Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამბაქოს კონტროლის შედეგები - თსუ დოქტორანტის გამარჯვებული კვლევა

შეძლო თუ არა ხელისუფლებამ „თამბაქოს კონტროლი“, როგორ აისახა მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანებზე? - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს თსუ დოქტორანტის გიორგი მჟავანაძის კვლევა, რომელიც რუსთაველის ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. კვლევის სახელწოდებაა  „თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ზეგავლენა მოწევის გავრცელებაზე, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილებაზე საქართველოში“. გიორგითსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტია, სწავლის პარალელურად, ცხადია, სტუდენტებსაც უზიარებს საკუთარ ცოდნას და ამბობს, რომ ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს. 
საკვლევი თემა სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას აღმოაჩინა - როცა თამბაქოს რეგულირების ეკონომიკურ ანალიზს აკეთებდა. 
მკვლევარი განმარტავს, რომ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით, 2017 წელს საქართველომ დაიწყო რადიკალური ცვლილებების განახორციელება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის და თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის მიმართულებით. მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა აქციზი სიგარეტზე და თამბაქოს პროდუქციის სხვა ნაწარმზე. ამავდროულად, აიკრძალა ა) მოწევა ნებისმიერი ტიპის დახურულ სივრცეში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, ბ) თამბაქოს და მისი ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამირება და სპონსორობა; გ) თუთუნის, ჩილიმისთვის განკუთვილი თამბაქოს და სხვა ასაწონი თამბაქოს რეალიზაცია სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე; დ) თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტის შიგნიდან ხილვად ადგილზე განთავსება. 
როგორც გიორგი ამბობს: „განხორციელებული ნაბიჯების ეფექტიანობა და მათი ზეგავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე ჯერ არ არის შესასწავლილი. შესაბამისად, ეს იქნება პირველი ემპირიული კვლევა საქართველოში განხორციელებული თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობაზე“.
ასევე, კვლევის ფარგლებში პირველად შეიქნება მოსახლეობის დინამიკურ სიმულაციურ მოდელი საქართველოსთვის, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების ასპექტებს. აღნიშნულ მოდელს გააჩნია მაღალი ღირებულება პოლიტიკის ანალიზისთვის, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია მოწევის საწინააღმდეგო პოლიტიკის სხვადასხვა სცენარის (მათ შორის თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრების, აქციზის გადასახადის განაკვეთების ზრდის ან თამბაქოს ახალი პროდუქტების დანერგვის) თამბაქოს მოხმარებაზე და სიცოცხლის დაკარგულ წლებზე ზეგავლენის ex-ante და ex-post შეფასება. 
„ჩვენს კვლევაში შემუშავებულ მოდელი გამოყენებული იქნება, 2017 წლის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის და თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის მიმართულებით განხორციელებული ნაბიჯების ზეგავლენის ანალიზისთვის მოწევის გავრცელებაზე და სიცოცხლის დაკარგულ წლებზე 2022-2050 პერიოდისთვის“. - ამბობს მკვლევარი. 
მეთოდოლოგიაზე საუბრისას გიორგი მჟავანაძე განმარტავს, რომ „კვლევა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს 2002 წლიდან 2021 წლამდე საქსტატის HIES-ის კვლევის მონაცემთა ბაზების სტატისტიკურ ანალიზს. ეს კვლევა ტარდება მოსახლეობის სტრატიფიცირებულ შემთხვევით შერჩევაზე, რომელიც მოიცავს 10-დან 12 ათასამდე შინამეურნეობას. საქართველოს მოსახლეობის ზომის გათვალისწინებით, შერჩევის ზომა საკმარისია შედეგების განზოგადებისთვის მთლიან მოსახლეობაზე. HIES აგროვებს ინფორმაციას 400-ზე მეტი საქონლისა და მომსახურების ყოველკვირეული მოხმარების შესახებ. მათ შორისაა სამი სახის თამბაქოს პროდუქტი - ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი, და თუთუნი (გასახვევი თამბაქო). დანახარჯები მოცემულია ლარებში, რაოდენობები - კოლოფების რაოდენობაში ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისთვის, ხოლო თუთუნის შემთხვევაში - კილოგრამებში და გრამებში. ანალიზისთვის ჩვენ დავყოფთ შინამეურნეობებს შემოსავლის ხუთ ჯგუფად (კვინტილებად), სადაც თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მოსახლეობის 20 პროცენტს. 20 პირველი კვინტილი წარმოადგენს მოსახლეობის უღარიბეს ჯგუფს, მეხუთე - ყველაზე მდიდარს. სტატისტიკური ანალიზი გაკეთდება როგორც მთლიან მოსახლეობაზე, ასევე სხვადასხვა საშემოსავლო ჯგუფებზე, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ზეგავლენის შესაფასებლად სოციალურეკონომიკურ უთანასწორობაზე და ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილებაზე. შეფასება მოხდება რეგიონულ დონეზეც, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, განსაკუთრებით სამეგრელოში, თამბაქოს პროდუქციით არალეგალური ვაჭრობის ეფექტების შესაფასებლად“. 
