Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლია სტურუა
პოეტი
date of birth 1939

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოსცა პირველი წიგნი, პოეტური კრებული - ,,ხეები ქალაქში’’. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ფერის მხატვრული ფუნქცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში". 1964-1984 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტში – კითხულობდა ლექციებს უახლეს ქართულ ლიტერატურაში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1984 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ამავდროულად გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად. 1993 წელს იერუსალიმში გახდა პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. 1995 წელს მიწვეული იყო ბერლინში აღმოსავლეთ ქვეყნების საერთაშორისო ლიტერატურულ ფორუმზე. 1999 წლიდან პერიოდულად მონაწილეობდა ესპანეთში ქართული პოეზიის საღამოებზე. ლია სტურუა 1969 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირისა და საზოგადოება ,,ქართველი ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ გამგეობის წევრი იყო. 1988 წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის, ხოლო 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. ავტორია 15-ზე მეტი პოეტური კრებულისა და ესსეს ტიპის პროზის - ,,ბედნიერი სიჩუმე’’. 2011 წელს გამოვიდა მისი პროზაული კრებული, ამავე სახელწოდებოთ (,,ბედნიერი სიჩუმე), სადაც შესულია ლიტერატურული ჩანახატები რამდენიმე ქართველ კლასიკოსზე და აღნიშნული ესსე – “ბედნიერი სიჩუმე’’, იგი 1993-2006 წლებითაა დათარიღებული და პარიზული ვოიაჟების შესახებ მოგვითხრობს. რაც შეეხება დანარჩენ ტექსტებს, ეს გახლავთ რამდენიმე ლიტერატურული წერილი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის, ასევე სვანური ზეპირსიტყვიერებისა და პოეზიის შესახებ. 2012 წელს გამოიცა ლია სტურუას ახალი პოეტური კრებული - ,,რჩეული’’, ამ კრებულში თავი მოიყარა პოეტის თითქმის მთელმა შემოქმედებამ, რომელიც როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად განსხვავებულ ნიმუშებს მოიცავს. წიგნს წინ უძღვის ამონარიდები ქართველი კრიტიკოსების ნააზრევიდან ლია სტურუას შემოქმედებაზე. 2013 წლის 23 სექტემბერს წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „დავიწყების დღე“, ლია სტურუას ლიტერატურული პრემია ,,საბა"" გადაეცა.