Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეთერ ხარაიშვილი: „ჩემს ცხოვრებაში მქონდა რიგი წარმატებები, ცხადია წარუმატებლობაც,  მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად არჩევას მივიჩნევ...“

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ პროფესორ ეთერ ხარაიშვილის კვლევითი მიმართულებები საქართველოს და მსოფლიოს  აგროსასურსათო სექტორის პრობლემებს უკავშირდება.  ეთერ ხარაიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასურსათო სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, შესაბამისად, მისთვის, როგორც მეცნიერისთვის, საინტერესოა სასურსათო უსაფრთხოების, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ტენდეციებისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივების კვლევა.

კვლევის პარალელურად, ეთერ ხარაიშვილი თსუ მიკროეკონომიკის კათედრას და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს. სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით,  მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი,   სოფლის მეურნეობის ეკონომისტთა ევროპული ასოციაციის წევრი, ბუნების ისტორიის ევროპული აკადემიის ნამდვილი წევრი. გამოქვეყნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ხუთი მონოგრაფია და ათამდე  სახელმძღვანელო.

პროფესორი საკუთარი წარმატებების  შესახებ თხრობას პედაგოგი დედის ისტორიით იწყებს. მან წერა-კითხვა ეთერ ხარაიშვილს სკოლაში შესვლამდე ასწავლა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაშიც ეხმარებოდა. გზადაგზა ხვდებოდა ისეთ ადამიანებს, რომლებმაც მის პროფესიულ არჩევანზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს. მათ შორის, იყვნენ აკადემიკოსი ილია ვეკუა და თსუ პროფესორი ოთარ საღარეიშვილი.

“ახლაც ემოციურად მახსოვს, როცა პირველ კლასში შევედი და მასწავლებლის კითხვებს თავდაჯერებულად და ლაღად ვპასუხობდი. დედამ ძალიან კარგად შემასწავლა წერა-კითხვა და ამ ცოდნამ,  ერთგვარი სტიმული მომცა დამოუკიდებლად სწავლისა და კითხვებზე პასუხის ძიებისათვის. კითხვებზე პასუხების ძიება  უნივერსიტეტში გაგრძელდა, როცა სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე იმ იმედით, რომ  სწავლას მაშინდელ პრესტიჟულ სამედიცინო ინსტიტუტშიც  გავაგრძელებდი. თუმცა, მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელმაც ფაქტიურად  ჩემი შემდგომი სწავლისა და საქმიანობის სფერო განსაზღვრა.“

მიუხედავად იმისა, რომ დაუსწრებელ განყოფილებას ესწრებოდა და პარალელურად, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლას გეგმავდა, პირველი კურსი წარჩინებით, ფრიადებზე დაასრულა. იმ დროინდელმა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა, ილია ვეკუამ კი დაუსწრებელი განყოფილებიდან, როგორც ფრიადოსანი სტუდენტი, დღის სწავლებაზე გადაიყვანა. „რაც გაცილებით პრესტიჟული იყო, ვიდრე დაუსწრებელი.  ასე  აღმოვჩნდი  პროფესორ ოთარ საღარეიშვილის ჯგუფში, თანაც მრეწველობის ეკონომიკის ნაცვლად სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალობით. ამ ფაქტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ეს მივიღე  დიდ პატივად,  პასუხისმგებლობად და გამოწვევად, მით უმეტეს, რომ ბატონმა ოთარმა მაშინვე სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელად დამნიშნა. კვლავ დაიწყო კითხვებზე პასუხის ძიების პროცესი და ასე საფეხურებრივად, მაგრამ მაინც ჩამოყალიბდა ჩემი ცხოვრების სამყარო:  სტუდენტების  სწავლების პროცესი და სამეცნიერო კვლევების განხორციელება.“

გვიხსნის, რომ  გლობალიზაციის პირობებში სასურსათო ბაზრების შესახებ კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა Covid-19-ის  პანდემიის  პირობებშიც.  სასურსათო ბაზრები  უშუალოდ არის დაკავშირებული  სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებასთან. ეკონომიკის დარგში  ამ მიმართულებით დღეს ბევრი კითხვები არსებობს. მაგალითად, ის, თუ რომელია ქართული აგროსასურსათო პროდუქტებისათვის პრიორიტეტული ბაზრები? როგორ უნდა მოგვარდეს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის დივერსიფიკაციის პრობლემა? ამ კითხვებზე პასუხებთან და კვლევის მთავარ მიგნებებთან ერთად, ასევე საინტერესოა ეთერ ხარაიშვილის კვლევის მეთოდოლოგიაც.

