16 ივნისს, 14:00 საათზე, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიის „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში" პრეზენტაცია გაიმართება. 560 გვერდიანი ნაშრომის ავტორები რ. ქურდაძე, მ. ლომია, ქ. მარგიანი, ნ. ჭუმბურიძე არიან.
მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ მომზადდა ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის (FR17-#388) ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ენის ს/ს ინსტიტუტში; პროექტის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მკვლევარი, თსუ დოქტორნტი თამარ ჩანქსელიანი.
წინამდებარე მონოგრაფია კომპლექსური გამოკვლევაა ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიის, უარყოფის, შესახებ. აღნიშნული ნაშრომი ავტორთა მიერ „ქართველური ენათმეცნიერების სერიით“ ბეჭდურად გამოცემული მე-2 წიგნია, რომელიც მოიცავს ქართველური ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ქართველ და უცხოელ ავტორთა თეორიული ნააზრევის გათვალისწინებით; ქართველურ ენათა დიაქრონიული და სინქრონიული მონაცემების შედარება-შეპირისპირებითა და საერთოქართველური კანონზომიერებების დადგენით; ცალკეულ შემთხვევებში ერთიანი არეალურ-ტიპოლოგიური კონტექსტის გააზრებითა და კვლევის პერსპექტივის დაგეგმვით. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგნიციის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და სინქრონიული მონაცემების გათვალისწინებით.
ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის.