Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დოქტორანტის კვლევა რეგიონების საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად

ზურა გამთენაძე თსუ ეკონომიკისა და ბიზნების ფაკულტეტის Ph.D. სტუდენტია. მისმა კვლევამ „საქართველოს მუნიციპალიტეტების სტრატეგიული მენეჯმენტის თავისებურებები საინვესტიციო გარემოს საკითხებში“ რუსთაველის ფონდის მხარდაჭერა მოიპოვა. კვლევის ფარგლებში ინტერაქტიული რუკის შექმნაა განსაზღვრული, რომელსაც რეგიონული განვითარების სამომავლო გეგმების შემუშავების დროს, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა ქონდეს. თავად მკვლევარი ამბობს, რომ მისი ინტერესის სფერო ადგილობრივი თვითმმართველობებია, რომელსაც სწავლების სამივე საფეხურზე იკვლევს - სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების კვლევით არის დაკავებული, რომელიც სამეცნიერო დონეზე უფრო საინტერესოა მისთვის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Ph.D.-ზე სწავლაც. ამასთან, რადგან რეგიონების შემსწავლელი მეცნიერებები, როგორც უცხოურ უნივერსტიტეტებში იხსენიებენ - Regional Studies, ნაკლებადაა საქართველოში განვითარებული, სურს აღნიშნული დარგის განვითარებაში სამეცნიერო და აკადემიური წვლილი შეიტანოს. დღეს ზურა კვლევის შესახებ უფრო დეტალურად გვესაუბრება: 


 

საბაკალავროზე სწავლის პერიოდიდან დაინტერესებული ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების კვლევებით. აღნიშნული პროექტიც რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობას და მუნიციპალიტეტების მხრიდან ინვესტიციების მენეჯმენტს ეხება. პროექტის ფარგლებში იგეგმება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე საინვესტიციო კომპანიების კვლევა. მნიშვნელოვანია ამ ორ მხარის საჭიროებებისა და შესაძლებლობების დადგენა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. პროექტის წარმატებით დასრულების ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი ინტერაქტიული რუკაა. ვინაიდან კვლევა მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენტუნარიანობასაც ეხება, კონკრეტულად გამოყოფილი რაიონები არ არის. იგეგმება ყველა მუნიციპალიტეტის კვლევა.


რამდენად იძლევა კანონმდებლობა მუნიციპალიტეტების რეალური თვითმმართველობის შესაძლებლობას?
 

კვლევის ამოსავალი წერტილიც სწორედ ის არის, რომ კანონმდებლობა რეალური თვითმმართველობის განხორციელების საშუალებას ნაკლებად იძლევა, განსაკუთრებით ეკონომიკური სტიმულირების საკითხებში. კვლევის ერთ-ერთი მიზანი იმ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გამოკვეთაა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეხმარება საკუთარი რესურსები მაქსიმალურად გამოიყენონ მეტი დოვლათის შესაქმნელად.
 

როგორია თქვენი კვლევის მეთოდოლოგია და სამოქმედო გეგმა, რა აქტივობებს დაეყრდნობით ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად?
 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყველა იმ ცვლადის იდენტიფიცირება, რაც ინვესტიციების კონკრეტულ ქვეყანაში, რეგიონში ან მუნიციპალიტეტში დაბანდებას უწყობს ხელს. შემდგომ, ადგილობრივი თვითმმართველობების კონკურენტული უპირატესობების გამოყოფა და მათი ანალიზი; საინვესტიციო კომპანიებთან ან ინვესტიციების ჩამდებ კომპანიებთან ლოკაციის არჩევის შესახებ კვლევა. ბოლო ეტაპზე კი მიღებული შედეგების გაციფრულება. აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამოცდილების კვლევაც და გაზიარებაც, შესაბამისად, იგეგმება სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. 
 

როგორია მოლოდინები შედეგებთან და უშუალოდ პროცესთან დაკავშირებით? რომელია თქვენთვის განსაკუთრებით ყველაზე საინტერესო ნაწილი? 
 

ყველაზე საინტერესო ნაწილი ბოლო ეტაპი იქნება, რომელიც რუკის შექმნას გულისხმობს. ყველა შედეგი, რაც პროექტის ფარგლებში იქნება მიღებული რუკაზე აისახება. ვინაიდან აღნიშნული ვებ- პროგრამირებას ეხება და ჩემთვის პირველი საქმიანი შეხება ამ სფეროსთან, საპასუხისმგებლო გამოწვევაა, თუმცა, საამაყოც.