ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი ახალ პროექტს — „სტუდენტი მენტორი“ — იწყებს. პროექტის მიზანი სტუდენტი მენტორების გადამზადებაა, რომლებიც პირველ და მეორე კურსელ სტუდენტებს კარიერული განვითარების საკითხებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ. კონკურსში მონაწილეობის მიღება მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
კარიერული განვითარების მიმართულებით სტუდენტი მენტორების საქმიანობა დასავლეთის უნივერსიტეტებში საკმაოდ აპრობირებული პრაქტიკაა. შექმნილია ე.წ. სტუდენტების სტაფები, რომლებიც უმცროსკურსელებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს აცნობენ.
„მენტორებს კონკურსის შედეგად ავარჩევთ. კონკურსანტებს ორ თემაზე გავესაუბრებით: 1. მათ უნდა დაახასიათონ საკუთარი კარიერა თანამედროვე კარიერული მოდელების მიხედვით. 2. იმსჯელონ თავისი კარიერის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ანუ ე.წ. სმარტ-ანალიზი. შერჩეულ მენტორებს მომავალი წლის თებერვალში ჩაუტარდებათ ტრენინგები, რაც გუნდური მუშაობის, სწავლების მეთოდების, მენჯმენტისა და კარიერის მართვაში კონკრეტული უნარების გამომუშავებას გულისხმობს. მომდევნო 6 თვის განმავლობაში ისინი უკვე სტუდენტების მენტორები იქნებიან და მათ კარიერის დაგეგმვაში დაეხმარებიან. მიაწოდებენ ინფორმაციას თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების, CV-ის სწორად შედგენისა და დამსაქმებლებთან გასაუბრების წარმატებულად წარმართვის შესახებ. ჩვენს პროექტში ჩართულ მენტორებს გარდა იმისა, რომ საკუთარი კარიერის სწორი ანალიზის უნარი ჩამოუყალიბდებათ, ტრენინგების ჩატარება ოფიციალურ სტაჟირებად ჩაეთვლებათ, რაც მათი შემდგომი დასაქმების პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტი გასულ წელს პილოტურ რეჟიმში უკვე ჩატარდა და ამ პროექტის ფარგლებში დატრენინგებული სტუდენტები მენტორებად საქმიანობას კონკურსგარეშე გააგრძელებენ“, — აცხადებს თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი.
თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი მომავალი წლიდან სტუდენტებს პროფესიული ინგლსიური ენის კურსებსაც შესთავაზებას. პროექტის დასაწყებად პოტენციურ დამსაქმებლებთან და უნივერსიტეტის ცენტრალურ ადმინისტრაციასთან მოლაპრაკებები უკვე მიმდინარეობს.