ნატო ობოლაძე
არღვევს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს? რამდენად გაუმკლავდა საქართველოს კანონმდებლობა COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებს? რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება და რას მოიაზრებს სიტყვა — „სავალდებულო“? – აღნიშნულ კითხვებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა, 2 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნის საპანელო სხდომაზე უპასუხეს. საპანელო დისკუსიას — „პანდემიის დროს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, დაწესებული შეზღუდვები და ვაქცინაციის საკითხები“ — მოდერატორობა თსუ-ის საერთაშორისო სამართლის პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ გაუწია.
„პანდემიის გამო დაწესებული შეზუდვების ლეგიტიმურობასა და პროპორციულობასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თხოვნითა და გაეროს მხარდაჭერით, მერგო პატივი, გამომეკვლია ეს საკითხი. თუ ამ კვლევის მიგნებებს განვაზოგადებთ, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ აღმოჩნდა მზად — გაეცა სათანადო პასუხი კორონავირუსის გამოწვევისათვის და, ამიტომ, საჭიროა ჩატარდეს საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც ადეკვატურად განსაზღვრავს პანდემიის დროს ადამიანის უფლებების შეზღუდვების ლეგიტიმურობასა და პროპორციულობას.
ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არ არის ერთიანი პოზიცია ვაქცინაციის მიმართ. ჩვენი მიზანია, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში გარკვეული წვლილი შევიტანოთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი — „სავალდებულო“ — საზოგადოებას განვუმარტოთ სწორად — ეს არ ნიშნავს, რომ პირს ფიზიკური ძალდატანებით გაუკეთებენ ვაქცინას. ვაქცინირებაზე უარის თქმა პირს შეუძლია კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების (სამედიცინო ჩვენებების და სხვა) არსებობის შემთხვევაში“, — აღნიშნა კონსტანტინე კორკელიამ.
მოხსენება თემაზე — „სავალდებულო ვაქცინაცია — უფლების დაცვა თუ დარღვევა? ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა“ — თსუ-ის საერთაშორისო სამართლის ასისტენტ პროფესორმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტმა ნანა მჭედლიძემ წარმოადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზების ნიადაგზე მკვლევარმა აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას იმ შემთხვევაში, როდესაც ვაქცინირებული მოსახლეობის დაბალი მაჩვენებლის ფონზე ვირუსის გავრცელება მაღალია.
„ვაქცინაციაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ჭრილში ამ საკითხის შეფასებისას მხედველობაში იღებს თანამედროვე მედიცინის მიდგომას, რომლის თანახმადაც, აცრა გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ხელმისაწვდომი მეთოდებიდან ყველაზე ეფექტური და უსაფრთხოა. ამასთან, ევროპული სასამართლო ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს სახელმწიფოებს — მათ წინაშე არსებული გამოწვევების მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება ნებაყოფლობით თუ სავალდებულო ვაქცინაციაზე და საკითხს ინდივიდის/საზოგადოების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულების პერპექტივიდან განიხილავს.
იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ სასამართლოს ყივანახველას, დიფტერიის, პოლიომიელიტის და სხვა გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ დაუდგენია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა, სრულიად თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, სასამართლოს პოზიცია უცვლელი იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით სიცოცხლე შეიწირა. სასამართლო კვლავაც ყურადღებას გაამახვილებს საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე, განსაკუთრებით, იმ პირებისა, რომლებიც ასაკის თუ სხვა გარემოებების გამო მოწყვლადები არიან და რომელთა დასაცავადაც მოსახლეობას, საზოგადოებრივი სოლიდარობიდან გამომდინარე, ეთხოვება, გასწიოს მინიმალური რისკი აცრის სახით“, — განმარტავს ნანა მჭედლიძე.
საქართველოში არსებული ვითარებისა (ვირუსის გავრცელების, ვაქცინაციის მაჩვენებლისა და კანონმდებლობის ეფექტიანობის ანალიზი) და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამართლის ექსპერტებმა კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს: ეროვნული საკანონდებლო ბაზის დახვეწა; პამდემიის მართვისას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა მიერ გადაწყვეტილებების ობიექტური რეალობის გათვალისწინებით მიღება; ვაქცინირებული მოსახლეობის დაბალი რაოდენობის შემთხვევაში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება; სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შემთხვევაში ობიექტური მოცემულობის ნიადაგაზე ვაქცინაციაზე კეთილსინდისერი წინააღმდეგობის დროს მოქალაქეებისთვის შესაბამისი სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა.
სამართლის ექსპერტები, ასევე, მიიჩნევენ, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება არის გზა ვაქცინაციის მომხრე და მოწინააღმდეგე მოსახლეობას შორის წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად. ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3DoPN6W
ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული 2014 წლიდან ტარდება. 2021 წლის კვირეულში საქართველოს 14 უნივერსიტეტის სამართალმცოდნეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.