Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კურსდამთავრებულის ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე

 

საქართველოს, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ს შემდეგ, ახლა უკვე გერმანია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის გიორგი მენაბდის ფილმის „სისხლი“ ჩვენება მიუნხენში, ქართული ფილმის დღეებზე გაიმართა. ფილმი 2017 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა გიორგი მენაბდემ ნოდარ დუმბაძის ნოველის „სისხლი“ მიხედვით სადიპლომოდ გადაიღო. ფილმმა წარმატება მალევე მოიპოვა - ამ 5 წლის განმავლობაში „სისხლი“ არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალზე იყო ნაჩვენები და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

 

გიორგი მენაბდე გურიაში, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა და გაიზარდა. ალბათ გარკვეულწილად ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნოდარ დუმბაძე მისი გამორჩეულად საყვარელი მწერალია. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე რეჟისურის პროფესიული პროგრამის სტუდენტმა სადიპლომოდ ფილმის გადაღების დროს არჩევანი სწორედ დუმბაძის ნოველაზე „სისხლი“ გააკეთა.

 

„ასეთი ბუმბერაზი მწერლის ნოველის ეკრანიზაცია საკმაოდ რთული ნაბიჯი იყო, თუმცა იმ ეტაპზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე. შედეგს კი ფილმის დასრულებისას მაყურებლის თვალებში ვკითხულობ, “ - გვეუბნება რეჟისორი.

 

მაყურებლის თვალებში დანახულ ემოციებთან ერთად, ფილმის წარმატებაზე მისი ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება მეტყველებს. „სისხლის“ პრემიერა 2017 წელს კინოს სახლში შედგა, შემდეგ იყო მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, მოგვიანებით ფილმის ჩვენებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიმართა, ჯერ თურქეთში, შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში, განსაკუთრებულ წარმატებას კი აშშ-ში, ლოს ანჯელესის კინოფესტივალზე მიაღწია, სადაც 5000-მდე კონკურსანტიდან, საუკეთესო 100-ეულში მოხვდა. 16 ივლისს ფილმის ჩვენება მიუნხენში, ქართული ფილმის დღეებზე გაიმართა. როგორც რეჟისორი ამბობს, სადიპლომო ფილმის ასეთი წარმატება შემოქმედებითი ჯგუფის და მისი პროფესორ-მასწავლებლების თავდაუზოგავმა მონდომებამ განაპირობა.

„ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი, ძალიან მიხარია და უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, რადგან სწორედ ამ ფილმით დავიწყე ქართულ კინოში პირველი ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, 16 ივლისს მიუნხენში ფილმის ჩვენებას ვერ დავესწარი, თუმცა, როგორც მითხრეს, ძალიან კარგად ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა,“ - აღნიშნავს გიორგი.

იქიდან გამომდინარე, რომ „სისხლი“ ფართო საზოგადოებამ უკვე იხილა, მისი საფესტივალო ცხოვრება თითქმის დასრულებულია, თუმცა ახალგაზრდა რეჟისორი ტოკიოს კინოფესტივალზე ფილმის წარსადგენად დადებითი პასუხის მოლოდინშია. ამის ერთად კი, გიორგი მენაბდე ქართულ კინოში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება.