1 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან კერძო და საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებიც უნივერსიტეტის სივრცეში მრავალფეროვან აქტივობებსა და სანახაობრივ პროგრამას დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს მუსიკალურ განწყობას შეუქმნიან ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვები, ხოლო საბალეტო სტუდია “ელეგანტის” პატარა ბალერინები მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრით წარდგებიან, ასევე, მოეწყობა 10 სხვადასხვა გამომცემლობის საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც პატარები და მათი მშობლები მრავალფეროვან საბავშვო ლიტერატურას გაეცნობიან და სასურველი წიგნების შეძენას შეძლებენ.
შემეცნებითი და შემოქმედებითი სივრცეების ფარგლებში სტუმრებს დახვდებათ კალიგრაფიის კუთხე, სადაც ბავშვები ლამაზად წერის ხელოვნებას გაეცნობიან, ასევე, ქიმიკოსების კუთხე, სადაც პატარებისთვის საინტერესო და სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები გაიმართება.
თსუ ბიბლიოთეკა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს წელსაც განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით აღნიშნავს; პატარებს დაუვიწყარ, მხიარულ და შთამბეჭდავ დღეს ჰპირდება.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, ანთიმოზ ივერიელის დარბაზში კი თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოეწყობა საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები თემაზე:- “ჩემი საყვარელი წიგნის ილუსტრაცია”.
ღონისძიება მიზნად ისახავს ბავშვებისთვის შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი გარემოს შექმნას.