თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: გვანცა დოლბაია, შალვა ქიტესაშვილი, ვახტანგ ქაჩიბაია, თამარ ვარდიაშვილი და ანა მუხაშვილი. გუნდს ხელმძღვანელობდა თსუ საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, თამარ რუსეიშვილი.
მთელი მსოფლიოდან მონაწილე 160 გუნდიდან, თსუ საუკეთესო შედეგების მქონე გუნდთა შორის მოხვდა და შემდგომ, წარმატებულად იასპარეზა საერთაშორისო რაუნდების მოწინავე ეტაპზე აშშ-ის, დანიის, ინდოეთის, სინგაპურისა და სხვა გუნდების წინააღმდეგ.
თსუ გუნდი წერილობითი პოზიციის კომბინირებული ქულით საერთაშორისო რაუნდების რეიტინგის საუკეთესო ათეულში მოხვდა ისეთ უნივერსიტეტებთან ერთად, როგორიცაა ჰარვარდის, მელბურნისა და სინგაპურის უნივერსიტეტები. ვახტანგ ქაჩიბაია კი, საერთაშორისო რაუნდების მოწინავე ეტაპის საუკეთესო მომხსენებელთა შორის დასახელდა.
გუნდმა ‘Alona E. Evans Award for Best Memorials at the White & Case International Rounds’ მიიღო. აღსანიშნავია, რომ წერილობით პოზიციებში ასეთი შედეგი საქართველოს გუნდების ისტორიაში უპრეცედენტოა.
ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი (Jessup Moot Court Competition) საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სტუდენტები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის 600-ზე მეტი სამართლის სკოლიდან.