Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტოგრაფია/გეოინფორმატიკა, დაგეგმარება, მართვა“

12 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტოგრაფია/გეოინფორმატიკა, დაგეგმარება, მართვა“, გაიმართება, რომელიც ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს ეძღვნება. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 50-ზე მეტი მეცნიერი ჩამოვიდა, დიდმა ნაწილმა კი  დისტანციურ რეჟიმში დასწრების სურვილი გამოთქვა.

ნიკო ბერუჩაშვილი 1982 წლიდან 2006 წლამდე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის  კათედრის გამგე. იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი. მისი ინიციატივით თსუ-ში 1979 წელს დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც კვლევებს აწარმოებდა ევრაზიის კონტინენტის სხვადასხვა მთიან სისტემებში. პროფესორი ნიკო ბერუჩაშვილი იყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2002 წელს ბერუჩაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში დაარსდა „ლანდშაფტური ანალიზის“  კომისია, რომლის პირველი თავმჯდომარე სწორედ ის გახლდათ. იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომის ავტორი.

პროფესორი ნიკო ბერუჩაშვილს მჭიდრო სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან: პარიზის, ბერლინის, ბერნის, მადრიდის, ბარსელონის, ბორდოს, ჰავრის, ტულუზის, ვარშავის, ბრნოს, რომის, სანტიაგოს, რიო-დე-ჟანეიროს, ტუნისის, ტოკიოს, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, მინსკის, ტარტუს, რიგის, კიშინიოვის, კიევის, ხარკოვის, ლვოვის, სიმფეროპოლის, ერევნის, ბაქოს, ტაშკენტის, ალმა-ათის უნივერსიტეტები. ეს არის ნუსხა იმ უნივერსიტეტებისა, სადაც მას ლექცია წაუკითხავს, ან მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში.