მარიამ მებონია, თსუ-ის სტუდენტი:
– ონლაინ ლექციებზე ულიმიტო ზუმი კარგი იქნებოდა, ყოველ 40 წუთში თავიდან შესვლა აღარ მოგვიწევდა, რაც ნამდვილად ქმნის გარკვეულ დისკომფორტს. ამასთან, ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემაც ხშირად გვაქვს სტუდენტებს, განსაკუთრებით საგნების არჩევის დროს. ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარებულიყო.
ლაშა საღინაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
– პირველ რიგში, ის რაც უკვე ვთქვი, არის სურვილი, რომ ზუმის ხსენება აღარ იყოს და მეორე სემესტრიდან შევძლოთ ფიზიკურად გავაგრძელოთ სწავლება აუდიტორიებში. თუ ეს ჩვენ ვერ შევძელით, გარკვეული ჰიბრიდული მეთოდებით შეგვიძლია სწავლება გავაგრძელოთ.
რაც შეეხება ზუმის ლიცენზიას, ჩვენ 2020-შიც შევისყიდეთ და 2021–შიც ზუმის 500 ულიმიტო ლიცენზია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 40 წუთის შემდეგ წყვეტა არ უნდა იყოს. თუმცა ერთი გარემოება არის ყურადსაღები, რომ 500 ლიცენზია ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას. აკადემიურ პერსონალს, ვისაც უწევს შესაბამის დიდ ჯგუფებთან ურთიერთობა, ყველას ულიმიტო და zoom education-ის პაკეტი აქვს, მაგრამ გვყავს მოწვეული ლექტორები, რომელთაც არ აქვთ ეს შესაძლებლობა და ეს პრობლემა რეალურად დგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე სემესტრიდან ვფიქრობთ, რომ საერთოდ არ დაგვჭირდეს, მაგრამ, თუ მომავლისთვის კიდევ დაგვჭირდება ზუმის შესყიდვა, 500 ლიცენზიაზე მეტის ყიდვის შესაძლებლობას გავაჩენთ, რომ კიდევ და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სალექციო სივრცე დავფაროთ.