თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი სტენდით წარსდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით გაიმართა. გამოფენაზე თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ წარმოადგინეს.
თსუ თანამშრომლებმა 40-მდე შეხვედრა გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო პარტნიორ უნივერსიტეტებთან არსებული ურთიერთობების გაფართოებას, ახალი პარტნიორების მოძიებას და ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას, სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთობლივი პროგრამების და პროექტების განხილვას, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას.
აშშ-ში საერთაშორისო გამოფენაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა და 200-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.