„ქართული აგროსასურსათო პროდუქტებისთვის მნიშვნელოვანია ევროპის საურსათო ბაზარზე შეღწევა. ევროპის სასურსათო ბაზარი  ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ამ ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქტებისათვის ასეთივე ტენდენცია არ აღინიშნება. სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე ქართული პროდუქტების წილებისა და ექსპორტის ზრდის ტემპების  შესწავლით გამოვიკლიეთ, რომ ამ ცვლადებს შორის კორელაცია დადებითია,  მაგრამ აღნიშნული გარემოება  საკმარისი არ არის ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური ზემოქმედებისათვის.

მეცნიერებისთვის კითხვები მართლაც განუყოფელი ნაწილია, ყოველ ახალ კვლევას ახალი კითხვები მოაქვს.  ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასე ჩამოყალიბდა: როგორი უნდა ყოფილიყო აგროსასურსათო სექტორის  განვითარების პრიორიტეტები საქართველოსთვის? გამოვიყენე ,,გადაუდებლობა-ზეგავლენის“ მატრიცა და ექსპერტების გამოკითხვების დაჯგუფებით გამოვავლინე  ამ სექტორის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები, ხოლო შემდეგ ,,პრიორიტეტების სქემით“ დავსახე დარგის განვითარების მიმართულებები:  საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების სტიმულირება, მიწის ბაზრის განვითარება,  თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,  ევროპისა და სხვა  სასურსათო ბაზრის სტანდარტებთან და საკანონმდებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, სასურსათო ბაზრების ადგილმდებარეობაზე ხელმისაწვდომობის პოლიტიკის განსაზღვრა. . მაგრამ, ცხადია ასეთი კვლევები, ერთი ქვეყნის ფარგლებში მოქცეული, ეფექტიანი ვერ იქნება.“

ეთერ ხარაიშვილი ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის დივერსიფიკაციის, როგორც პრობლემის, კვლევის საჭიროებაზე საუბრობს. ამბობს,რომ შესამუშავებელია რეკომენდაციები ტრადიციული, მაგრამ მზარდი სასურსათო ბაზრების, ასევე, ახალი ბაზრების გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობებზე,  ქართული აგროსასურსათო პროდუქტებისთის ლოკალური და გლობალური  სასურსათო ბაზრების კომპლექსური განვითარების შესახებ. მეცნიერები კვლევისას ხშირად იყენებენ  შედარებით მეთოდს, მათ შორის, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნების მიდგომებისა და პოლიტიკის შესახებ. ეთერ ხარაიშვილსაც სწორედ ასე გაუჩნდა მოსაზრება, შეედარებინა საქართველოს აგროსასურსათო სექტორის პრიორიტეტული მიმართულებები  სხვა  ქვეყნის შესაბამის მიმართულებებთან.

„კვლავ ამოტივტივდა კითხვები: რომელ ქვეყანასთან  შევადარო? ცხადია,  წარმატებულთან, მაგრამ   წარმატებულთა ჯგუფიდან რა ნიშნებით უნდა შეირჩეს საქართველოსთან შესადარებელი ქვეყანა? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე  პასუხის გასაცემად შევისწავლე ისრაელის სოფლის მეურნეობის 10 სასწაული, ჩავატარე შესაბამისი  კვლევა და აღმოჩნდა, რომ ისრაელის აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის 75% ევროპის მაღალკონკურენტულ ბაზრებზე მოდის.“

ქვეყნების შედარებითი ანალიზის დროს, ეთერ ხარაიშვილმა, როგორც ეკონომიკური და  პოლიტიკური, ისე ეთნიკური, კულტურული, ისტორიული  ფაქტორებიც გაითვალისწინა.  მონაცემების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ანალოგები საქართველოსა და ისრაელს შორის ბევრია.

