Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები - გავლენა აზერბაიჯანელ მოქალაქეთა ინტეგრაციაზე საქართველოში

ერთი წელი გავიდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ახალ ფაზაზე გადასვლიდან. ამ ერთ წელიწადში კონფლიქტის შედეგების გადააზრება სხვადასხვა რაკურსით მოხდა, თუმცა კვლევა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულების დოქტორანტის თაკო თოლორდავას ავტორობით, რომელმა რუსთაველის ფონდის დაფინანსება მოიპოვა, კონფლიქტის ახალი კუთხით დანახვის შესაძლებლობას იძლევა და განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის. 
 

კვლევის თემაა „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული უმცირესობის ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის პროცესზე“. როგორც თაკო ამბობს „რეგიონულ კონფლიქტებს ახასიათებთ რელოკალიზაცია, მით უფრო, თუ ამ კონფლიქტის მხარის წარმომადგენლები არიან შენი ქვეყნის მოქალაქეები და ყველაზე დიდი ორი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 10,8 % შეადგენს (2014 წლის  საყოველთაო აღწერის მიხედვით). აისახება თუ არა ეს ყოველივე აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის პროცესზე? - გიპასუხებთ რომ დიახ...“ 
 

თაკოს თემით დაინტერესების მიზეზებსა და კვლევის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვკითხეთ: 

რამ გამოიწვია ამ თემით თქვენი დაინტერესება? 
 

ყოველთვის მაინტერესებდა ურთიერთობები და მისი მართვა, კონფლიქტები, რომელიც ყველა დონის და სიდიდის ურთიერთობებს სწავლობს - იქნება ეს საერთაშორისო, ჯგუფებს შორის, ინდივიდის დონეზე თუ თავად ამ ინდივიდში მიმდინარე. იმდენად საინტერესო და გამოსადეგი მეცნიერებაა, სიმართლე გითხრათ მე, როგორც სოციალური მეცნიერებების ბაკალავრმა, გვერდი ვერ ავუარე და მაგისტრატურაც ამ მიმართულებით გავაგრძელე. ვთვლი რომ, ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ასეთი რთული გეოპოლიტიკური მდებარეობით, ეთნიკური უმცირესობების საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება დიდი შეცდომაა. ასე რომ, ქვეყნის უსაფრთხოების თემით დაინტერესებულმა ადამიანებმა, რაც შეილება მეტი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით. 
 

რას გულისხმობს კონკრეტულად კვლევა, რა კითხვებზე ეძებთ პასუხს? 
 

ბოლო წლებში ქვემო ქართლში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ენობრივი ბარიერის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი (2014 წლის საყოველთაო აღ. ქვემო ქართლის მოსახლეობის 41,75% ეთნიკურად აზერბაიჯანელია) სრულად მოწყვეტილია ქართულ საინფორმაციო სივრცეს და ინფორმაციას აზერბაიჯანული წყაროებიდან იღებს, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგიონში სამოქალაქო განწყობებს არა ქართული, არამედ აზერბაიჯანული რეალობა ჰქმნის. ეს ყოველივე, თავის მხრივ, ზრდის უხეშად რომ ვთქვათ ყარაბახის კონფლიქტური განწყობების რელოკალიზაციის საფრთხეს.  
 

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ისედაც რთულად მიმდინარე ინტეგრაციის პირობებში, ქართული სახელმწიფო ეჯახება ახალ გამოწვევას, რომელმაც შესაძლოა ინტეგრაციის პროცესი მეტად შეაფერხოს. ეროვნულ დონეზე ეთნოსების გაუცხოების პროცესი ორი ქვეყნის პრობლემას გაცდა და რეგიონალური ხასიათი მიიღო. ქართული სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა მოახდინოს ეთნიკური უმცირესობების ერთმანეთში ჰარმონიული თანაცხოვრებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის მიზანიც ესაა, რომ გამოყოს კონფლიქტის ის საკვანძო მახასიათებლები, ქვემო ქართლის მოსახლეობის, ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებთან მუშაობის შედეგად, რომლებიც გავლენას ახდენენ ინტეგრაციის პროცესზე. 
 

რამდენიმე სიტყვა მეთოდოლოგიაზე - რა მეთოდოლოგიით ფიქრობთ ამ კითხვებზე პასუხის პოვნას? რა ვადებში?
 

კვლევა ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს. შეიძლება ითქვას წარმოდგენილია კვლევის კომბინირებული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს როგორც სიღრმისეულ ინტერვიუებს, ისე - ფოკუს-ჯგუფებსა და ა.შ. კვლევის სამიზნე ჯგუფია - თბილისსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა (+16). შერჩევის ზომა - 700-800 რესპოდენტი. შერჩევის ამ მაჩვენებლით კვლევა რეპრეზენტატული იქნება. პროექტის გაწერილია 18 თვეზე, თუმცა მის თეორიულ ჩარჩოზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პროექტის საბოლოო ხანგრძლივობა 2 წელია.