Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირინე მელიქიშვილი
ფილოლოგი
date of birth 1943

ირინე მელიქიშვილი დაიბადა 1943 წლის 29 მაისს. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "მარკირების მიმართება ფონოლოგიაში", ხოლო 1997 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "საერთო ქართველური ძირი სტრუქტურული და ტიპოლოგიური თვალსაზრისით’’, რომელშიც წარმოდგენილია ძირის სტრუქტურათა ზოგადი ტიპოლოგია, რეკონსტრუირებულია საერთო-ქართველური ძირის სტრუქტურა, გამოვლენილია საერთო-ინდოევროპული ძირის სტრუქტურათა ფუნდამენტური პარალელიზმი. მის მიერ წარმოჩენილი კანონზომიერებანი საფუძვლად დაედო საერთო-ინდოევროპულ ხშულთა სისტემის და საერთო-ქართველური სისტემის რეინტერპრეტაციას. ირინე მელიქიშვილმა სამეცნიერო საქმიანობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებაში დაიწყო. აქ მუშაობდა 1965-1986 წლებში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს და ბოლოს უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიისა და ფონეტიკის განყოფილებაში, 2000 წლიდან კი იცანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: 2000-2005 წლებში იყო ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი, 2005-2006 წლებში - კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 წლიდან ჰუმანიტარული ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტის სრული პროფესორი. 2009 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. ირინე მელიქიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო ფართოა: ენათა ტიპოლოგიური შედარება და ენობრივი უნივერსალიები, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება, არეალური ლინგვისტიკა, ქართველური ენების ტიპოლოგია და ისტორია. პარალელურად მას აქვს საყურადღებო გამოკვლევები ზოგადი ენათმეცნიერების სხვა სფეროებშიც. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. მის პუბლიკაციებს იცნობდნენ ევროპაში. ქალბატონი ირინეს სამეცნიერო მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევენ გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი იოსტ გიპერტი და ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ირინე მელიქიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველურ ენათა ფონოლოგიური და ფონოტაქტური თვისებების სისტემატური ახსნის სფეროში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეცნიერი თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი საგრანტო პროექტის ავტორი იყო. მან შეადგინა სასწავლო პროგრამები ,,თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების’’ სპეციალობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებისთვის, ასევე, შემოიღო ახალი სასწავლო კურსები. გარდაიცვალა 2012 წელს.