მერაბ ხმალაძე
ეკონომისტი
date of birth 1954
1974 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში, სადაც 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1995 წელს სადოქტორო დისერტაცია. 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით მიენიჭა პროფესორის წოდება. 1977-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის მასწავლებლის, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1990-2006 წლებში დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1973 წელს. სულ გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: ხუთი სახელმძღვანელო, ერთი ლექციების კურსი. არის დამხმარე სახელმძღვანელოების და ლექციების კურსის თანააავტორი. მონაწილეობდა 60-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. 1998-2005 წლებში იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო ოპონირებით (შეფასებით) - რვა საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. არის სამეცნიერო ნაშრომების რედაქტორი, სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი. მონაწილეობდა ხუთ საერთაშორისო და ორ რესპუბლიკურ სამეცნიერო-საგრანტო პროექტში. აქედან იყო სამი საგრანტო პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი. არის საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტის - ,,დსთ-ს და ბალტიის ქვეყნების მიგრაციის დამოუკიდებელი კვლევის საბჭოს’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მუშაობაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. სამეცნიერო ურთიერთობები აქვს საზღვარგარეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან. არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
შრომები
- მოსახლეობის სტატისტიკა დემოგრაფიის საფუძვლებით, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1986.
- სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში: ნაწ I, თბ.: მერიდიანი, 2015.
- სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში: ნაწ II, თბ.: მერიდიანი, 2015.