Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირმა ხარშილაძე: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აზროვნება ახალგაზრდებს ეხმარება სამართლის სხვა დარგების შესწავლასა და კვალიფიციურ იურისტებად ჩამოყალიბებაში.”

ირმა ხარშილაძე თსუ სამართლის ფაკულტეტის პროფესორია. ამ სფეროსადმი ინტერესი ბავშვობაშივე გაუჩნდა. იურისტების ოჯახში გაიზარდა და მისი არჩევანი ბუნებრივიც იყო. საჯარო სამართლისადმი განსაკუთრებული ინტერესი მეორე კურსიდან აღმოაჩინა. განსაკუთრებული ზეგავლენა ამ არჩევანზე ბატონმა გივი ინწკირველმა მოახდინა, -“მას ისე კარგად ჩავაბარე გამოცდა, რომ ჯერ კიდევ პირველკურსელ სტუდენტს მირჩია, რომ სამეცნიერო კუთხით  გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა.”

სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით,  -“ბატონი ვალერი ლორია იყო ჩემი უცვლელი მეცნიერ - ხელმძღვანელი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ინტერესის სფერო არის ადმინისტრაციული სამართალი. ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ამ დარგში. მოხდა ადმინისტრაციული სამართლის რეფორმირება, მისი ახლებურად ჩამოყალიბება, რამაც საშუალება მომცა აქტიურად ჩაბმული ვყოფილიყავი ამ საქმიანობაში,”-ამბობს მეცნიერი.

კარიერულ გზაზე სირთულეები, რასაკვირველია, იყო, თუმცა ფიქრობს, რომ  შეძლო ამ გამოწვევების გადალახვა. “საკმაოდ მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ.  შემიძლია ვთქვა, რომ შრომა არ იკარგება და  შესაბამისად, აისახება ნებისმიერი ადამიანის კარიერაში”.

ირმა ხარშილაძე სამეცნიერო კვლევების გარდა მომავალი თაობების აღზრდითაცაა დაკავებული. მისი აზრით, ყოველი კვლევის მიზანი ახალგაზრდებისათვის შესაბამისი ცოდნის გაზიარებაა. ეს საქმიანობა, პირველ რიგში, სტუდენტების დაინტერესება და მათთვის მაღალკვალიფიციური განათლების მიცემაა. “ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული ახალგაზრდებთან ურთიერთობაა. დღევანდელი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად დავაფასე მათთან გატარებული თითოეული დღე. აუდიტორიაში შესვლა და ლექციის წაკითხვა დიდი ბედნიერებაა. მახარებს ჩემი სტუდენტების წარმატებები,”-აღნიშნავს პროფესორი.

კოლეგებთან ერთად ჩართული იყო ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა რეფორმაში. მოპოვებული აქვს არაერთი გრანტი. მათ შორის აღნიშნავს თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის პროექტს - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პროცედურების დანერგვის ხელშეწყობა’’, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. “აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მერიისა და გამგეობის, საკრებულოების თანამშრომლებთან. მოხდა მათი გადამზადება ზოგადი  ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში. ამ პროექტის შედეგად ჩატარებული კვლევის შედეგად, ჩემსა და პაატა ტურავას მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთათვის შეიქმნა სახელმძღვანელო ,,ადმინისტრაციული წარმოება“. აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული საჯარო სამსახურის რეფორმირების სფეროში. ჩვენს მიერ შემუშავდა საჯარო სამსახურის განვითარების კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედო ახალ კანონს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“. ასევე მუშაობამ მომიწია თვისობრივად ახალ ზოგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტზე. ჩემი და ჩემი კოლეგების მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, საქართველოში პირველად გამოიცა სახელმძღვანელო კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში. იგი შეიქმნა გერმანელ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად.”

აღსანიშნავია, რომ მეცნიერის მიერ საუნივერსიტეტო თუ სხვა საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები არაერთგზის ასახულა საკანონმდებლო დონეზე. მიწვეული იყო კონსულტანტად მეცხე მოწვევის პარლამენტში.

“ქართული სამართალი ისტორიულად რომანულ - გერმანული სამართლის სისტემას მიეკუთვნება, თუმცა დღეს იგი შერეული ტიპისაა. ვფიქრობ, გერმანული სამართალის ზეგავლენა აშკარად იგრძნობა ადმინისტრაციულ სამართალზე, თუმცა, ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ქართული რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება გაზიარებული იქნეს ინგლისური სამართლის მიდგომებიც,”-ფიქრობს მეცნიერი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თსუ-ის პროფესორი ჩართული იყო ახალი ტიპის ზოგადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტზე მუშაობაში, სადაც აქტიურად განიხილავდნენ ადმინისტრაციული გადაცდომისა და სისხლის სამართლის გამიჯვნის აქტუალურ საკითხებს. მისი აზრით, ის სამართალდარღვევა, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას, არ უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ გადაცდომად. ამ კუთხით საინტერესო საერთაშორისო გამოცდილებასაც იშველიებს: “ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ დარღვევები ,,მისდიმინორებად“ მიიჩნევა, კონტინენტური სამართლის ბევრი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსით - დელიქტებად მოიხსენიებენ მათ. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ დაადგინა: ,,საზოგადოებაში, სადაც მოქმედებს კანონის უზენაესობა, იძულების ღონისძიება თავისუფლების აღკვეთის სახით მიეკუთვნება სისხლის სამართლის სფეროს“-აღნიშნავს პროფესორი.

ამჟამად მეცნიერი საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში ჩართულია არაერთ მნიშვნელოვან კვლევაში. თითქმის დასრულებული აქვს სამოხელეო სამართლის სახელმძღვანელოზე მუშაობა. ახალი გრანტის ფარგლებში ქმნის სახელმძღვანელოს, რომელიც შეეხება საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ფორმებს. ვინაიდან, ამ კუთხით არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, ეს ართულებს არსებული პრობლემების დამუშავებას. კვლევის მიზანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ სახელმძღვანელო, რომელიც მათ დაეხმარება შესაბამისი სამართლებრივი საკითხების შესწავლაში. დოქტორანტ სტუდენტებთან ერთად მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნების ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოზე, რომელიც სტუდენტებს და პრაქტიკოს იურისტებს დახმარებას გაუწევს სხვადასხვა პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაში.

“მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აზროვნება ახალგაზრდებს დაეხმარება სამართლის სხვა დარგების შესწავლასა და კვალიფიციურ იურისტებად ჩამოყალიბებაში.” სტუდენტებს კი ურჩევს, რომ გამოიყენონ თითოეული შესაძლებლობა ცოდნის შესაძენად და პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებლად.