიწევს ეკონომიკური ლოკდაუნი, იყო შეხვედრების სერია ეკონომიკის მინისტრთან. იმ ეტაპზე ძალიან ძნელი იყო კონკრეტული რეკომენდაციის გაცემა, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ საჭირო იყო დამატებითი ფინანსური რესურსი, მაგრამ სად უნდა წასულიყო აღნიშნული რესურსი? — ეს იყო მთავარი კითხვა. სამწუხაროდ, ემპირიული მონაცემების ანალიზი არ იძლევა კონკრეტული დამაიმედებელი რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობას, თუმცა გამოიკვეთა, რომ წინა პლანზე მოდის ციფრული ეკონომიკა, სულ უფრო მეტი ბიზნესი იქმნება ვირტუალურ პლატფორმაზე. ჩვენმა უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯი და მაგისტრატურაში ციფრული ეკონომიკის მოდული დაინერგა, აქედან გამომდინარე, ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.
„თანამშრომლობა სამეცნიერო წრეებსა და სახელმწიფოს შორის სერიოზული პრობლემაა, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა ინსტიტუციურად იქ უკეთესად არის მდგომარეობა, მთავრობასა და მეცნიერებას შორის არხი გაჭრილია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში ქვეყნის მეთაურს თავისი ეკონომიკური საბჭო აქვს, რომელშიც ქვეყნის ცნობილი ეკონომისტები შედიან. საქართველოში ეს საკითხი ინსტიტუციურად ასე გამართული არ არის, თუმცა კომუნიკაცია საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან საკმაოდ ინტესიურია“, — აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სამეცნიერო ფორუმის გახსნაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემაც. სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ: „სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ ძალიან აქტუალურ საკითხებს მოიცავს. ზოგადად, გლობალიზაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ მისი თანმდევი სარგებლის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რომელიც დღის წესრიგში კოვიდ პანდემიამ დააყენა, რაც სამართავად რთული პროცესია. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა ეკონომიკის განვითარებისა და პროდუქტიულობის თვალსაზრისით, ამიტომ აუცილებელია ქვეყნებმა იპოვონ შესაბამისი ბალანსი“, — განაცხადა მინისტრმა.
სამეცნიერო ფორუმი — „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ — 5 ნოემბერს ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდა.