კონფერენციაზე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის დაარსების 107 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში: შედეგები და პერსპექტივები" გახსნა. ღონისძიებაზე რექტორმა პროფესორი ირაკლი კოვზანაძე და აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი უნივერსიტეტის ოქროს მედლებით, ხოლო პროფესორები სიმონ გელაშვილი და რევაზ გველესიანი ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლებით დააჯილდოვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა: „დღევანდელი კონფერენცია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია არის გარდაუვალი. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ ქართული ეკონომიკის განვითარებაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური ევროინტეგრაცია. ჩვენ დავაჯილდოვეთ 4 გამორჩეული პროფესორი, ოთხივე მათგანი ჩართულია ქვეყნის ევროპული ეკონომიკური სკოლის განვითარებაში. ისინი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ და ახლა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში გადმოაქვთ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაარსების თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. „წლევანდელი კონფერენცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ეძღვნება და ამ თემაზე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე უკვე არაერთი ღონისძიება გაიმართა“,- აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.
კონფერენცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. თსუ პროფესორებმა თემატიკის მიხედვით 8 სექციაში იმუშავეს.