Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ბერიაშვილი: „მათემატიკა თუ ასეთი ფართომასშტაბიანი იქნებოდა, არ წარმომედგინა. რაც უფრო უკეთ გავეცანი, მივხვდი - სწორი გადაწყვეტილება იყო...“

“მათემატიკა ჩემთვის ჰაერივით არის. ხომ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც სამსახურისგან იღლები, მე პირიქით ვარ - თუ მეცნიერული თვალსაზრისით არ ვმუშაობ, ვგულისხმობ კვლევას, ძალიან მაკლია და ვხვდები, რომ მჭირდება,“ - თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი მარიამ ბერიაშვილი მათემატიკამ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან გაიტაცა. გატაცება მოგვიანებით პროფესიად აქცია და დღეს ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისეთ საკითხებზე მუშაობს, რაც საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერთა სიაში განსაკუთრებულ ადგილს ჰპირდება.

მარიამის მათემატიკისადმი სიყვარული სათავეს ოჯახიდან იღებს. მათემატიკოსი მშობლების დამსახურებით, ციფრებთან ურთიერთობა პატარა ასაკიდან უწევდა, ინტერესიც სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ მეოთხე კლასში მყოფმა გადაწყვიტა მათემატიკოსი გამხდარიყო და მას შემდეგ ეს გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, მისი მომავალი პროფესია ასეთი ფართომასშტაბიანი და შრომატევადი თუ იქნებოდა, თუმცა როდესაც ბავშვობაში დასახულ მიზანს 18 წლის ასაკში მიაღწია - მათემატიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი გახდა და მალევე მეცნიერებასთან  პირველი შეხება მოუწია, საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დარწმუნდა და ეს გადაწყვეტილება დღემდე არასდროს უნანია. 

„ჩემი საბაკალავრო ნაშრომი უნივერსიტეტში, დისკრეტული მათემატიკის კათედრაზე შესრულდა. ამ პერიოდიდან უკვე პირველი ნაბიჯები გადავდგი მეცნიერებისკენ. ამის შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე და ჩვენს უნივერსიტეტსა და ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად გერმანიაში წავედი. სწორედ ამ დროიდან დაიწყო საერთაშორისო მიმართულებით მეცნიერებასთან ჩემი კავშირი,“ - აღნიშნავს მარიამი.

მოგვიანებით ეს კავშირი უფრო გაფართოვდა, როდესაც მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მარიამმა დოქტორანტურის საფეხურზე ჩააბარა და საკვლევ თემად, საქართელოში ნაკლებად აქტუალური, სიმრავლური თეორიის საკითხები აირჩია. ამ არჩევანს კი მალევე შემდგომი წარმატებები მოჰყვა - ჯერ მის მიერ მიღებული შედეგები საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა, შემდგომ კი გერმანიაში კვლევითი სტაჟირებით მყოფმა გერმანელ მეცნიერთან ერთად DAAD-ის კვლევითი გრანტი მოიპოვა და კვლევა მასთან ერთად წარმატებით გააგრძელა.

„ჩემი და გერმანელი მეცნიერის რალფ შინგლერის კვლევებით მიღებული შედეგები ციტირებულ იქნა სხვადასხვა ავტორის წიგნებში. მათ შორის ყველაზე  ემოციური და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი კი იყო: შპრინგერის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში, რომელიც კომბინატორულ თეორიას ეხებოდა, ჩვენ მიერ მიღებული შედეგი ხაზგასმული, როგორც - მნიშვნელოვანი შედეგი. ზოგადად, საქართველოში ეს საკითხები, სიმრავლური მოდელების აგება, არ ისწავლება და არც ვიცნობ სხვა მეცნიერს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს,“ - ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.

საქართველოში ნაკლებად გავრცელებულ მათემატიკურ საკითხებზე კი მარიამი ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვა მეცნიერებთან ერთად მუშაობს, რომლებიც ყოველკვირეული სემინარებით სხვადასხვა კვლევებს აკეთებენ. ამის პარალელურად, ახალგაზრდა მეცნიერი „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის“ წევრი და სწავლული მდივანი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი „ევროპის სიმრავლეთა თეორიის ასოციაციის“ წევრია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მეცნიერებთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალთან.

„ვფიქრობ, საერთაშორისო მეცნიერებთან ერთად დავგეგმავ ისეთ კვლევებს, რაც სიმრავლური თეორიის მიმართულებას საქართველოში მეტად პოპულარულს გახდის,“ - გეგმავს თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ახალგაზრდა მეცნიერი მარიამ ბერიაშვილი.