კვლევა აანალიზებს მოწევის გავრცელების დინამიკას. საქსტატის HIES-ს გამოკითხვების მეთოდოლოგია არ იცვლებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, მკვლევარი თვლის, რომ კლევის შედეგები იქნება 2002-2021 წლების პერიოდში საქართველოში მოწევის გავრცელების ყველაზე სანდო შეფასება. უფრო მეტიც, ეს იქნება საქართველოში მოწევის გავრცელების და მოწევის სხვა ქცევითი მახასიათებლების პირველი შეფასება 2018-2021 წლებისთვის.
კვლევის მეორე ნაწილში მკვლევარი, როგორც ზემოთ ითქვს, აპირებს შექმნას მოსახლეობის დინამიკური სიმულაციური მოდელი საქართველოსთვის. ამისათვის დაეყრდნობა მენდესის, ვორნერის და კურსანტის (1998) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომლებმაც ეს მოდელი ააგეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პირველ რიგში, საბაზისო წლისთვის (2016) გამოვთვლის მოსახლეობის რაოდენობას მწეველთა სხვადასხვა კატეგორიისთვის სქესის და ასაკის მიხედვით. 
რაც შეეხება სტატისტიკის ხელმისაწვდომობას - საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მოწევის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და Euromonitor International-ი. WHO აგროვებს მონაცემებს არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევების (STEPS) გამოყენებით. გარდა ამისა, WHO აქვეყნებს თამბაქოს გლობალური ეპიდემიის ანგარიშებს, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია თამბაქოს ეპიდემიის მიმდინარეობაზე და ეპიდემიის შესაკავებლად გატარებული ინტერვენციების ზეგავლენაზე. რაც შეეხება Euromonitor International-ს, ის ყოველწლიურად აქვეყნებს თამბაქოსთან და მოწევასთან დაკავშირებულ ფასიან სტატისტიკას ბაზრის კვლევის საშუალებით. თუმცა, ეს კვლვევები გამოირჩევა დაბალი სანდოობით, რადგან მონაცემები განსხვავდება სხვადასხვა წლის ანგარიშების მიხედვით. ასევე, მხოლოდ STEPS აგროვებს ინფორმაციას მოსახლეობის გამოკითხვების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მიკრო მონაცემებზე წვდომას. მაგრამ, იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში ჩატარებულია STEPS-ის მხოლოდ ორი გამოკვლევა (2010 და 2016 წლებში), მისი გამოყენება 2017 წლის შემდეგ თამბაქოს კონტროლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების ანალიზისთვის შეუძლებელია. 
„ჩვენი კვლევა მოაგვარებს მონაცემთა ხელმისაწვდომობის პრობლემას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ ჩატარებული შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების გამოკვლევის (HIES) მონაცემთა ბაზების სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით. ფუქსის და გონსალესის (2021) მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ჩვენ შევაფასებთ მოწევის გავრცელებას და მოწევის ქცევის სხვა მახასიათებლებს საქართველოში 2002 და 2021 წლებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“. - ამბობს მკვლევარი.
სამეცნიეროს პარალელურად, კვლევს მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულება ექნება - როგორც გიორგი ამბობს, სამეცნიეროს პარალელურად, კვლევს მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულება ექნება - როგორც გიორგი ამბობს, „მიღებული დროითი მწკრივები საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ თამბაქოს კონტროლის 2017 წლის შემდეგ განხორციელებული ცვლილებების ზეგავლენა მოწევის გავრცელებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასა და ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილებაზე საქართველოში. ჩვენ მიერ შემუშავებულ მოდელთან ერთად, ეს შექმნის მყარ საფუძვლებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებისთვის და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს თამბაქოს კონტროლის არსებული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის“.