Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე მესხი: „არასდროს დამავიწყდება ის სიხარული, როდესაც ჩემ პროფესორთან ერთად, პირველი ხელშესახები შედეგი მივიღე მათემატიკაში...“

„საქართველოში არსებობს მათემატიკის ის დონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სავსებით აკმაყოფილებს. ქართველი მათემატიკოსების მიერ მიღებული  შედეგები გამორჩეულ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში ქვეყნდება და საკმაოდ დიდ დაინტერესებას იწვევს,“ - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი ალექსანდრე მესხი ერთ-ერთია იმ ქართველ მათემატიკოსებს შორის, ვინც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსობა მისი ოცნება არ  ყოფილა, პროფესიული არჩევანის ფორმულა წარმატებით ამოხსნა და დღეს ციფრების გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია. სამეცნიერო მოღვაწეობის გზაზე მყოფი კი ამ ხნის მანძილზე დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა უკვე მომავალ მათემატიკოსებს უზიარებს.

სკოლის პერიოდში ალექსანდრე მათემატიკით გატაცებული ნამდვილად არ ყოფილა, არც სასკოლო მათემატიკურ ოლიმპიადებში მიუღია მონაწილეობა და შესაბამისად, არც ამ ოლიმპიადებში გამარჯვებებს განუსაზღვრავს მისი მომავალი პროფესია. ალექსანდრეს ინტერესის სფეროს უფრო ბიოლოგია და ქიმია წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა უმაღლეს მათემატიკას გაეცნო, მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ის, რასაც სურდა ცხოვრებაში გაჰყოლოდა. ამ სურვილმა კი ნელ-ნელა შემდგომი წარმატებები მოუტანა და საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დაარწმუნა. თუ სკოლაში სწავლის პერიოდში ოლიმპიადებში მონაწილეობითა და გამარჯვებებით ვერ იამაყებდა, განსხვავებული აღმოჩნდა სტუდენტობის პერიოდი. ჯერ იყო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციაზე მათემატიკის მიმართულებით გამარჯვება, შემდეგ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაბარება, მოგვიანებით კი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვა.

„არასდროს დამავიწყდება ის სიხარული, როდესაც ჩემს პროფესორ ვახტანგ კოკილაშვილთან ერთად, პირველი ხელშესახები შედეგი მივიღე მათემატიკაში, უფრო კონკრეტულად ეს ეხებოდა წილადური ინტეგრალების შემოსაზღვრულობას წონიან ფუნქციურ სივრცეებში. ამ შედეგმა განაპირობა სადოქტორო დისერტაციის დაცვა და ამ შედეგებზე დაყრდნობით საზღვარგარეთის წამყვან გამომცემლობებში რამდენიმე მონოგრაფია გამოიცა,“ - იხსნებს ალექსანდრე მესხი.

ახალგაზრდა მეცნიერის მიერ მიღებული შედეგების საერთაშორისო აღიარებას კი სხვადასხვა დროს ევროპის, აზიისა თუ ამერიკის უნივერსიტეტებში სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება, უკვე მოგვიანებით არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო გრანტი თუ სხვადასხვა ჯილდო მოჰყვა. ყველა ამ წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მეცნიერი იმ მდიდარ ტრადიციებს მიიჩნევს, რომელიც საქართველოში მათემატიკის მიმართულებას აქვს.

„პოსტ-დოქტორანტის რანგში ვიმყოფებოდი იტალიის სამეცნიერო დაწესებულებაში. ასევე იტალიაში, მქონდა დროებითი პოზიცია პადუას უნივერსიტეტში, მოგვიანებით ხანგრძლივი ხელშეკრულებით ვიმყოფებოდი ლაჰორის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლაში. ამის შემდეგ საქართველოში, კერძოდ კი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ფილიალში ვასწავლიდი. მოპოვებული მაქვს 2000 წელს გერმანული მათემატიკური საზოგადოების მიერ დაარსებული ეილერის პრემია, ვარ ასევე ანდრია რაზმაძის პრემიის ლაურეატი და ამჟამად საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტი. ჩემი წარმატებები განპირობებულია ცნობილ ქართველ მათემატიკოსებთან სამეცნიერო ურთიერთობებით,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი.

ალექსანდრე მესხი დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც არის დასაქმებული და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოში გააგრძელოს, რადგან მიაჩნია, რომ აქ მეცნიერებს სამეცნიერო მოღვაწეობისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა აქვთ.

„საქართველოში ბევრი საშუალება არსებობს, რაც მეცნიერს საკუთარი საქმის კეთების შესაძლებლობას აძლევს,  რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობასა და მოპოვებულ გრანტებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიურ მოღვაწეობაში გამოიხატება. ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი. მომავალშიც, ვფიქრობ, რომ ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა ჩემს ქვეყანასთან იყოს დაკავშირებული,“ - ამბობს დასასრულს ახალგაზრდა მეცნიერი ალექსანდრე მესხი.