6 ნოემბერს, 16:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსში გაიმართება წიგნი-ალბომის: „მედეა ღამბაშიძე პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის“ პრეზენტაცია. გამოცემა მიეძღვნა ქართული ემიგრაციის სახელოვან წარმომადგენელს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის) პირველი სტუდენტი გახლდათ. 1918 წელს პირველი სტუდენტური ბარათი, სწორედ მის სახელზე გაიცა. მედეა ღამბაშიძემ, მხოლოდ სამი სასწავლო კურსის გავლა შეძლო, ვინაიდან, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იძულებული იყო ოჯახთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. მან ემიგრაციაში უაღრესად საინტერესო ცხოვრება განვლო. მკითხველი გაეცნობა მედეა ღამბაშიძის ცხოვრებას, თსუ-ის 50 წლის საიუბილეოდ მომზადებულ სტატიას, ჩანაწერებს მისივე პირადი დღიურიდან, ასევე: საქორწინო მისალოც წერილებსა და დეპეშებს, პირველი ვაჟის, რეზიკოსადმი მიძღვნილ ემოციურ დღიურს, მეგობრების ჩანაწერებს, დის მიერ საგანგებოდ ნაჩუქარ წიგნაკში, 1921 წლის ქართველი ემიგრაციის შთამომავალთა მოგონებებს მედეას შესახებ, ასევე, ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით მომზადებულ „ქალთა მეხსიერების“ ზეპირი ისტორიების ციკლს. წიგნ-ალბომში ასახულია მხატვრული ნაწარმოები: „პირველი თოვლი“, რომელიც მედეას ქალიშვილის, ნათელა ნიკოლაძის მოსაზრებით, მის დედას ეკუთვნის. მკითხველი, ასევე გაეცნობა მნიშვნელოვან ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. მედეა ღამბაშიძე ემიგრაციაში 1975 წელს, საფრანგეთში გარდაიცვალა. წიგნი-ალბომი: „მედეა ღამბაშიძე პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი“ - საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გამოიცა.