Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს 2023 წლის 19 ივლისის №19989/10 და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 6 მარტის №6295/28 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 18 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:


ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:


„4. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭებისას საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის/შედიან პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის მიერ შერჩეული შესაბამისი დარგის წარმომადგენელ(ებ)ი/სპეციალობის მქონე პირ(ებ)ი, თუ აღნიშნული განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმებით.“; 


ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„დ) ამტკიცებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებას თითოეული სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტების  შერჩევისა და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შექმნის თაობაზე, წარდგინების მიღებიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღის ვადაში.“;


გ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. ოქმი ქვეყნდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნივერსიტეტის ვებგვერდზე.“;


დ) მე-5 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:


„21. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს და დოქტორანტს/დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის არ შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს კანონი - ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილითა და 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.“;


ე) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს - მაქსიმალური შეფასების 41 – 50 ქულა.“;


ვ) მე-9 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:


„21. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დოქტორანტთან/დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს კანონი - ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილითა და  92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის (დოქტორანტის/დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის) პოზიცია.“;


ზ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება კანონიერად ითვლება, თუ საბჭოს სხდომას ესწრებოდა საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი და თუ აკადემიური ხარისხის მინიჭებას ხმა მისცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან ნახევარზე მეტმა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება. თითოეული დოქტორანტის მიმართ დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრა უნდა იყოს ღია.”;


თ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სხდომას ესწრება სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის ან/და სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის ერთი წევრი მაინც, რომელიც დამსწრეებს ინფორმაციას აწვდის დისერტაციის შეფასებისა და დაცვის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ.“;


ი) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნის (შეფასების) დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო ვალდებულია თავისი წერილობითი დასაბუთება წარუდგინოს ფაკულტეტს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება, თუ საბჭოს სხდომას ესწრებოდა საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებას ხმა მისცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან ნახევარზე მეტმა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.“;


კ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 10. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი


1. დოქტორის აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორის, ფაკულტეტის დეკანისა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ.
2. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ერთობლივად მინიჭებულ დოქტორის აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირებისა, ადასტურებს ასევე პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ხელმძღვანელ(ებ)ის (უფლებამოსილი პირ(ებ)ის) მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული  დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ.
3. დიპლომის გაცემამდე უნივერსიტეტის მიერ შეიძლება გაიცეს ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ კურსდამთავრებულის მიერ ფინანსური ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე