Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში კომისიამ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა: გიორგი ანდრიაძე, ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, დარეჯან თვალთვაძე.
კანდიდატად რეგისტრაციისთვის კომისიამ შეამოწმა კანდიდატების განცხადების შესაბამისობა კანონმდებლობასთან, თსუ წესდებასა და აკადემიური საბჭოს დადგენილებებთან, რის შემდეგაც ჩატარდა კენჭისყრა.
თსუ საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა 3 კანდიდადატი.  „მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილი არ აკმაყოფილებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე  არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი,“-ნათქვამია საარჩევნო კომისიის 14 აპრილის სხდომის ოქმში. ხოლო 15 აპრილის ოქმში ნათქვამია, რომ ალექსანდრე ჩხიტაურმა წარმოადგინა სავალდებულო დოკუმენტები, რომლებიც არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, მისი დამსაქმებლების მიერ გაცემული ცნობებით არ დასტურდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. შესაბამისად, უარი ეთქვა მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნაზე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის კანდიდატურების წარდგენის ვადა 14 აპრილს, 18.00 საათზე ამოიწურა. თსუ კანცელარიაში განცხადება შვიდმა კანდიდატმა შეიტანა: მერაბ ელიაშვილმა (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე), ინესა მერაბიშვილმა (თსუ პროფესორი), ცირა ბარამიძემ (თსუ პროფესორი), ლევან გორდეზიანმა (თსუ პროფესორი), დარეჯან თვალთვაძემ (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე), ალექსანდრე ჩხიტაურმა (სამართლის დოქტორი, თსუ რექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში) და გიორგი ანდრიაძემ (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულელბლის არჩევნები 2016 წლის 20 აპრილს გაიმართება.
კენჭისყრის  პროცედურა 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდეა განსაზღვრული. არჩევნების შედეგები  არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.