ა/წ 19 ივლის 11:00 საათზე, თსუ ენების ცენტრის ინიციატივით, თსუ-ისა და ბრიტანეთის საბჭოს შორის დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება თანამშრომლობის შესახებ.
თანამშრომლობა მოიცავს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის უფასო ტრენინგის ჩატარებას, პროფესიული გადამზადების კუთხით.
ტრენინგი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ ინგლისური ენის მასწავლებლობას.
ონლაინ ტრენინგს ჩაატარებენ ბრიტანელი ექსპერტები, ხოლო ფასილიტაციას გაუწევენ ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები. ონლაინ ტრენინგ-კურსი შეიცავს როგორც დამოუკიდებლად გასაკეთებელ მოდულებს ისე ინტერაქციას კურსის ბრიტანელ მენტორთან, ადგილობრივ ფასილიტატორებთან და კურსის სხვა მონაწილეებთან ფორუმების, ლაივ სესიების და ვებინარების საშუალებით ერთმანეთისთვის სასწავლო გამოცდილების გაზიარების და გამოწვევების დაძლევაში დახმარების მიზნით.