Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევა მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვების დიაგნოსტირების გასაუმჯობესებლად

„მეტყველების განვითარების დარღვევები ბავშვებში XXI საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომ მისი მიზეზების კვლევა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა ყველა ქვეყნის მეცნიერის ინტერესის საგანია. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც რუსთაველის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი სადოქტორო კვლევის თემაა „მეტყველების განვითარების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური და ნეიროლინგვისტური ანალიზი“. კვლევის ავტორია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი ირინე დოღაძე.

თავად ასე აღწერს პროფესიული არჩევანის გაკეთების გზას: „დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის მიმართულებით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანის თავის ტვინსა და ფსიქოლოგიურ პროცესებს შორის ურთიერთკავშირის კვლევა. სწორედ ამიტომ, გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაში კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით, შემდეგ კი დოქტორანტურაში“.

საკვლევი თემა პროფესიული საქმიანობის დაწყებისა და ბავშვთა აბილიტაციის ცენტრებში მუშაობის დროს აღმოაჩინა.

„ენის განვითარების სირთულეების მქონე მოზარდებთან მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად მათი დიაგნოზების განსხვავებულობისა, ისინი იზიარებდნენ ბევრ საერთო მახასიათებელს.აქედან გაჩნდა იდეა, რომ მეკვლია ის დამატებითი ფაქტორები, რომელთა გამორკვევა გააუმჯობესებდა სწორი დიაგნოსტირებისა და შემდგომ ჩარევის ეფექტურობას. აშკარა იყო ისიც, რომ მათთან ეფექტური მუშაობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორდა ადრეულ დიაგნოსტირებას. ბავშვებთან მომუშავე ყველა სპეციალისტი ერთხმად თანხმდება, რომ განვითარების პროცესში სხვადასხვა სირთულის, მათ შორის, ენობრივი პრობლემების ადრეულ ასაკში აღმოჩენას არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ჩარევის სარგებლიანობისთვის. მშობელი უნდა იყოს ყურადღებით და თუკი ბავშვი 1 წლის ასაკში არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს, 2 წლისთვის კი მარტივ წინადადებებს, აუცილებლად გამოარკვიოს ამის მიზეზები. გარდა ამისა, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ბავშვებისთვის ენის სირთულეები განსხვავებულად შესაძლოა გამოვლინდეს.შესაბამისად, ჩემი კვლევის მიზანს ენისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე ბავშვების ენობრივი პროდუქციის ნეიროფსიქოლოგიური და ლინგვისტური ანალიზი წარმოადგენს”. – განმარტავს მკვლევარი.

კვლევის მეთოდოლოგია გულისხმობს ბავშვის ვერბალურ ქცევაზე დაკვირვებას ფორმალურ და არაფორმალურ სიტუაციაში, შემდგომ კი მის გაანალიზებას სხვადასხვა ლინგვისტური კრიტერიუმების გათვალისწინებით. კვლევა შეეხება სამი ჯგუფის ენის დარღვევის, აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ტიპიური ენობრივი შესაძლებლობების მქონე, ჯამში 180 ბავშვის შეფასებას.

როგორც ირინა დოღაძე ამბობს, კვლევაში მონაწილეები შეირჩევა ფსიქიატრის დასკვნის საფუძველზე. ტიპიური ენობრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მოძიება კი მოხდება ადრეული განათლების სისტემაში, საბავშვო ბაღებში.

მკვლევარის თქმით, აღნიშნული კვლევა პირველია ქართულენოვანი ბავშვების პოპულაციაში. მიღებული შედეგები კი უნიკალური, რადგან ასახავს ქართულ ენაზე მოსაუბრე მოზარდების ინდივიდუალურ თავისებურებებს.

„შედეგად, მივიღებთ მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო ინფორმაციას იმ მარკერების გამოდიფერენცირებით, რომელიც ქართულ ენაზე მოსაუბრე ბავშვებისთვის არსებითია. მის საფუძვლად მდებარე ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმის ახსნა დაგვეხმარება სწორი ჩარევის გეგმის შემუშავებასა და შესაბამისად, ბავშვთა აბილიტაციის პროცესის სარგებლიანობის გაზრდაში“. - ამბობს იგი.