25 და 26 მარტს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე, მის: ი. ჭავჭავაძის 1), სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით იმართება საერთაშორისო ლიტერატურული კონფერენცია: „პატარა ქვეყნების ლიტერატურების კომერციონალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში“. ღონისძიება ჩატარდება დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. პროექტი ხორციელდება „იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში.
ღონისძიების მიზანია გამოკვეთოს პატარა ქვეყნების/ერების ლიტერატურების წინაშე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები, გამოავლინოს მცირე ქვეყნების/ერების ლიტერატურების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და აღიარების მოპოვების მექანიზმები; იმსჯელოს ლიტერატურის როლსა და მნიშვნელობაზე ეკონომიკური პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით; გააძლიეროს ქართულ, აფხაზურ და ოსურ ლიტერატურულ პროცესებს შორის თანამშრომლობა და შექმნას დიალოგის პლატფორმა; ხელი შეუწყოს შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას.
სესიები გაიმართება ინტერაქციულ რეჟიმში და დამსწრე აუდიტორიას ექნება საშუალება აქტიურად ჩაერთოს დისკუსიაში. კონფერენციის შემდეგ, 26 მარტს, 14:00 სთ-დან, გაიმართება ლიტერატურული ვორქშოფი; შერჩეული აფხაზი და ოსი ავტორებისა და ტექსტების გაცნობა, განხილვა და ანალიზი. ასევე, ვორქშოფის ფარგლებში, მომზადდება საპროექტო იდეები: აფხაზური და ოსური ლიტერატურების პოპულარიზაცია - გამოწვევები და პერსპექტივები და გაიმართება პროექტების პრეზენტაცია.
საკონტაქტო პირი: თინათინ ბაღაშვილი, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის კოორდინატორი. ელ.ფოსტა: tiki@creativegeorgia.ge T: 591 45 74 79.