21 მაისს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცეში ფულადი ჯილდო გადაეცა გიორგი ჯაფარიძეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს.
ირაკლი ღარიბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდმა 2023 წლიდან დააწესა. მას ყოველწლიური ხასიათი ექნება და ფიზიკის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე წარჩინებულ ერთ სტუდენტს გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომლებმაც, როგორც სამეცნიერო სფეროსა და ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში, ისე მთელი ქვეყნისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლი გაიხსენეს.