„უნდა ითქვას, რომ რაოდენობრივი მაჩვენებლები ქვეყნებისთვის  თითქმის მსგავსია, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით განსხვავებები საკვლევ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია. აუცილებელია საქართველომ ისრაელის სოფლის მეურნეობის განვითარების მოდელები  გამოიყენოს და ამით ქვეყანა შეძლებს   გადაწყვიტოს, როგორც საკუთარი მოსახლეობის სურსათით თვითუზრუნველყოფის პრობლემები, ასევე, საერთაშორისო კონკურენტულ ბაზრებზე გასვლა.“

სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა კვლევითი ნაშრომი  ,,სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტები საქართველოსა და ისრაელში: ინოვაციური მიდგომები და მოდელები“. ეთერ ხარაიშვილმა ეს ნაშრომი  სამეცნიერო ვიზიტით  ისრაელში, ბენ-გურიონის უნივერსიტეტში კონფერენციაზე წარადგინა.

„სამეცნიერო წრეებისა და კომპანიების  წარმოადგენლებთან შეხვედრებმა, მათი საქმიანობის გაცნობამ  კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობის, ისე როგორც სხვა სფეროების, წარმატების საფუძველი მეცნიერებასა და ცოდნაზე დამყარებული წარმოების მოდელები და სისტემებია.“

ეთერ ხარაიშვილი სასურსათო ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემების ანალიზის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ საკითხით დაინტერესაბამ კვლევის მეორე, მთავარი  მიმართულება  ჩამოაყალიბა.

„დავიწყე მიკროეკონომიკური პრობლემების, კერძოდ კონკურენციასა და პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ემპირიული კვლევების განხორციელება.  თუმცა, თავდაპირველად, ამ მიმართულებით საქართველოში გამოიკვეთა კვლევის მეთოდოლოგიური  ხარვეზები. პროდუქტის კონკურენტუნარიანობის შეფასების მეთოდების,  თეორიული კონცეფციებისა და მიდგომების შესახებ ცოდნის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ციურიხის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ვიზიტმა.  გამიმართლა, რომ ამ უნივერსიტეტში შევხვდი ჩვენს  თანამემამულეს, ციურიხის უნივერსიტეტის მაშინდელ დოქტორანტს, ამჟამად დოქტორს,  ფატიმა მამარდაშვილს, რომელმაც ამ უნივერსიტეტის  მეცნიერებთან  თანამშრომლობით გამიზიარა კონკურენტუნარიანობის განსაზღვრის მეთოდები.“

ეთერ ხარაიშვილმა კვლევის ეს მეთოდები წარმატებით გამოიყენა ქართული საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტების: ღვინო, თხილი, ხილის წვენები - კონკურენტუნარიანობის დონის დასადგენად. კვლევით დადგინდა, რომ დასახელებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის დონე მაღალია და შესაძლებელია მათი ექსპორტის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.   ამბობს, რომ  საექსპორტო პოტენციალი, რა თქმა უნდა, სხვა ქართულ  აგროსასურსათო პროდუქტებსაც გააჩნიათ, ამიტომ მომავალში დაგეგმილი აქვს კვლევების  ამ მიმართულებით წარმართვა.

ამბობს, რომ მეცნიერება მისთვის მუდმივი და უსასრულო განვითარების შესაძლებლობაა. ყოველი კვლევის დაწყებამდე, ბევრს ფიქრობს კვლევის მიზნებზე და საბოლოო შედეგებზე.

„ნებისმიერი კვლევის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის დონის ამაღლება. თუ ილია ჭავჭავაძის სიტყვებსაც გავიხსენებთ:  ,,მეცნიერება ცხოვრებისგან იბადება და ცხოვრებისთვის არსებობს. მეცნიერება ცხოვრების გამო წინ მიდის და მერე თავის რიგზე ცხოვრებაც წინ მიყავს“  /ილია ჭავჭავაძე/.

მისი თქმით, ახალი კითხვები ახალ კვლევებს მუდმივად გააჩენს, თუმცა ეთერ ხარაიშვილის ყოველდღიურობა მხოლოდ კვლევა არ არის. 1978 წლიდან - დღემდე  სწავლების პროცესშია ჩაბმული და თსუ-ში ლექციებს კითხულობს მიკროეკონომიკის მიმართულებით.

„ჩემს ცხოვრებაში მქონდა რიგი წარმატებები, ცხადია წარუმატებლობაც,  მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად არჩევას მივიჩნევ. სტუდენტებთან მუშაობა ძალიან შემოქმედებითია. კვირიდან კვირამდე ველოდები მათთან, თუნდაც, ვირტუალურ შეხვედრას, თუმცა, უკვე ძალიან მოგვენატრა აუდიტორიები და პირდაპირი კონტაქტი ერთმანეთთან.“