Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თენგიზ გორდეზიანი
გეოგრაფი
date of birth 1959

თენგიზ გორდეზიანი (1959) - გეოგრაფი, მეცნიერი

დაიბადა 1959 წლის 8 იანვარს.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

1983-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. მონაწილეობდა კომპლექსურ-გეოგრაფიული ექსპედიციებში (1983-1991) - ყირიმში, ლადოგის ტბის შემოგარენში, ხიბინების მთებში, კარელიაში, მოსკოვის ოლქში, პამირის მთებში, ქოფეთდაღზე, ჯუნღარის ალათაუში, იაკუტიაში, კამჩატკაზე, შორეულ აღმოსავლეთში, ტუვაში, ბაიკალისპირეთში, პირენის მთებში (ბულგარეთი), მაგადანის ოლქში, ჩუკოტკაზე. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო და 20-მდე სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი. 1993 წლიდან მუშაობს კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე. ლექციებს კითხულობს: კარტოგრაფია, რუკათმცოდნეობა, თემატური და ატლასური კარტოგრაფია, ლანდშაფტური კარტოგრაფია, გეოინფორმაციული კარტოგრაფია, გარემოს დინამიკის კარტოგრაფიული ასპექტები, გეოეკოლოგიური კარტოგრაფია და სხვ. ხელმძღვანელობს საველე-სასწავლო პრაქტიკებს ტოპოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობაში. მუშაობს ზოგადი თეორიისა და კარტოგრაფიის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სინთეზის პრობლემა კარტოგრაფიაში, დროის მასშტაბი, კარტოგრაფიული გენერალიზაცია, ქალაქების კომპლექსური კარტოგრაფირება, სპორტის კარტოგრაფირება და სხვ. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. არის "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის" პასუხისმგებელი მდივანი, 1983 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტთან არსებულ კარტოგრაფიულ ფონდს. მისი ავტორობით და რედაქტორობით გამოიცა 3 რუკა და 1 რუკა-ბუკლეტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლანდშაფტურ-ეთოლოგიური სიტუაციების კვლევა კარტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრობა:

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარე (1996)

ბიბლიოგრაფია:

ლანდშაფტური კარტოგრაფიის თეორიული საფუძვლები (ავტორი). - თბილისი, გეოიდი, 2014.

კარტოგრაფიული კონცეფციები (ავტორი). - თბილისი, გეოიდი-2011, 2012.

გეოგრაფია : ტესტები მოსწავლეთა, აბიტურიენტთა და მასწავლებელთა დასახმარებლად (ავტორი). - თბილისი, გეოიდი, 2010.

შრომები

რუკათმცოდნეობა. / რედაქტორი - გ. ლიპარტელიანი. თბ., 2004

ბიბლიოგრაფია